logo_geo
ქალები კლასიკოსებად აღიარებულ მხატვრებს შორის
- +

8 სექტემბერი. 2019. 02:11

 

 

 

კითხვა “რატომ არიან მხატვარი ქალები ნაკლებად ცნობილები?” – აქტუალურობას არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ფერწერაში ბევრი ქალი მოღვაწეობდა (და მოღვაწეობს), ისინი ნაკლებად პოპულარულები არიან.

ჩვენ ვეცდებით გაგაცნოთ მხატვარი ქალები, რომლებმაც თავისი კვალი ისტორიაში ნამდვილად დატოვეს.

მაშ დავიწყოთ:

პლაუტილა ნელი (1524–1588)

Annunciazione

რენესანსის ეპოქის პირველი ცნობილი ფლორენციელი ქალი–მხატვარი წმინდა კატერინა სიენელის მონასტრის მონაზონი გახლდათ. სხვა მონაზონი მხატვრებისგან განსხვავებით, მისი ნამუშევრები მანუსკრიპტების ილუსტრირებით არ შემოიფარგლებოდა. ის რელიგიური თემატიკის დიდ ტილოებს ხატავდა. ფემინისტური ხელოვნების კრიტიკით გამსჭვალულმა ჯორჯო ვაზარიმ ერთხელ განაცხადა: “პლაუტილა ნელის, სხვა კაცებივით სწავლისა და ფერწერით დაკავების ფუფუნება რომ ჰქონოდა, საოცარ ნამუშევრებს შექმნიდა”.

კატერინა ვან ჰემესენი (1528 – დაახლოებით 1587)

კატერინა იან ვან ჰემესენის ქალიშვილი გახლდათ და ფერწერა მას მამამ ასწავლა. ძირითადად პორტრეტებს ხატავდა, თუმცა, არსებობს მის მიერ დახატული რელიგიური თემატიკის ტილოებიც. ჩრდილოეთ ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ადრეული ავტოპორტრეტიც მას ეკუთვნის. ვან ჰემესენი წარმატებული ქალიც იყო, ის წმინდა ლუკას გილდიის წევრი იყო და სამი მოწაფეც კი ჰყავდა. 1540 წელს კი კატერინა მარია ავსტრიელის სამეფო კარის მხატვარი გახდა. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მხატვარი ქალი პენსიას იღებდა, რომლის წყალობითაც ცხოვრების ბოლომდე კომფორტში იცხოვრა.

სოფონისბა ანგვისოლა (დაახლოებით 1532–1625)

სხვა პროფესიონალი მხატვრებისგან განსხვავებით სოფონისბა არისტოკრატული ოჯახიდან იყო. მან მრავალმხრივი განათლება მიიღო, მათ შორის ფერწერაშიც. სხვათა შორის, სოფონისბას პროფესიონალურ წინსვლას მამამ შეუწყო ხელი, რომელმაც ქალიშვილის მხარდაჭერა ავტორიტეტულ მხატვრებს, მათ შორის მიქელანჯელოს სთხოვა. გახდა რა ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი, იტალიაში დაბრუნებამდე მის გათხოვებაზე თავად მეფე ფილიპე მეორემ იზრუნა, მზითევით უზრუნველჰყო და სიცილიელ არისტოკრატს მიათხოვა. სოფონისბა პორტრეტებს ხატავდა, რადგანაც სხვადასხვა ფიგურების ხატვა არ შეეძლო, შიშველი ნატურის ხატვა ქალებს აკრძალული ჰქონდათ. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს შედგა.

არტემიზია ჯენტილესკი (1593– დაახლოებით 1653)

ეს მხატვარი XVII საუკუნის ქალთა უფლებების უდიდესი დამცველია. ის პირველი ქალი მხატვარი იყო, რომელიც ევროპის ნატიფი ხელოვნების აკადემიის წევრი გახდა. მისი ყველაზე ცნობადი ნამუშევარი “ივდითი და ჰოლოფერნესის თავი” გახლავთ. მისი ცხოვრების შესახებ რამდენიმე წიგნია დაწერილი, ხოლო 1997 წელს ფრანგმა რეჟისორმა ანიეს მერლემ მის ბიოგრაფიული მონაცემებზე დაყრდნობით ფილმი გადაიღო.

მარიეტა რობუსტი (დაახლოებით 1560–1590)

ტინტორეტოს სახელით ცნობილი იაკოპო რობუსტის უფროსი ქალიშვილი მამის სახელოსნოში მოღვაწეობდა. კარლო რიდოლფი წერს, რომ გოგონა ხშირად ბიჭივით იცმევდა, რათა მამასთან ერთად ყველგან წასვლა შეძლებოდა. მარიეტას მიერ დახატულ “მოხუცი კაცის პორტრეტს ბიჭთან ერთად” შეცდომით ტინტორეტოს მიაწერდნენ, სანამ 1920 წელს ტილოზე მარიეტას მონოგრამა არ აღმოაჩინეს. მხატვარი ქალი ორჯერ მიიწვიეს სამფეო კარზე – ფილიპე მეორემ და მაქსიმილიანე მეორემ, თუმცა ორივე შემთხვევაში ქალიშვილი მამამ არ გაუშვა. ის ვენეციელ იუველირს, იაკოპო აუგუსტს გაჰყვა ცოლად და 30 წლის ასაკში, სავარაუდოდ, მშობიარობის დროს გარდაიცვალა.

იუდით ლეისტერი (1609–1660)

საიდუმლოდ რჩება ის, თუ როგორ გახდა მელუდის ქალიშვილი მხატვარი, თუმცა, 1633 წელს ის წმინდა ლუკას სახელობის გილდიის წევრი გახდა და პირველი მხატვარი ქალი იყო, რომელსაც საკუთარი სახელოსნო ჰქონდა და მამრობითი სქესის მოსწავლეები ჰყავდა. გათხოვების შემდეგ იუდითმა ხატვა შეწყვიტა, რის გამოც მისი სახელი დაიკარგა. მისი ნამუშევარი “მხიარული წყვილი” 1893 წელს ფრანს ჰალსის ავტორობით იყო ცნობილი და ის ლუვრმა იყიდა.

მერი ბილი (1633–1699)

მერი ბილი ინგლისის პირველ პროფესიონალ ქალ–მხატვრად ითვლება. აღსანიშნავია, რომ მისი ნამუშევრების გაყიდვით შემოსული თანხა ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო იყო. მეუღლე მას სახელოსნოში ეხმარებოდა. ის ინგლისის საუკეთესო პორტრეტისტად იყო აღიარებული.

მარი ელიზაბეთ ლუიზა ვიჟე–ლებრონი (1755–1842)

ფრანგი პორტრეტისტი ქალი იმდენად პოპულარული იყო, რომ მხატვრობიდან შემოსული თანხით ის დაქვრივებულ დედას და უმცროს ძმას არჩენდა. ვიჟე–ლებრონი მუდამ მდიდრულად ჩაცმულს გამოსახავდა დამკვეთებს, ამიტომ არიტოკრატებს შორს სახელი სწრაფად გაითქვა. 1779 წელს მარიმ ახალგაზრდა მარია ანტუანეტას პორტრეტი დახატა. რევოლუციის წლებში მხატვარი იძულებული გახდა საფრანგეთი დაეტოვებინა, რის შემდეგაც ის 6 წელი რუსეთში ცხოვრობდა.

მარი–დენიზ ვილერი (1774–1821)

მარი–დენიზ ვილერის ბიოგრაფია სამწუხაროდ არაა ცნობილი, ხოლო მისი ნამუშევრები პრაქტიკულად დაკარგულია. ცნობილია, რომ ვილერი სალონებში იღებდა მონაწილეობას და ერთხელ 1500 ფრანკი ჯილდოც კი გადაეცა.

როზა ბონერი (1822-1899)

როზა XIX საუკუნის მხატვარ–ანიმალისტებს შორის ყველაზე წარმატებული მხატვარი ქალი იყო. მამამისი ხატვის მასწავლებელი იყო და ის ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. “რატომ არ უნდა ვამაყობდე, რომ ქალი ვარ? მამაჩემი ჰუმანიზმის მომხრე იყო და მუდამ მეუბნებოდა, რომ ქალის როლი კაცობრიობის აღზევებაა, რომ ქალი მომავლის მესიაა,” – ამბობდა როზა. ის არ გათხოვილა, მუდამ დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვოდა, ატარებდა შარვალს და ცხოვრობდა ქალებთან ერთად, თუმცა თავს ლესბოსელს არასდროს უწოდებდა. საერთაშორისო აღიარება მან 1853 წლის სალონში მონაწილეობისას მოიპოვა. ის პირველი მხატვარი ქალია, რომელმაც საფრანგეთში საპატიო ლეგიონის ორდენი მიიღო. ასევე მას გადაეცა
ათოლიკე იზაბელას სამეფო ორდენი და ლეოპოლდ ბელგიელის ორდენი.

