logo_geo
რა არის „ტყლარწი“ და როგორ მოვამზადოთ იგი სახლში
- +

2 მარტი. 2017. 20:20



რას შეიცავს ტყლარწი და როგორ მოვამზადოთ ის ქიმიური დანამატების გარეშე?


ტყლარწი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო დაიპყრო, ბავშვის ფსიქო-მოტორული კოორდინაციის განვითარებას მნიშვნელოვნად ეხმარება. მეორე მხრივ, ის გონებას ამშვიდებს და სტრესს ხსნის. შესაბამისად, დღეს ტყლარწს დიდი სიამოვნებით გამოიყენებენ მცირეწლოვანი ბავშვიცა და მისი ოჯახის უფროსი წევრებიც.


დღეს ტყალრწის ყიდვა თითქმის ყველა მაღაზიასა თუ სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ასევე, მომრავლდა ტყლარწის სპეციალური მაღაზიებიც. მისი ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება და მაქსიმალურ ღირებულებას 10 ლარს აღწევს. თუმცა, ფასი განსხვავდება იმის მიხედვითაც, თუ სად ყიდულობთ ტყლარწს.


მშობლების ნაწილი ერიდება ბავშვებისთვის ტყლარწის ყიდვას მისი ქიმიური შემადგენლობის გამო.

საქართველოში ამ პროდუქტის ხარისხის კონტროლი არ ხდება და ვერავინ იტყვის, რამდენად მავნეა ესა თუ ის კონკრეტული ტყარწი. თუმცა ზოგადად, მის შემადგენლობაში ერთადერთი ქიმიური ელემენტი ბორაქსის ფხვნილია. ტყლარწის შემადგენლობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც პლასტელინის. ზედმეტი რისკისგან თავის არიდების მიზნით კი, შეგიძლიათ წელვადი მასა თავად მოამზადოთ სახლში. ასე თანხებსაც დაზოგავთ და თქვენს ბავშვებს სანტერესო შემეცნებით აქტივობასაც შესთავაზებთ.


ტყლარწის ტრადიციული მეთოდით მოსამზადებლად დაგჭირდებათ: თეთრი თხევადი წებო, თბილი წყალი, საკვების საღებავი და ბორაქსის ფხვნილი. თუმცა მშობლების უმეტესობა, ტყლარწის მომზადებას ბორაქსის გარეშე ამჯობინებს.


ჩვენ გთავაზობთ ტყლარწის მომზადების ორ მეთოდს, რომლისთვისაც ბორაქსის ფხვნილი არ დაგჭირდებათ:


მეტალის ჭურჭელში შეურიეთ ერთი ჭიქა სახამებელი და ერთი ჭიქა თბილი წყალი და ურიეთ, ვიდრე ერთიან მასას არ მიიღებთ. შეგიძლიათ დაუმატოთ წყალი ან სახამებელი, რომ სასურველი კონსისტენციის და სისქის მასა მიიღოთ. შემდეგ შეურიეთ საღებავი და თქვენი ტყლარწი მზადაა.


მოიმარაგეთ თეთრი თხევადი წებო, კბილის პასტა, თბილი წყალი და წყლის საღებავი. ჯამში ჩაასხით 4 კოვზი წებო და 8 კოვზი წყალი. ერთიანი მასის მიღების შემდეგ დაუმატეთ საღებავი და ბოლოს კბილის პასტა. კოვზით ურიეთ სწრაფად, ვიდრე სასურველი კონსისტენციის ტყლარწს არ მიიღებთ.


ტყლარწთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა მისი ტანსაცმლიდან და თმიდან მოშორებაა. წელვადი მასა ტანსაცმელს სარეცხის ფხვნილის და ლაქების ამომყვანის საშუალებით არ შორდება. ამითვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ძმარი. დაასხით ძმარი ტყლარწით დალაქავებულ ადგილებს და ცოტა ხანი გააჩერეთ, შემდეგ კი ჩვეულებრივად გარეცხეთ.


თმიდან ტყალარწის მოშორება კიდევ უფრო რთულია.

ამისთვის უნდა გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი. თმაში შეიზილეთ დიდი რაოდენობით ქოქოსის ზეთი და ეცადეთ, ჯერ ხელით მოიშოროთ ტყლარწის დიდი ნაწილები, შემდეგ კი გამოიყენეთ სავარცხელი. ეტაპობრივად, ზეთი დაიმატოთ ხოლმე. პროცესი საკმაოდ მტკივნეული იქნება, თუმცა ქოქოსის ზეთის საშუალებით თქვენი თმა სრულად და დაზიანების გარეშე გათავისუფლდება წელვადი მასისგან.


ტყლარწმა საერთაშორისო პოპულარობა უკანასკნელი 2-3 წლის წინ მოიპოვა. თავდაპირველად კი ის კომპანია Mattel-მა ჯერ კიდევ 1976 წელს შექმნა. ტყლარწმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმისა და მულტფილმის - „მოჩვენებებზე მონადირეების" გამოსვლის შემდეგ, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს მწვანე წელვადი მასა წარმოადგენს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი