logo_geo
სისხლის ახალმა ტესტმა შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს
- +

22 აგვისტო. 2019. 22:18

 

 

მომავლის წინასწარმეტყველება არავის შეუძლია, მაგრამ თქვენს ვენებში მჩქეფარე სისხლი შეიძლება, გარკვეულ საიდუმლოებს ინახავდეს თქვენი ჯანმრთელობის მომავლის შესახებ.

 

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის სისხლში არსებული 14 ბიომარკერი, რომლებიც ბუნებრივი სიკვდილიანობის ყველა მიზეზთან არიან კავშირში. მათი საშუალებით, მეცნიერებმა შესაძლოა, პაციენტის სიკვდილის რისკი 5-10 წლით ადრე გამოავლინონ.

 

ნიდერლანდების ლაიდენის უინივერსიტეტის მოლეკულური ეპიდემიოლოგის, ელინ სლაგბუმის განცხადებით, თუკი სისხლის ამ ტესტით მოწყვლადი ხანდაზმული ადამიანების იდენტიფიცირებას შევძლებთ, შემდეგი ნაბიჯი ამ მოწყვლადობის აღმოფხვრა იქნება.

 

სიკვდილიანობის პროგნოზირება განსაკუთრებით მტკიცეა ხანდაზმულ პაციენტთა სიცოცხლის ბოლო წელს, რადგან პიროვნების შესახებ უკვე შეგროვებულია ბევრი კლინიკური მონაცემი, რაც აადვილებს მისი ჯანმრთელობის შეფასებას და პროგნოზების გაკეთებას.

 

თუმცა, გაცილებით რთულია პაციენტის შესახებ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება.

 

სლაგბუმის განმარტებით, არ არსებობს კონსენსუსი სიკვდილის რისკის 5-10 წლით ადრე პროგნოზირების შესახებ. მისი ჯგუფი იქვე შენიშნავს, რომ შუახნის ასაკში სიკვდილის ჩეულებრივი რისკ-ფაქტორები, მაგალითად სისხლის წნევა და ქოლესტერინი, სინამდვილეში რისკებთან არაა დაკავშირებული ხანდაზმულ ადამიანებში.

 

ამ სურათის შევსების მცდელობისას, ჯგუფმა შეისწავლა მოსახლეობის 12 სხვადასხვა კოჰორტის 44 168 ინდივიდის სისხლის ნიმუშები. მონაწილეების ასაკი 18-დან 109 წლამდე მერყეობდა და ყველა მათგანი ევროპული წარმოშობის იყო.

 

შემდგომი კვლევებისას გაირკვა, რომ ამ პაციენტთაგან 5512 დაიღუპა.

 

მონაცემები შეიცავდა პაციენტთა სისხლში 226 მეტაბოლური ბიომარკერის ანალიზს. მათი კვლევისას, მეცნიერებმა გამოავლინეს 14 ბიომარკერი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იყო სიკვდილთან კავშირში.

 

იმის გასარკვევად, თუ რამდენად კარგად მიუთითებდა ეს ბიომარკერები სიკვდილის ნამდვილი რისკის შესახებ, მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს 7600 ფინელი პაციენტის მონაცემებს, რომლებიც 1997 წელს იყო აღებული.

 

მათგან 1213 პაციენტი კვლევის შემდეგ იყო დაღუპული; 14 ბიომარკერი მათ სიკვდილს 5-10 წლით ადრე პროგნოზირებდა 83-პროცენტიანი სიზუსტით.

 

მკვლევართა განცხადებით, ჩვეულებრივ რისკ-ფაქტორებთან შედარებით, ეს ბიომარკერები ნათლად აუმჯობესებს სიკვდილის რისკის პროგნოზირებას 5-10 წლით ადრე, ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

 

თუკი შედეგები დადასტურდა, შეიძლება ის ჯანდაცვის სფეროს უმძლავრესი ხელსაწყო გახდეს მომავალში, მაგრამ ექსპერტთა განცხადებით, ჯერ კიდევ მრავალი კვლევაა ჩასატარებელი იქამდე, ვიდრე ამ სახის ტესტები ჩვეულებრივ კლინიკებში ჩატარდება.

 

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევაში ჩართული იყვნენ მხოლოდ ევროპული წარმოშობის მონაწილეები და არ არის გამორიცხული, სხვა შედეგები აჩვენოს სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებში.

 

მკვლევრები ასევე აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დაჭერილ ბიომარკერთა ოდენობა ადამიანის სისხლის მეტაბოლიტების მხოლოდ გარკვეული ნაწილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო მოწინავე სპექტრომეტრულმა სისტემები აუცილებლად შესაძლებელს გახდის უფრო ზუსტ პროგნოზირებას.

 

 

big_banner
არქივი