logo_geo
ქეთევან წამებულის წამების სცენა პორტუგალიის დეგრასას საკათედრო ტაძარში
- +

5 ოქტომბერი. 2019. 14:35

 

 

წმინდა ქეთევან დედოფალი კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე იყო. 1605 წელს, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 წელს შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა. ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზს გაგზავნეს.

 

თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა: "შეუძლებელ არს ჩემ მიერ უარის ყოფა ქრისტე მეუფისა ჩემისა".  ამის გამო იგი საშინელი წამებით მოკლეს.

 

ქეთევანის წამების თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. როდესაც ჯალათები სახლში მიადგნენ, თავიდან ქეთევანს მოუთხოვია დრო რათა თავის სამლოცველოში ელოცა.

 

უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს  ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

ე-16 საუკუნის იარაღი, რომლის მსგავსითაც სასტიკად აწამეს წმინდა ქეთევანი

 

წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.

 

ქართველი მემატიანე ბერი ეგნატაშვილი თავის "ახალ ქართლის ცხოვრებაში" წერს: "ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი (იმ დროინდელ საქართველოში "ფრანგი" ზოგადად კათოლიკეს აღნიშნავდა) და აიღეს წმინდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თვისთათანა" ქართველი მემატიანე აქ სწორედ პორტუგალიელ მისიონერებს გულისხმობს.

 

პატრმა ამბროზიომ და მისმა მეგობრებმა რამდენიმე დღეში მართლაც ამოთხარეს ქეთევანის საფლავი და მოიპოვეს წმინდანის ნეშტი. მაგრამ მისი ჩატანა საქართველოში მხოლოდ 1628 წლის ივნისის დამდეგს მოხერხდა. ანუ თითქმის სამი წლის შემდეგ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გაგზავნილ იქნა ასევე ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). საქართველოში პატრმა ამბროზიომ მეფე თეიმურაზს პირადად გადასცა ქეთევანის წმინდა ნაწილები, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძარში იქნა დაკრძალული.

 

 

წმინდა ქეთევანი (ხატმწერი გიორგი ზაქაიძე) და მისი მარტვილობის სცენა პორტუგალიის დეგრასას საკათედრო ტაძარში

 

 

ქეთევანის წამებას შედეგად მოჰყვა საქართველოს გამოფხიზლება და თავისუფლების სულის ჯერ არნახული აღზევება. ამის შედეგი იყო 1625 წელს ჯერ მარტყოფის ბრძოლა, სადაც განადგურებულ იქნა სეფიანთა ირანის ლაშქარი შაჰ-აბასის საყვარელ მხედართმთავართან, ყარჩიხა-ხანთან ერთად, შემდეგ კი იმავე წლის შემოდგომის პირზე - მარაბდის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ჯარი იმდენად დაზარალდა, რომ, ფაქტობრივად, ბრძოლისუნარიანობა დაკარგა.

 

ქეთევანის მოწამეობამ საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა "გურჯისტანის" საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად, რაც გულისხმობდა როგორც ელიტის ისე ქვეყნის მთელი მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას.

 

გვესაუბრება არქეოლოგი სანდრო ნონეშვილი:

 

- ცნობილია, რომ პორტუგალიაში ყოფნის დროს მიაკვლიეთ წმინდა ქეთევანის მარტვილობის გრაფიკულ გამოსახულებას. უფრო დაწვრილებით თუ შეგიძლიათ გვიამბოთ ამის შესახებ?

 

 

- პორტუგალიაში, დეგრასას საკათედრო ტაძარში, დაცულია 12 მეტრი სიგრძის და 3 მეტრი სიმაღლის პანო. ეს არის ერთადერთი გრაფიკული გამოსახულება წმინდანის მარტვილობისა, რომელიც შესრულებულია პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით. ამ მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავით შესრულებულ ნახატზე ("ეზულეჟუ") გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩაბრძანება, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისათვის. ყოველივე ეს ექსპედიციის წევრებმა გადავიღეთ. ჩვენთან ერთად იყო გიორგი კალანდია, რომელმაც ყოველივე ფირზე აღბეჭდა. იქ ყოფნისას მივაღწიეთ შეთანხმებას, პანოს ზუსტი ასლის გაკეთების შესახებ. შევუთანხმდით სახელოსნოს, რომელიც XVII საუკუნის ტექნოლოგიით ზუსტ ასლებს ამზადებს. ფინანსური საკითხის მოგვარების შემდეგ შევძლებთ შევუკვეთოთ პანოს ასლი და ჩამოვიტანოთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი