logo_geo
ეს ფიროსმანია - უნიკალური კადრები, სადაც დაკრძალვაზე მყოფი ნიკალა ჩანს
- +

7 ოქტომბერი. 2019. 01:57

 

ალექსანდრე დიღმელაშვილს სხვა რომ არაფერი გადაეღო, მარტო ამ კადრებით დარჩებოდა ისტორიაში. 1911 წელს მან დავით სარაჯიშვილის დაკრძალვა აღბეჭდა ფირზე. ეკრანიდან ცოცხალი ფიროსმანი, რომელიც მის გარდაცვალებამდე 7 წლით ადრე არის გადაღებული.

 

„პრაიმტაიმის“ მკითხველმა პირველად იხილა ფოტოები უნიკალური ვიდეო-კადრებიდან.

 

 

გოგი სარაჯიშვილი, მკვლევარი: „ეს კადრები 1911 წლის 26 ივნისს, პაპანაქება სიცხეშია გადაღებული. სარაჯიშვილის დაკრძალვა დიღმელაშვილმა, დავითის მეუღლის, ეკატერინეს თხოვნით გადაიღო. დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ფირზე კარგად ჩანან მაშინდელი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის, აკაკი და ფიროსმანი. დიდუბის ტაძრის გალავანი ხალხით იყო სავსე, იქვე იმყოფებოდნენ სარაჯიშვილების ახლო ნათესავი ტარსაიძეები ბავშვებით. სწორედ ტარსაიძეების გადმოცემით, გალავანში დამსწრეთა შორის იყო ფიროსმანიც, თუმცა ამ კადრების აღმოჩენა უფრო მოგვიანებით მოხდა. 1917 წლის 3 მარტს, დავითის ცოლისძმამ, ადამ ფორაქიშვილმა ეს ფირი საგანგებოდ დამზადებული ყუთით საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას გადასცა. ამის შემდეგ ფირი მეტეხის მუზეუმში მოხვდა, მისი გაუქმების შემდეგ კი, 1950 წლიდან, ხელოვნების მუზეუმში ინახება. ეს ფირი 1916 წლამდე კინოთეატრ „აპოლოში“ და ბათუმშიც იყო ნაჩვენები. იმის დასადგენად, იყო თუ არა ფირზე აღბეჭდილი მამაკაცი ნამდვილად ნიკო ფიროსმანი, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის თაოსნობით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც კოორდინირებას გურამ აბრამიშვილი უწევდა. კომისიაში იყვნენ სარგის კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი. „გასვენებაზე მოსულა ჩვენი ფიროსმანი, ხალხში გარეულა და თავისთვის ტრიალებს. „საწყალი ნიკალა“, „უბედური მხატვარი“ - თითქოს გაიძახიან აქეთ-იქიდან. ფიროსმანი კი თბილისის ქუჩებში, როგორც მუშამბაში, ისეა გახვეული და ამ მითქმა-მოთქმის არა ესმის რა“, - წერდა შალვა ლომსაძე.

 

კომისიის აზრი თითქმის ორად გაიყო, საბოლოო სიტყვა ლადო გუდიაშვილზე მიდგა, რომელიც სანამ რამეს იტყოდა, თვალზე ცრემლმომდგარი დუმდა. ბოლოს თქვა: „ის არის, ის... მხოლოდ აქ უფრო მხნე და ვაჟკაცურია, ჯერ კიდევ გაუტეხელი. ფიროსმანი მაშინ სადგურის მახლობლად, ღვინის სარდაფში მუშაობდა. ახლა მე მას მესამედ შევხვდი“. როგორც ჩანს, დიღმელაშვილი კარგად წვდებოდა ფიროსმანის პიროვნების სიდიადეს, ერთხელ გაასწორა მასზე ფოკუსი და ამის შემდეგ კამერა აღარ მოუშორებია.

 

ფიროსმანი, სავარაუდოდ, 1865 ან 1867 წლებშია დაბადებული, ამ კადრებზე დაახლოებით 44-46 წლისაა. 1918 წელს კი, ნიკო ფიროსმანი გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი