logo_geo
ელზა სკიაპარელი - კოკო შანელის მეტოქის ისტორია
- +

24 სექტემბერი. 2019. 14:27

 

1890 წლის 10 სექტემბერს იტალიელი არისტოკრატების ოჯახში ელზა სკიაპარელი დაიბადა. დღეს მისი სახელი შესაძლოა არაფერზე მიგანიშნებდეთ, მაგრამ მეოცე საუკუნის 1930–50–იან წლებში ზუსტად ის გახლდათ მოდის ტენდენციების ფუძემდებელი.

 

ბავშვობა

 

 

ელზას მშობლები მდიდარი არისტოკრატები იყვნენ. მათი წყალობით გოგონამ კარგი განათლება მიიღო, ის სწავლობდა უცხო ენებს, ისტორიას, აღმოსავლეთის კულტურას. ელზა სილამაზით არ გამოირჩეოდა, თუმცა მისი ექსცენტრიულობა მუდამ იქცევდა ყურადღებას. მაგალითად, ერთხელ მან გადაწყვიტა, ყვავილები საკუთარ სახეზე დაეთესა. ამიტომ თესლები სახეზე დაიყარა, რის გამოც კინაღამ დაიხრჩო. შემდეგ ბიბლიური ისტორიებით შთაგონებულმა გადაწყვიტა წყალზე გაევლო. ლეონარდო და ვინჩის პერსონის შესწავლის შემდეგ კი, ქოლგით პარაშუტის გაკეთება გადაწყვიტა და აივნიდან გადახტა. ამ ყველაფრით განაწყენებულმა მშობლებმა ელზა შვეიცარიაში, დახურულ კათოლიკურ სკოლა–პანსიონში გაუშვეს. თუმცა, არც აქ აღმოჩნდა გოგონას ადგილი. მას უხამსი შინაარსის ლექსები აღმოაჩნდა, რომელთა ავტორიც თავად იყო. 14 წლის ელზა პანსიონატიდან გარიცხეს და მან თავისი ლექსების კრებული გამოსცა. მშობლებთან შერიგება ვერ მოახერხა, ამიტომ სახლიდან გაიპარა, რათა ემოგზაურა და ესწავლა.

 

ქორწინება

 

 

რომში დაბრუნების შემდეგ ერთ–ერთ ლექციაზე მან ცნობილი თეოსოფი და ოკულტისტი, გრაფი უილიამ დე ვენდტ დე კერლორი გაიცნო. დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მეორე დღესვე გაჟღერდა. სამწუხაროდ, გრაფს კარგი მხოლოდ გვარის გენეალოგია ჰქონდა. ის ცოლს ღალატობდა და მის მზითევს ანიავებდა. ელზას და უილიამს გოგონა შეეძინათ, რომელიც ცერებრალური დამბლითთ იყო დაავადებული. 1919 წელს გრაფი და მისი მეუღლე საცხოვრებლად ნიუ–იორკში გადავიდნენ. იქ უილიამმა რომანი აისედორა დუნკანთან გააბა, რის შედეგადაც ცოლ–შვილი მიატოვა.

 

მოდის სამყარო

 

 

აშშ–ში ელზა გაბრიელ პიკაბიას დაუმეგობრდა, რომელსაც ნიუ-იორკში მოდის სალონი ჰქონდა გახსნილი. ამგვარად სკიაპარელიმ მოდის სამყაროში შეაბიჯა. 1922 წელს მეგობართან ერთად ის პარიზში დაბრუნდა და პიკაბიას მაღაზიაში მუშაობას განაგრძობდა. სტატუსის განსამტკიცებლად, მან დაიწყო იმგვარი ნივთების შექმნა, რომელსაც, მისი აზრით, არავინ იყიდდა. ის ცდილობდა სიურრეალისტური იდეებისა და კოსტიუმის გაერთიანებას. თავიდან ელზას შექმნილი ყველა დეტალი ექსკლუზიური იყო, არ იყიდებოდა, იქმნებოდა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის და ის მას საჩუქრად იღებდა. ბურჟუაზიულ საზოგადოებას ეს აზრი მოეწონა და სულ მალე ამ „გიჟური ტანსაცმლის“ საყიდლად ელზას ფულს სთავაზობდნენ. პარიზში ელზა სკიაპარელიმ ასევე ცნობილი კუტურიე, პოლ პუარე გაიცნო. პუარეს გავლენით მან სხვადასხვა ფერები შეიტანა თავის კოსტიუმებში.

 

შავი სვიტერი თეთრი ბანტით

 

 

ერთხელ ელზას მეგობარი სტუმრობდა, რომელსაც ეცვა სადა შავი სვიტერი ამოქარგული თეთრი ბანტით. ელზამ გაიგო, რომ ამგვარ სვიტერებს ქალაქგარეთ მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ქალი ქსოვდა. ელზამ ქალს ნახაზი სთხოვდა და მხოლოდ ამ სვიტერის გამო ისწავლა ქსოვა. სულ მალე მას უამრავი სვიტერი დაუკვეთეს. დაკვეთებიდან შემოსული თანხით კი ელზამ პატარა ატელიე გახსნა. შემდეგ სვიტერები უკვე აღმოსავლური და აფრიკული ორნამენტებით, აბსტრაქციებით იყო გაფორმებული. მისი მცირე ატელიე სწრაფად გახდა სალონი, ხოლო 1928 წელს პარიზში გაიხსნა მაღაზია „Sciaparelli – Pour le Sport“ (ყველაფერი სპორტისთვის). სკიაპარელის მიერ შექმნილ გოლფის, ჩოგბურთის და საჯირითო კოსტიუმებს თავისუფლად იცვამდნენ საუზმის, წვეულების თუ სტუმრად ყოფნის დროს. დიდი დეპრესიის დროს ეს ეკონომიის კარგი საშუალებაც იყო.

 

 

1934 წელს სკიაპარელი მსოფლიოში პირველ ბუტიკს ხსნის. ამ მაღაზიაში მხოლოდ საავტორო კოლექცია იყიდება. ბუტიკს ტანსაცმელთან ერთად ბიჟუტერიის დიდი არჩევანიც ჰქონდა. ნამდვილი ძვისფასეულობის ნაცვლად ბიჟუტერიის გამოყენებაც სხვა მოდელიერებში ღიმილს იწვევდა, მაგრამ მომხმარებლებს ეს აზრი ძალიან მოეწონათ.

 

 

ლონდონში მაღაზიის გახსნის შემდეგ ელზას თაყვანისმცემლების რიცხვიც გაიზარდა. მის მუდმივ მომხმარებლებს შორის იყვნენ გრეტა გარბო, მეი უესტი და მარლენ დიტრიხი. 1936 წელს კი ელზას საფირმო ფერი „Shocking pink“ გახდა. ჰოლივუდმა მას ფილმებისთვის კოსტიუმების შესაქმნელად კონტრაქტი გაუფორმა. ამგვარი კონტრაქტი საოცნებო კინოსტუდიას უკვე ჰქონდა... კოკო შანელთან, თუმცა ის გაუქმდა. „მისი კაბები ეკრანზე ცუდად გამოიყურება“, – ამბობდნენ ჰოლივუდში.

 

 

მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ მოდის სამყაროში ნამდვილი ორთაბრძოლა დაიწყო. კოკო შანელი ქალებს პატარა შავ კაბას სთავაზობდა, ხოლო სკიაპარელი ფერებითა და აქსესუარებით თამაშობდა. ელზას შეეძლო შეეხამებინა მეწამული, წითელი და წენგოსფერი ტონები, ის ქალებს საღამოს კაბებთან ერთად წითელ წინდებს სთავაზობდა.

 

ელზა და სიურრეალისტები

 

 

ელზა სკიაპარელი მეგობრობდა ბევრ მხატვართან და ხშირად იყენებდა სიურრეალისტურ დეტალებს. მაგალითად, კაბების მოხატულობას ჟან ჰიუგო და სალვადორ დალი ქმნიდნენ. ზუსტად დალისთან ერთად შექმნა ელზამ ტუჩების ფორმის ტახტი.

 

 

ომის დროს სკიაპარელიმ შექმნა ტანსაცმელი საომარი პირობებისთვის: კომპლექტი თავშესაფრებისთვის, კომბინეზონი დაბომბვის შემდეგ სეირნობისთვის, დაბომბილ ქუჩებში გასასვლელი კოსტიუმი და ა.შ. შანელი ამ ყველაფერს ვულგარულობას უწოდებდა, ხოლო ელზა კოკოს მისამართით ბილწსიტყვაობდა.

 

დიდი შერიგება

 

 

მეტოქეები კრისტიან დიორმა „შეარიგა“. მის მიერ შექმნილმა „ახალმა სილუეტმა“ ორივე ქალბატონი დაჩრდილა, რის გამოც მათი მოდის სახლები გაიყიდა. ელზამ ელეგანტურად წასვლა მოახერხა. მეორეჯერ გათხოვდა, ორი ქალიშვილი შეეძინა და საცხოვრებლად ტუნისში გადავიდა. მოგვიანებით მან მემუარები გამოსცა.

 

ელზა სკიაპარელი 82 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი