logo_geo
სუზან ვალადონი – მონმარტრის ლეგენდა
- +

23 სექტემბერი. 2019. 22:53

 

 

1865 წლის 23 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ ბესინ–სიურ–გარტამპში მარი–კლემენტინ ვალადი დაიბადა. ის სამჯერ შევიდა ხელოვნების ისტორიაში – როგორც მოდელი, როგორც მხატვარი და როგორც მუზა.

 

1870 წელს, 5 წლის ასაკში გოგონა დედასთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. დედა მრეცხავი იყო, მამას ის არასოდეს იცნობდა. 11 წლის ასაკიდან მას მძიმე შრომა უწევდა: უვლიდა ბავშვებს, ყიდდა სასმელს ბისტროში, ბაზრობაზე მწვანილით ვაჭრობდა. 15 წლისამ სამოყვარულო ცირკში დაიწყო მუშაობა და აკრობატი გახდა. თუმცა, ტრაპეციიდან გადმოვარდნის შემდეგ მან აკრობატის კარიერა ვეღარ გააგრძელა.

 

პარიზელ მხატვრებთან ნაცნობობაში მას დედის პროფესია დაეხმარა. მონმარტრზე გახსნილ სამრეცხაოში გარეცხილ სარეცხს, მარი მომხმარებელს სახლში აწვდიდა. ერთ–ერთი კლიენტი ცნობილი მხატვარი პიერ პიუვის დე შავანი აღმოჩნდა. მას გოგონა იმდენად მოეწონა, რომ პოზირება სთხოვა. მის ნამუშევარში “წმინდა კორომი” თითქმის ყველა ფიგურას მარის სახე აქვს.

 

მოგვიანებით გოგონამ პოზირება სხვა მხატვრებისთვისაც დაიწყო. მათ შორის იყვნენ ფრედერიკო ძანდომენეგი, ოგუსტ რენუარი, ედგარ დეგა, ანდრი ტულუზ–ლოტრეკი.

პიერ ოგიუსტ რენუარი. სუზან ვალადონის პორტრეტი

 

 

1883 წელს მარი–კლემენტინას ვაჟი შეეძინა. ბავშვის მამის ვინაობა უცნობია, თუმცა ამბობდნენ, რომ ეს შეიძლებოდა ნებისმიერი მხატვარი ყოფილიყო, ვისთანაც მარის უმუშავია. იმავე წელს მარი პოზირებდა რენუარის ნახატების სერიისთვის.

 

ტულუზ–ლოტრეკის ბიოგრაფი ა.პერიუშო წერდა: “ლოტრეკის პორტრეტებში მარის მკაფიო, მკაცრი სახის ნაკვთები აქვს, თითქოს 30 წელს უკვე გადააბიჯა. მას სევდიანი სახე, პირქუში გამოხედვა აქვს. მარის მოსწონდა სიყვარული. ის ტულუზ–ლოტრეკის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებდა. ლოტრეკი თავისი მახინჯი გარეგნობით, ვნებიანი ბუნებით იზიდავდა მას. ის ლოტრეკის საყვრელი გხდა. თითქოს ერთმანეთისთის იყვნენ შექმნილები.”

ანდრე დე ტულუზ–ლოტრეკი. სუზან ვალადონის პორტრეტი

 

 

სწორედ ტულუზ–ლოტრეკის რჩევით აიღო მარი–კლემენტინამ ფსევდონიმი სუზანა ვალადონი, რომლითაც ის მსოფლიომ გაიცნო. არავინ იცოდა როდის ცრუობდა და როდის ამბობდა ის სიმართლეს, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ ხატვა იტაცებდა. ტულუზ–ლოტრეკმა ერთხელ შემთხვევით ნახა მისი ნამუშევრები და მისი ნიჭით გაკვირვებული დარჩა. აღმოჩნდა, რომ გოგონა, რომელიც ნატურად მუშაობდა ჩუმად აკვირდებოდა გენიალურ მხატვრებს, ხოლო სახლში ჩუმად მუშაობდა საკუთარ ნამუშევრებზე.


პიერ ოგიუსტ რენუარი

 

1890 წელს სუზანამ ნამუშევრები ედგარ დეგას აჩვენა, რომელმაც უმალვე იყვირა “თქვენ ჩვენიანი ხართ!”

ედგარ დეგა

 

 

თავის ნამუშევრებს ვალადონი ბევრად სერიოზულად ეპყრობოდა ვიდრე მამაკაცებს. თითო ტილოს 10 წელზე მეტ ხანს ხატავდა. 1894 წელს სუზანა გახდა პირველი ქალი, რომელიც ნატიფი ხელოვნების ეროვნულ საზოგადოებაში მიიღეს. ის ბევრ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა მისი პირველი პერსონალური ექსპოზიცია მხოლოდ 1911 წელს შედგა.

სუზან ვალადონი

 

 

ვალადონის ყველაზე ადრეული შემორჩენილი ნამუშევრები “ავტოპორტრეტი” და “დედის პორტრეტი” 1883 წლით თარიღდება. მისი მემკვიდრეობა საკმაოდ მარავლფეროვანია –475 ტილო, 275 ნახატი და 31 ოფორტი.

სუზან ვალადონი

 

 

თანამედროვეებს აღაფრთოვანებდნენ სუზანას “შიშველი” გამოსახულებები. მის ტილოებში არ იყო სილამაზე, იდეალიზაცია, პოეტურობა.

 

“ნუ მომიყვანთ ქალებს, რომლებიც ელიან, რომ მე მათ მიმზიდველებად ან ლამაზად დავხატავ, მე მათ იმედებს გავუცრუვებ”, – ამბობდა ვალადონი.

“წყეული სამეული”

 

1896 წელს სუზანა მდიდარ საბირჟო მაკლერს გაჰყვა ცოლად. სოლიდურმა ქორწინებამ საშუალება მისცა ქალს თავი ხელოვნებისთვის სრულად მიეძღვნა. თუმცა, 1909 წელს 44 წლის ვალადონს მეგობრის 23 წლის ვაჟი, დამწყები მხატვარი ანდრე უტერი მოეწონა. 1914 წელს მან მაკლერი მიატოვა და უტერს ცოლად გაჰყვა. სუზანა, უტერი და მორის უტრილო (ვალადონის ვაჟი) ერთად ცხოვრობდნენ, პარიზის საზოგადოებამ კი მათ “La trinité maudite ” (წყეული სამეული) უწოდა.

ამადეო მოდილიანი, სუზან ვალადონის პორტრეტი

 

 

ომის შემდგომ წლებში სუზანა ამადეო მოდილიანის დაუმეგობრდა. ამადეომ ვალადონი დახატა და ამტკიცებდა, რომ “ის ერთადერთი ქალია, რომელსაც მისი ესმის”.

 

სუზანა ვალადონი 1938 წელს გარდაიცვალა, ბოლო გზაზე ის ანდრე დერენმა, პაბლო პიკასომ და ჟორჟ ბრაკმა გააცილეს.

 

“წყეული სამეულის” სახლში დღეს მონმარტრის მუზეუმია განლაგებული. სუზან ვალადონის სახელს პარიზში პატარა მოედანი და ციური სხეული – ასტეროიდი 6937 Valadon ატარებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
 
 
 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი