logo_geo
შავი ჭირის წინაპარი გენომი შუა საუკუნეებში ევროპაში რუსეთიდან გავრცელდა - ახალი კვლევა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 17:48

 

„შავი სიკვდილი“ მხოლოდ დასაწყისი იყო. შავი ჭირის ადრეულმა ტალღამ უთვალავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მოსპო ევროპის მოსახლეობის თითქმის 60 პროცენტი. თუმცა, ამ დაავადების მომაკვდინებელი ბაქტერიის წარმოშობა გაურკვეველია.

 

მე-14 საუკუნის შუა წლებში „შავი სიკვდილის“ ტალღა დასრულდა, მაგრამ შავი ჭირის ბაცილის (Yersinia pestis) შეჩერებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რჩებოდა; იგი მომდევნო 500 წლის განმავლობაშიც სპობდა ადამიანების სიცოცხლეს. ეპიდემიის ეს ულმობელი საგა, რომელსაც შავი ჭირის მეორე პანდემიას უწოდებენ, მე-19 საუკუნემდე გაგრძელდა. საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ეს მომაკვდინებელი დაავადება?

 

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღადგინა 10 სხვადასხვა ქვეყანაში შავი ჭირისგან დაღუპული 34 ინდივიდის კბილებიდან აღებული შავი ჭირის ბაცილის (Yersinia pestis) გენომი; ამით შეიქმნა XIV-XVIII საუკუნეებში მძვინვარე შავი ჭირის ერთგვარი გენეტიკური ოჯახური ხე.

 

ოჯახური ხის შესაქმნელად გამოიყენეს იმ ადამიანთა ნაშთები, რომლებიც ბაქტერიით დაინფიცირდნენ ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. გამოვლინდა Y. Pestis ბაცილის გენეალოგიის მრავალფეროვნება დროთა განმავლობაში, გენეტიკურად განსხვავებულ ჯგუფებში. გაირკვა, რომ ყველა ამ ჯგუფს ერთი საწყისი წერტილი ჰქონდა.

 

მაქს პლანკის ადამიანის ისტორიის მეცნიერების ინსტიტუტის არქეოგენეტიკოს მარია სპირუს განცხადებით, მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ევროპაში Y. Pestis ვირუსი ერთხელ შევიდა, აღმოსავლეთიდან. ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაირკვა, რომ ერთი შტამი უფრო გვიან დაწყებული, მეორე პანდემიის შტამების წინაპარი იყო.

 

მკვლევართა თქმით, დაავადების წინამორბედები რუსეთიდან მოვიდა, კონკრეტულად კი ვოლგის ისტორიული რეგიონის ქალაქ ლაიშევოდან. ამ დასკვნამდე ისინი ნიმუშ LAI009-ში არსებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მივიდნენ.

 

როგორც კვლევაში წერია, ფილოგენეტიკურმა რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ LAI009 შტამი ლაიშევოდან არის სამხრეთ, ცენტრალურ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელებული „შავი სიკვდილის“ შტამების წინაპარი; გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სწორედ ის არის წინაპარი ქალაქ ლონდონისა და ბოლგარის გვიანდელი მე-14 საუკუნის შტამებისა.

 

მკვლევართა დასკვნით, LAI009 არის ევროპის მეორე პანდემიის საწყისი ტალღის შტამის წინაპარი ფორმა.

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ რეკონსტრუქციებში დასკვნები მომდინარეობს მხოლოდ აღმოჩენილი და შესწავლილი ჩონჩხების ნარჩენებიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მკვლევრებმა კარგად იციან, რომ სრულიად შესაძლებელია, ამ ეპიდემიას, სულ მცირე ისტორიის ამ მონაკვეთში მაინც, უფრო ადრეული ფორმები ჰქონდა სხვა ადგილებში, რომლებიც ჯერ საკმარისად შესწავლილი არ არის.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც რუსული შტამი შავი ჭირის მეორე პანდემიის ადრეულ ეტაპზე გამოჩნდა, მომდევნო საუკუნეების განმავლობაში დაიშალა მრავალ სხვადასხვა ფორმის ვარიანტად. ჯგუფის თქმით, ამ ვარიანტთა თანამედროვე შთამომავლები ნაპოვნი არ არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გადაშენდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღმოჩენა საბოლოო რეზულტატს არ გვთავაზობს „შავი სიკვდილის“ ეპიდემიის წინაპრის შესახებ, ნამდვილად აჩვენებს, უძველეს გენეტიკურ წარმოშობას ვირუსისა, რომელიც 500-წლიან შავ ჭირად იქცა. ეს კი ბევრ რამეს გვეუბნება უძველეს პათოგენზე, რომელიც შუა საუკუნეებში „შავი სიკვდილის“ ტალღამდე ბევრად ადრე არსებობდა და ხანდახან, ამ დაავადების შემთხვევები დღემდე ფიქსირდება.

 

კაცობრიობის ასეთი მძლავრი და შეუპოვარი კომპანიონის (Y. Pestis) შესახებ საჭიროა რაც შეიძლება ბევრი ვიცოდეთ.

 

მკვლევართა განცხადებით, შავი ჭირის მეორე პანდემიამ ყველაზე მეტი ადამიანი შეიწირა აღრიცხულ სამ პანდემიას შორის.

 

ის კლასიკური ისტორიული მაგალითია ინფექციური დაავადების სწრაფი გავრცელებისა, გრძელვადიანი ადგილობრივი წინააღმდეგობისა და გარკვეულ მიზეზთა გამო თანდათან გაქრობისა; ამ მიზეზების შესახებ დღეს არაფერი ვიცით.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი