logo_geo
ქართველი ჩარლი ჩაპლინი - ქართლოს კასრაძე...
- +

13 ნოემბერი. 2019. 13:47

 

„ლურჯი აპრილი შენს თავს მაგონებს, მე შენზე დარდი მკლავს, მკლავს და მაღონებს...“ - ეს ლექსი ქართლოს კასრაძემ საყვარელ ქალთან ქორწინებას მიუძღვნა.  ქართლოს კასრაძისა და თალიკო ჯაველიძის ქორწინება 1959 წლის 5 აპრილს შედგა, თუმცა თავდაპირველად, ქორწილის დღედ პირველი აპრილი ყოფილა ჩანიშნული. გურული საპატარძლო და მისი ნათესაობა ქორწილის სამზადისში იყვნენ, როცა სასიძომ ტელეფონით დარეკა და ქორწილში ვერ ვიქნებიო, გამოაცხადა.

 

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოჰყვებოდა ამ ამბავს. ნახევარი გურია ქორწილის ჩაშლას გლოვობდა, როცა გაირკვა, რომ პირველ აპრილს მსახიობს „უდიპლომო სასიძოში“ იღებდნენ და ქორწილი 5 აპრილისთვის გადაიდო. მოგვიანებით, ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა: გურულებმა ქალი ქართლოს კასრაძეს გაატანეთ და  მე არ მატანთო?

 

საქართველოს სახალხო არტისტი, მწერალი, ღირსების ორდენის კავალერი, ჟურნალისტი, მსახიობი, იუმორისტი, რომლის გახსენებაზე ღიმილის შეკავება შეუძლებელია, უდიდესი ნიჭის ადამიანი, რომელსაც ინგლისში კონცერტები ინგლისურად მიჰყავდა, გერმანიაში - გერმანულად, პოლონეთში - პოლონურად, ნიდერლანდებში - ჰოლანდიურად.

 

მსახიობი, რომელსაც შვედებმა პატარა ჩარლი ჩაპლინი შეარქვეს.

 

ოთხი შვილის - მერაბის,(პირველი ქორწინებიდან.) გურანდას, ნაისისა და დათოს მამა, ათი შვილიშვილისა და ექვსი შვილთაშვილის ბაბუა და უბრალოდ, კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს...

 

ქართლოს კასრაძის უკიდეგანო ნიჭიერებაზე ლეგენდები დადიოდა. 

 

მხოლოდ ქართლოსს შეეძლო:

 

მარცხენა ხელით წერა ისე, რომ ნაწერის წაკითხვა სარკეში იყო შესაძლებელი;

 

ზურგზე მოგდებულ გიტარაზე ესპანური მელოდიების დაკვრა, როცა ჩვეულებრივად გიტარაზე დაკვრა არ იცოდა;

 

ოდესმე წაკითხული ყველა ლექსის დამახსოვრება;

 

აკაკი წერეთლის  „თორნიკე ერისთავის“ თავიდან ბოლომდე და ბოლოდან დასაწყისამდე უკუღმა წაკითხვა;

 

ხელის ერთი მოსმით ცხენისა და მხედრის, ჯონ კენედისა და ნაპოლეონ ბონაპარტის დახატვა;   19 სხვადასხვა ენაზე 2000-მდე კონცერტის ჩატარება;

 

...და ისეთი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მას შეეძლო!     

 

– ქართლოს კასრაძის შვილი იხსენებს: „სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. დედაზე კი ძალიან ეჭვიანობდა. ბოლო წუთამდე ეჩვენებოდა, რომ დედა ულამაზესი იყო. როცა გიყვარს, ალბათ, ასე ხედავ. მამას დედას სიყვარულმა ლოცვა ასწავლა. შეეძლო ელოცა მხოლოდ იმის გამო, რომ დედას სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეევედრებინა. დედას ძალიან მძიმე დაავადება აღმოაჩნდა. მამამ იცოდა, რომ მეუღლის მზრუნველობის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებდა  და ღმერთს სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე მეუღლე შეავედრა. უფალს სთხოვა, მისი ავადმყოფობა მე შემყარეო. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ მალე თავად გარდაიცვალა იმავე დაავადებით, ხოლო დედა განიკურნა. მამამ ავადმყოფობა უფლის საჩუქარივით მიიღო და მშვიდი და ბედნიერი წავიდა, თუმცა მის გარეშე ვერც დედამ გაძლო ერთ წელზე მეტი. ხშირად ამბობდა, გგონიათ, მამათქვენი აქეთ დიდხანს გამაჩერებს? მალე მეც წავალო და მართლა მალე წავიდა“.

 

– მხიარულება სევდის გარეშე არ არსებობს. ძალიან ღრმა განცდები და  თავისი, ჩაკეტილი შინაგანი სამყარო ჰქონდა.

 

სულ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა და ექსტრავერტულად ცხოვრობდა, მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ინტრავერტი იყო. მისი მსგავსი ღრმა განცდები და განსხვავებული სამყარო მარტო ინტრავერტებს აქვთ. ბევრ რამეს განიცდიდა და ბევრს დარდობდა. დარდობდა, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ.. ამასთანავე, ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. მტერსაც კი ეფერებოდა, თუმცა მტერი არ ჰყავდა, რადგან სიძულვილი არ შეეძლო.

 

ქართლოს კასრაძეზე უამრავ სასაცილო ისტორიას ჰყვებოდნენ: 

 

ერთხელ, პრაღაში ჩეხებს მშობლიურ ენაზე ჩაუტარა კონცერტი. დარბაზი ტაშით დანგრეულა. აცვენილან ჩეხები სცენაზე. ქართლოსს ჰკოცნიდნენ და ეკითხებოდნენ, რა ენაზე ლაპარაკობდიო. იგი 78 წლისა გარდაიცვალა. თურმე ბავშვობიდან ამბობდა, 80 წლის ვერ გავხდებიო...

 

P.S. „იყო და არა იყო რა - სულ ოქროს კვერცხი გვიგორა: ტირილი მოკლა სიცილით, სიცილი კვდება ტირილით...“  /გიზო ნიშნიანიძე./      

 

 

ავტ;  ნელი თორდიას ამონარიდებიდან.

 

 

 

 

big_banner
არქივი