მარიანა ნორტი (1830–1890)

მოგზაურმა და ილუსტრატორმა მარიანამ სამხატვრო განათლება ვერ მიიღო. მამის გარდაცვალების შემდეგ ქალმა სოლიდური მემკვიდრეობა მიიღო, ამიტომ არ გათხოვდა და თავი მოგზაურობას მიუძღვნა. 1871-1885 წლებში ნორტი მოგზაურობდა და მცენარეებს ხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ ილუსტრატორული ჟანრი გრაფიკას გულისხმობს, მარიანა ყველაფერს ზეთის საღებავებით ხატავდა. მისი ნამუშევრები მეცნიერებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა, რადგანაც ნორტი დეტალურად ხატავდა ყველა მცენარეს.

ჰარიეტ პაუერსი (1837–1911)

პაუერსი შტატ ჯორჯიაში, მონების ოჯახში დაიბადა. ის ამერიკულ ტექნიკას და აღმოსავლეთ აფრიკულ აპლიკაციას აერთიანებდა, რისი წყალობითაც უნიკალურ ტილოებს კერავდა. მისი სულ ორი რელიგიური თემატიკის ნამუშევარია შემორჩენილი. მონობის გაუქმების შემდეგ ჰარიეტს და მის მეუღლეს მცირე ფერმა ჰქონდათ, თუმცა მატერიალური მდგომარეობა სულ უფრო უარსებოდა. საბოლოო ჯამში, ჰარიეტის მეუღლემ ჯერ ფერმა გაყიდა, ხოლო შემდეგ ოჯახი მიატოვა.

მერი კასატი (1844–1926)

მერი კასატი ერთ–ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც იმპრესიონიზმს მიემხრო. მიუხედავად ჟან ლეონ ჟერომთან მიღებული აკადემიური განათლებისა, კასატი ედგარ დეგას შემოთავაზებას დათანხმდა და დამოუკიდებელ მხატვართა ჯგუფს შეუერთდა. გარდა ამისა, მერი არტ–კონსულტანტის როლსაც ითავსებდა.

ელზა ფონ ფრეიტაგ–ლორინგჰოვენი (1874–1927)

ელზა გერმანიაში, მშენებელისა და პოლიტიკოსის ოჯახში დაიბადა. მამამისი დედამისს ხშირად სცემდა. როგორც ელზა ამბობდა: “დედამ ანდერძად ბრძოლა დამიტოვა”. ის სამჯერ იყო გათხოვილი, თუმცა არც ერთხელ არ გაუმართლა. მისი მესამე ქმარი, ლეოპოლდ კარლ ფრინდრიხ ბარონ ფონ ფრეიტაგ–ლორინგჰოვენი გაიპარა და ელზას ფულიც თან გაიყოლა. მთელი ცხოვრება ქალმა დადაიზმს მიუძღვნა: წერდა ლექსებს, აწყობდა პერფორმანსევს, ქმნიდა სკულპტურებს და კოლაჟებს.

ჯორჯია ო’კიფი (1887-1986)

ფოტოგრაფი და გალერისტი ალფრედ სტიგლიცი, რომელიც ასევე ო’კიფის მეუღლე გახლდათ, ჯორჯიას ამერიკული მოდერნიზმის პირველ ქალს უწოდებდა. მისივე აზრით, მეუღლის მიერ შექმნილი ყვავილების, ცხოველების ძვლებისა და უდაბნოს პეიზაჟების გამოსახულებები ამერიკული კულტურის ნაწილი იყო. მიუხედავად ნამუშევრების ნეიტრალური შინაარსისა, კრიტიკოსები მათში სექსუალურ მოტივებს ხედავდნენ. მათი განცხადებით, ზოგიერთი ყვავილის ფრაგმენტი “სულ სხვა რამის” სიმბოლო იყო.

ლუიზა ბურჟუა (1911–2011)

მიუხედავად ჯექსონ პოლოკთან, უილემ დე კუნინგთან და მარკ როტკოსთან მეგობრობისა, ლუიზასთან პოპულარობა ხანდაზმულ ასაკში მოვიდა. 1970–იანი წლების დასაწყისში ბურჟუას ნამუშევრები, ფემინისტური ხელოვნების მიმართ ინტერესის ზრდის გამო, ცნობადი გახდა. ლუიზა მუდამ ამბობდა: “მხატვარ ქალს არ მისცემენ მშვიდად მუშაობის საშუალებას, თუ ის მუდამ არ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ხელოვნების სამყაროში არსებობის უფლება აქვს”. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი სკულპტურა “ობობაა”.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი