logo_geo
13 რამ, რაც უბედურებას მოასწავებს
- +

17 აგვისტო. 2019. 00:22

 

 

ალბათ, გსმენიათ იმის შესახებ, რომ სარკის გატეხა ან თქვენ წინ შავი კატის გადარბენა უიღბლობის მომტანია, თუმცა დღეს სულ სხვა მინიშნებებზე მოგიყვებით!

 

  1. ბანანის გემზე ატანა

 

მეზღვაურები მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყვნენ ცრუმორწმუნეები. უხსოვარი დროიდან ბანანი უიღბლობასთან ასოცირდებოდა. მე-18 საუკუნეში კარიბის ზღვიდან ესპანეთისკენ მიმავალი ბანანით დატვირთული გემები გზაში იკარგებოდნენ და ამიტომაც დროთა განმავლობაში ამ ხილის გადატანა ცუდი ამბების სიმბოლოდ იქცა. ახლაც კი რეკომენდებული არ არის ბანანის გზად გაყოლება. გარდა ამისა, არ ღირს გემზე სტვენა - მიიჩნევა, რომ ასე ადამიანი ქარს იწვევს. და თუ ქარი გამოწვევას მიიღებს, შტორმი გარდაუვალი იქნება, რაც, მოგეხსენებათ, ძალიან სახიფათოა.

 

  1. დაბადების დღის წინასწარ მილოცვა

 

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, მიუღებლად მიიჩნევა დაბადების დღის წინასწარ აღნიშვნა ან მილოცვა. გერმანელები დარწმუნებულნი არიან, რომ ამას წარუმატებლობა მოაქვს ყველასთვის, ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობს. სამაგიეროდ გერმანელებს აქვთ ტრადიცია, სახელწოდებით „რაინფეიერნი“ - სტუმრები წინა საღამოს იკრიბებიან და მხოლოდ შუაღამის შემდეგ იწყებენ დაბადების დღის აღნიშვნას. ამ მომენტამდე მილოცვა მკაცრადაა აკრძალული.

 

 

  1. ლოგინის თეთრეულის პარასკევობით გამოცვლა

 

ზოგიერთის აზრით, პარასკევობით ლეიბის გადაბრუნება საშიშია - შეიძლება ამან მუდმივი კოშმარები გამოიწვიოს. არის სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ლოგინის თეთრეულის კვირაობით გამოცვლა არ შეიძლება. ასე რომ, ეცადეთ, კვირის სხვა დღეები შეარჩიოთ ამ საქმისთვის.

 

  1. გემისთვის სახელის შეცვლა

 

თუ ახლად შეძენილი იახტისთვის სახელის გადარქმევას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ დიდ შეცდომას უშვებთ. ლეგენდის მიხედვით, უძველესი დროიდან მეზღვაურები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პოსეიდონმა თითოეული გემის სახელწოდება იცოდა და სახელს შეცვლა ზღვის ღმერთს განარისხებდა. თუ გემის დასახელება საერთოდ არ მოგწონთ, მაშინ ეშმაკობას უნდა მიმართოთ - მოსპეთ ყველგან მისი კვალი. წარწერა უნდა გააქროთ ყველა კუთხე-კუნჭულში - სამაშველო ჟილეტებზე, რგოლებზე, ბორტზე. მიიჩნევა, რომ ამ შემთხვევაში პოსეიდონი ძველ სახელს დაივიწყებს. და თუ ახალი დასახელების დემონსტრირებას მანამ მოახდენთ, სანამ წინასგან განთავისუფლდებით, მაშინ საკუთარ თავს უბედურებისთვის გაწირავთ.

 

  1. როცა პარასკევი 13 რიცხვია

 

შეიძლება, 13 რიცხვის პარასკევს უიღბლობა მართლაც მოაქვს, მაგრამ შეიძლება ეს სტერეოტიპიც იყოს - სხვადასხვა ქვეყანაში ამის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. მაგალითად, ინგლისურენოვან ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ ეს დღე სახიფათოა. აი, ესპანელები კი 13 რიცხვის სამშაბათს უფრთხიან. მათთვის ეს დღე მარსთან - რომაული მითოლოგიის ომის ღმერთთან ასოცირდება. თუმცა ყველა კულტურა თანხმდება, რომ 13 საშიში რიცხვია. ეს ცრურწმენა თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

 

 

  1. სხვადასხვა სახეობის ლუდის არევა

 

ჩეხეთში, შეიძლება ითქვას, ლუდის კულტია. და გასაკვირი სულაც არაა, რომ ამ პროცესთან გარკვეული წესები და ცრურწმენებია დაკავშირებული. მაგალითად, თუკი კათხას, რომელშიც ლუდია ჩარჩენილი, სხვა სახეობის ლუდით შეავსებთ, შეიძლება უბედურება შეგემთხვათ. ბოკალი თუ კათხა ცარიელი უნდა იყოს!

 

 

  1. ყვითელი ნივთების ჩუქება

 

ეს კიდევ ერთი ესპანური ცრურწმენაა. ესპანელების აზრით, ის ადამიანები, რომლებიც საჩუქრად ყვითელ ნივთებს მიიღებენ, უბედურებისთვის არიან განწირულნი. ლეგენდის თანახმად, გოგირდისფერი ყვითელი შავ მაგიასთან ასოცირდება, თავგადაკლული ცრუმორწმუნეებისთვის კი - თავად ეშმაკთან. და თუ ამ ცრურწმენების გჯერათ, ეცადეთ, საერთოდ არ ჩაიცვათ ყვითელი ფერის სამოსი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრებაზე, ან გამოცდაზე, ან ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც იღბალი გჭირდებათ. ეს დაგეხმარებათ, შავი ძალებისგან თავი დაიცვათ.

 

 

  1. ბავშვისთვის კომპლიმენტების თქმა

 

თუ სერბეთში მოხვდებით, არავის უთხრათ, რომ მისი პატარა ლამაზი და საყვარელია - ეს ძალიან ცუდ ტონად მიიჩნევა. პირიქით, ამ ქვეყანაში სიამოვნებთ, როცა ეუბნებიან, რომ პატარა ულამაზოა. ფიქრობენ, რომ ეს ბავშვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სწორედ ასე იქცევიან ნაცნობები, როცა ახალგაზრდა მშობლებს ჩვილთან ერთად ხვდებიან - არანაირი ქება!

 

 

  1. თეატრში სიტყვა „მაკბეტის“ წარმოთქმა

 

გასაოცარია, რომ შექსპირის ეს უპოპულარესი პიესა წარუმატებლობასთან ასოცირდება. ლეგენდის თანახმად, დიდ ბრიტანეთში არშემდგარ პიესას სასწრაფოდ ხსნიდნენ რეპერტუარიდან და მის ნაცვლად „მაკბეტს“ წარმოადგენდნენ - ამით პუბლიკის ყურადღება გარანტირებული ჰქონდათ. სწორედ ამიტომაც თავად დასახელება „მაკბეტი“ ასოცირდებოდა პიესის ჩავარდნასთან. ახლაც კი ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ჯობს, საერთოდ არ ახსენო სიტყვა „მაკბეტი“, რათა ახალი პიესა წარმატებული იყოს.

 

 

  1. ჭამის დროს თევზის გადაბრუნება

 

თუ თქვენ ჩინეთში თევზს მიირთმევთ, გახსოვდეთ, რომ თევზის გადაბრუნება ცუდის ნიშანია. ეს პროცესი სანაოსნო საშუალებების კატასტროფას მოასწავებს. მეზღვაურები უიღბლობისთვის რომ არ გაწირონ, ჩინეთში თევზს ჩხირებით შეექცევიან, თანაც გადაბრუნების გარეშე. ამას კი გარკვეული უნარ-ჩვევები სჭირდება.

 

 

  1. ღვინისა და საზამთროს სინთეზი

 

არგენტინელების აზრით, თქვენ სერიოზულად რისკავთ, თუ ღვინოსა და საზამთროს ერთად მიირთმევთ. მეტიც, ყოვლად დაუშვებელია მათი გვერდიგვერდ მოხვედრაც კი, მით უმეტეს ერთ სუფრაზე. ამ ცრურწმენას სხვადასხვა ვარიაცია აქვს. მაგალითად, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ საზამთროს საერთოდ არ უხდება ალკოჰოლი, სხვები კი ფიქრობენ, რომ მხოლოდ შავ ღვინოს უნდა მოვერიდოთ. ამ ცრურწმენის საფუძველია ის, რომ თითქოს ამ ორი პროდუქტის ერთად მირთმევა სასიკვდილოა ან, მინიმუმ, მუცლის ტკივილს იწვევს. მოკლედ, ძნელი სათქმელია, მართლაც ასეა თუ არა.

 

 

  1. ცისარტყელასკენ თითის გაშვერა

 

ზოგიერთ კულტურაში, მაგალითად ინდოეთში, ძალიან ცუდის ნიშნად მიიჩნევა ცისარტყელას თითით ჩვენება. მათი აზრით, ეს ღმერთების განრისხებას იწვევს. წარსულში ადამიანები ცისარტყელას ღვთაებრივ მოვლენად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ ცის ამ საოცრებით შეიძლება ისიამოვნო, მაგრამ მისკენ თითის გაშვერა ყოვლად დაუშვებელია - ეს ღვთაებრივი ძალებისადმი უპატივცემულობის გამოხატვაა.

 

 

  1. ჩვილისთვის ფრჩხილების დაჭრა

 

არსებობს უძველესი ვალიური ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც, მშობელმა ჩვილს ფრჩხილები არ უნდა დააჭრას, სანამ ექვსი თვე არ შეუსრულდება. მიიჩნევა, რომ ბავშვი, რომელსაც ექვს თვემდე დააჭრიან ფრჩხილებს, ქურდი გამოვა. ისე, თანამედროვე მშობლები არც ისე ხშირად არღვევენ ამ წესს.

 

 

 

 

big_banner
არქივი