logo_geo
ის, რაც ხეებისა და კლიმატის ცვლილებაში მათი როლის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ
- +

28 აგვისტო. 2019. 01:40

 

 

ალბათ მრავალჯერ გსმენიათ არგუმენტი, რომ ნახშირბადის დონის მომატება ხელს უწყობს ხეების ზრდის აჩქარებას. გარკვეულწილად მართალია. თუმცა, არის ერთი ნამდვილად მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს.

 

მცენარეები, მათ შორის ხეები, სწრაფად იზრდებიან ე. წ. ნახშირბადის ფერტილიზაციის ეფექტის წყალობით, მაგრამ როგორც კვლევებმა აჩვენა, ეს ფენომენი შეიძლება, მხოლოდ დროებითი იყოს.

 

ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ნახშირბადის ფერტილიზაციის პოტენციური საზღვრები დაადგინა, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, როცა მცენარეები გარდამტეხ წერტილს უახლოვდებიან, ანუ როცა უკვე აღარ უნდა ველოდოთ, რომ CO2-ის მატება მცენარის ზრდას ააჩქარებს.

 

დედამიწის სისტემების მეცნიერის, რობ ჯეკსონის განცხადებით, გასული 30-40 წლის განმავლობაში, ტყეებმა და სახმელეთო სისტემებმა შთანთქეს წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ჰაერში გაფრქვეული გამონაბოლქვის მეოთხედზე მეტი. ამის დიდი წილი ნახშირორჟანგის ფერტილიზაციის ეფექტზე მოდიოდა.

 

მეცნიერებმა შეისწავლეს წარსულში ჩატარებული 138 სხვადასხვა ექსპერიმენტი, რომლებიც ფოკუსირებული იყო პატარა ზონაში ნახშირორჟანგის დონის მატებაზე. იკვლევდნენ ბალახს, ბუჩქებს, სახნავ-სათესებსა თუ ტყეებს.

 

ანალიზები მოიცავდა სტატისტიკურ მეთოდებს, მანქანურ დასწავლას, კომპიუტერულ მოდელირებასა და თანამგზავრულ მონაცემებს. მკვლევართა მიზანი იყო გაერკვიათ, რა ოდენობის ნიადაგის საკვებსა და კლიმატურ ფაქტორებს შეუძლია მოახდინოს გავლენა მცენარის უნარზე, რომ შთანთქოს ჭარბი ნახშირორჟანგი.

 

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მცენარეები ზრდისთვის მხოლოდ ნახშირორჟანგს როდი იყენებენ. მათ ასევე სჭირდებათ სხვა ფაქტორები და საკვანძო საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით ფოსფორი და აზოტი.

 

როგორც მეცნიერები კვლევაში განმარტავენ, CO2-ის ფერტილიზაციის ეფექტის სიძლიერე გლობალური მცენარეულობის 65 პროცენტში უპირველესად დამოკიდებულია აზოტზე, 25 პროცენტში კი ფოსფორზე.

 

მკვლევართა განცხადებით, მათმა მიდგომამ უჩვენა, რომ 2100 წლისთვის მოსალოდნელმა CO2-ის დონემ შეიძლება, მცენარეული ბიომასა ამჟამინდელთან შედარებით 12 პროცენტით გაზარდოს.

 

ეს კი გარკვეულწილად მართლაც კარგი ამბავია. ნახშირბადის შთანთქმის ასეთი შესაძლებლობა ნიშნავს იმას, რომ საუკუნის ბოლოსკენ ცოტათი უფრო მეტი დრო გვექნება ხეების ამ უნარის სათანადოდ გამოყენებისთვის.

 

უცნობია, შეინარჩუნებენ თუ არა ხეები ნახშირორჟანგის ასეთი შთანთქმის უნარს 2100 წლის შემდეგ.

 

ეს აღმოჩენა უფრო მეტ მიზეზს გვაძლევს, რომ გავუფრთხილდეთ ამჟამად არსებულ ტყეებსა და მცენარეულობას, რაც შეიძლება მალე დავრგოთ ხეები გაუდაბურებულ ადგილებში.

 

სტენფორდის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერის, სესარ ტერერის განცხადებით, ადამიანებმა უკვე გავჩეხეთ საკმაოდ დიდი ოდენობით ხელუხლებელი ტროპიკული ტყეები, რომლებიც პლანეტის ბიომასის უდიდეს რეზერვუარებს წარმოადგენს. ამით კი ჩვენ ვკარგავთ გლობალური დათბობის შესამცირებელ უმნიშვნელოვანეს ხელსაწყოს.

 

დღეისათვის, ატმოსფეროში ჭარბი ოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რაც ათბობს პლანეტას და ადნობს ყინულებს.

 

მცენარეები ჩვენს მაგივრად ყველაფერს ვერ გააკეთებენ. საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება და სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ხეები ზურგს მყარად გვიმაგრებენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხეები ვერ გადაგვარჩენს, სწორედ ახლა, მათ შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიონ კლიმატის ცვლილების სასტიკ ეფექტებთან ბრძოლაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი