logo_geo
ენტომოლოგიის პროფესორი აცხადებს, რომ მარსის ფოტოებზე დიდ მწერებსა და გველებს ხედავს
- +

22 ნოემბერი. 2019. 16:21

 

 

მარსზე მიკრობული სიცოცხლის ძებნა დღეს მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. იგულისხმება როგორც ნამარხები, ისე ამჟამინდელი სიცოცხლე; ამისათვის იგეგმება სპეციალური მისიებიც. ერთი მეცნიერის აზრით კი, წითელ პლანეტაზე სიცოცხლე შეიძლება ჩვენ უკვე ვიპოვეთ, თანაც არა ციცქნა მიკრობების, არამედ საკმაოდ მოზრდილი მწერების სახით.

 

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგმა უილიამ რომოსერმა წლები მიუძღვნა მარსმავლების მიერ გადაღებული ფოტოების შესწავლას. როგორც იგი ახლა აცხადებს, მრავალ ფოტოზე, ქანებს შორის შეიმჩნევა სტრუქტურები, რომლებიც ძალიან ჰგავს მწერებს, როგორც ნამარხებს, ისე ცოცხლებს.

 

მისი თქმით, მან შენიშნა გველის მსგავსი რამდენიმე საგანიც, რომლებიც მას კვლევის ღირსად მიაჩნია. კვლევა მან ამერიკის ენტომოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინა, მაგრამ ჯერ რეცენზირებული არ არის.

 

 

„მარსზე სიცოცხლე იყო და ახლაც არის“, — ამბობს რომოსერი.

 

მისი განცხადებით, მარსის მწერების მსგავს ფაუნაში აშკარა მრავალფეროვნებაა და აღინიშნება დიდი მსგავსება დედამიწის მწერებთან, მაგალითად, ჩანს ფრთები, ფრთების მოხრილობა, მოქნილი ფრენა და სხვადასხვაგვარი სტრუქტურის მქონე ფეხის ელემენტები.

 

 

მარსმავალთა მიერ გადაღებული ფოტოები (განსაკუთრებით „კურიოზიტი“, რომელიც მარსზე ამჟამად მოქმედი ერთადერთი მავალია) საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და ასახავს მარსის ზედაპირის დეტალურ ხედებს. ამ სურათებით გეოლოგები პლანეტის გეოლოგიურ ისტორიას სწავლობენ.

 

რომოსერის თქმით, მწერები მან სწორედ ამ ფოტოებზე შენიშნა. ის დარწმუნებულია, რომ მრავალ სურათზე ჩანს მწერების არსებობის მტკიცებულებები, მათ შორის ქერცლოვანი საფარველი, ფეხები, ფრთები, საცეცები და სეგმენტირებული სხეული, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულია მიმდებარე რეგოლითისგან.

 

თითოეულ ფოტოს მან დეტალური ვიზუალური დათვალიერება ჩაუტარა და შეარჩია სურათები, რომლებზეც ყველაზე მეტად ჩანს მწერების მსგავსი ფორმები. კრიტერიუმებს შორის არის დრამატული განსხვავება მიმდებარე ქანებისგან, სიმკვეთრე და სიმეტრია, სეგმენტირება, ჩონჩხის ნარჩენები და ერთ ფორმაზე მეტი შეჯგუფებები.

 

მან ასევე შენიშნა მოძრაობის ან ფრენის ნიშნები, ურთიერთქმედება სხვა ფორმებთან და მბზინავი თვალები, რომლებიც მისი აზრით იმაზე მიუთითებს, რომ მწერი ან გველი ცოცხალია.

 

„მას შემდეგ, რაც გამოვავლინე და აღვწერე ერთი ფორმის მკვეთრი და აშკარა ფორმა, ის სხვა, უფრო ნაკლებად ხილული ფორმების შესამჩნევადაც გამომადგა“, — ამბობს რომოსერი.

 

თუმცა, უფრო ფართოდ აღიარებული შეხედულების მიხედვით, რომოსერის მიერ შემჩნეული ფორმები არა მწერები, არამედ უბრალოდ ქანებია.

 

ხშირად, ადამიანებს, რომლებიც მარსის ფოტოებს ხშირად უყურებენ, აღენიშნებათ კარგად ცნობილი ფენომენი პარეიდოლია. ანუ, ხედავთ ერთ რამეს და აღიქვამთ სრულიად სხვა რამეს, როცა ადამიანის გონება რაღაც მნიშვნელოვანს ეძებს უმნიშვნელო მონაცემებში, ხედავს რაღაც ისეთს, რაც იქ სინამდვილეში არ არის.

 

 

ძირითადად ხედავენ სახეს ჩაღრმავებებში, ლანდშაფტებში. ადამიანის სახეს ხედავენ მარსზეც, 1976 წელს კიდონიის რეგიონისთვის გადაღებულ ფოტოზე.

 

ბევრი ადამიანი მარსის ფოტოებზე ხშირად ხედავს ნაკვალევს, ბურთს, კოვზს, მებრძოლ ქალს და მარსის ასურულ ღმერთსაც კი. თუმცა, ეს ყველაფერი სინამდვილეში მარსის ჩვეულებრივი ქანებია.

 

მარსზე მისიები 1960-იანი წლებიდან იგზავნება, მათ შორის არის ოთხი წარმატებული მავალი და ხუთი სტაციონარული ხომალდი. არც ერთ მათგანს წითელ პლანეტაზე არასოდეს შეუნიშნავს რაიმე სახის მწერი.

 

გამომდინარე აქედან, სრულიად შესაძლებელია, რომ უილიამ რომოსერი, რომელიც უკვე 45 წელიწადია ენტომოლოგიის პროფესორია, რომელიც მწერებს საკმაოდ კარგად იცნობს — მწერებთან დაკავშირებული პარეიდოლიით არის შეპყრობილი.

 

მართალია თუ არა იგი, ამას სულ მალე გავიგებთ. ნასას ახალი მისია მარს 2020 გაცილებით მოწინავე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, ვიდრე „კურიოზიტი“; წითელ პლანეტაზე ეს მავალი 2021 წლის თებერვალში დაჯდება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ სიცოცხლის ნიშნების ძებნაა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი