logo_geo
გლობალური დათბობის გამო, ალპების ერთ-ერთი მყინვარი შეიძლება ნებისმიერ წუთში ჩამოინგრეს
- +

27 სექტემბერი. 2019. 19:27

 

 

გლობალური დათბობის გამო, იტალიის ალპებში ერთ-ერთი მყინვარი კოლაფსის წინაშეა. ამის გამო, სახელმწიფომ უკვე შემოიღო სპეციალური ზომები — დახურა გზები, შეზღუდა მოგზაურობა და მოახდინა სიახლოვეს არსებულ დასახლებათა ევაკუაცია.

 

მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ პლანპინსიეს მყინვარის მოცურების სიჩქარე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს მყინვარი განთავსებულია გრანდ-ჟორასის მწვერვალზე, იტალიის მხარეს. თავად ეს მთა კი მიეკუთვნება მონბლანის მასივს, რომელიც იტალიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიებზე ვრცელდება.

 

როგორც კვლევებმა აჩვენა, მყინვარის ქვედა ნაწილი დღეში 48-58 სანტიმეტრით გადაადგილდება, რის გამოც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის გზებსა და მიმდებარე ზონების დასახლებებს.

 

მკვლევართა განცხადებით, ამ მყინვარის კატასტროფის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, რის გამოც, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ამ კვირაში კიდევ ერთხელ შემოჰკრა განგაშის ზარს.

 

ახლომდებარე პატარა ქალაქის, კურმაიორის მერის, სტეფანო მისეროჩის განცხადებით, ეს ფენომენი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად ძლიერი ცვლილებების ფაზაში იმყოფება ეს მთა კლიმატური ფაქტორების გამო.

 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მერის განცხადებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტიც.

 

„მონბლანის მყინვარები კოლაფსის წინაშეა. ეს უკვე განგაშია, რომელსაც გულგრილნი ვერ შევხვდებით. ეს ყველას გვეხება და გვმართებს მობილიზება“, — განაცხადა კონტიმ.

 

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პირველივე დღეს კლიმატის კატასტროფა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მომდევნო დღეს, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ავბედითი მოხსენება, რომელიც უკვე მიმდინარე გლობალურ ეფექტებს ეხება.

 

„მყინვარები, ყინული და მრავალწლოვანი მზრალობა სუსტდება და შეჩერებას არც აპირებს. ადამიანებისათვის იზრდება საფრთხეების რისკები, მაგალითად, მეწყერები, ზვავები, ქანების ჩამოქცევა და წყალდიდობები“, — წერია მოხსენებაში.

 

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, პატარა მყინვარები ევროპაში, აღმოსავლეთ აფრიკაში, ტროპიკულ ანდებსა და ინდონეზიაში, მოსალოდნელია, რომ 2100 წლისთვის თავიანთ მასის 80 პროცენტს დაკარგავენ.

 

ალპების მყინვარები რეგიონს სასიცოცხლოდ აუცილებელი წყლითა და ჰიდროელექტრო რესურსებით ამარაგებს, გადამწყვეტ როლს თამაშობს ტურიზმშიც.

 

აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვიწრო გლობალური დათბობის სცენარით, საუკუნის ბოლოსთვის ისინი მოცულობის ორ-მესამედს დაკარგავენ.

 

უფრო ძლიერი გლობალური დათბობის მოდელის მიხედვით კი, შვეიცარიელი მკვლევრები პროგნოზირებენ, რომ ალპების მყინვარები 2100 წლისთვის თითქმის მთლიანად გაუჩინარდება.

 

ამასობაში კი დნობის პროცესი გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო სამუდამოდ დაემშვიდობა შვეიცარიის მყინვარ პიზოლს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი