logo_geo
ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან
- +

26 ნოემბერი. 2019. 18:51

 

აივნებიან სახლებს ყველა ქალაქში შეხვდებით, მაგრამ ზღვისპირა ქალაქისთვის ასეთ აივნებს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვაგან. აივანი ზაფხულსა და თბილ – შემოდგომა-გაზაფხულზე იდეალური ადგილია დროის ჰაერზე გასატარებლად – შინიდან გასვლის გარეშე.

 

ხანდახან აივანზე ვიღებთ სტუმრებსაც, ყვავილების, მცენარეების გარემოცვაში. არაფერი სჯობს დილის სასიამოვნო სიგრილეში აივანზე მირთმეული ყავით დღის დაწყებას, მით უფრო თუ აივანი ზღვასთან ახლოსაა.

 

განსაკუთრებით ლამაზ აივნებს ბათუმში მემედ აბაშიძის, რუსთაველისა და ახმედ მელაშვილის (ყოფილი კამოს) ქუჩებზე შეხვდებით.

 

ჩვენ ისტორიული სახლების აივნებთან შევჩერდით. ეს სახლები დღემდე დგას და მათი უმრავლესობა XIX-XX საუკუნეშია აგებული. გაქრნენ აქ მცხოვრები ადამიანები, მაგრამ არსად ქრება ამბები, რაც ძველი სახლების კედლებს ახსოვთ.

 

რუსთაველის 39 / 26 მაისის 5 

 

რით არის გამორჩეული ეს ულამაზესი აივანი? იმით, რომ ბათუმში მცხოვრებთა ალბათ ნახევარი მაინც აქაა დაბადებული. ბევრი ბათუმელი გეტყვით, რომ ეს მათთვის უსაყვარლესი და ძალიან ახლობელი შენობაა. ან თავად დაბადებულან აქ ან ახალშობილების სანახავად ერთხელ მაინც მისულან ამ შენობაში.

თუმცა სამშობიარო სახლი მხოლოდ 1952 წლიდან ფუნქციონირებს, სახლის ისტორია ნავთობმაგნატის, როტშილდის სახელს უკავშირდება და სწორედ მის საკუთრებაში იყო თავდაპირველად. XIX-XX საუკუნით დათარიღებულ სახლში როტშილდის ,,კასპია-შავი ზღვის სააქციო საწარმოს ნავთობსამრეწველო და სავაჭრო საზოგადოება“ იყო განთავსებული.

1921 წელს შენობაში 17 მარტს შექმნილი ბათუმის რევოლუციური კომიტეტი დაბინავდა და აქვე გამოცხადდა აჭარის საბჭოთა ხელისუფლებაც.

ნინოშვილის 27 – თავად ნაკაშიძის სახლი 

XX საუკუნის დასაწყისში  შეულესავი აგურით ნაშენი ეს სახლი ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაშია. გარდა საინტერესო არქიტექტურისა, სახლი და მისი პატარა, თითქმის სხვენში განთავსებული აივანი ურბანული ლეგენდითაცაა გამორჩეული. როგორც კინორეჟისორი შოთა გუჯაბიძე გვიყვება, ჭაბუა ამირეჯიბი მას უამბობდა, თუ როგორ ხატავდა ზღვის სცენებს ამ აივნიდან მარინისტი ივანე აივაზოვსკი, რომელიც პერიოდულად მართლაც სტუმრობდა ბათუმს.

სახლი თავდაპირველად ბათუმის სათათბიროს ხმოსანს (1898 – 1902წწ.), თავად მიხეილ ნაკაშიძეს ეკუთვნოდა.

მიხეილი ჭაბუა ამირეჯიბის ბაბუა იყო და ამ უკანასკნელის გადმოცემით, სახლს ხშირად სტუმრობდა ბათუმში ჩამოსვლისას ილია, აკაკი და მაშინდელი ინტელიგენციის ბევრი სხვა წარმომადგენელი. სახლის მეპატრონე, მიხეილ ნაკაშიძე 1912 წლიდან უშვებდა ჩაის, სამარკო სახელით: „Чай Князя М. М. Накашидзе”. სახლში ახლა რესტორანი ,,ფანფანია“ განთავსებული. სასტუმრო ,,შერატონთან“ ახლოს, ბულვარში სეირნობისას ნამდვილად ღირს შეჩერდეთ ამ სახლის აივანთან.

კომახიძის 4 – აივანი ფილმიდან ,,არაჩვეულებრივი გამოფენა” 

„რა დღეა დღეს ბიჭო?

– ორშაბათი.

– ესე იგი დღეს სპექტაკლი არა მაქვს, სამაგიეროდ მაქვს იდეა!“

ვისაც ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“ უნახავს, არასდროს დაავიწყდება სცენა ფილმიდან – უზარმაზარი დოდო აბაშიძე მოუხერხებლად დგას პატარა აივანზე – ჰანტელებით ხელში. ეს პატარა აივანი ბათუმშია. მართალია, რესტავრაციის შემდეგ ზუსტად იგივე დეკორი არ აქვს, როგორც ფილმის გადაღებისას ჰქონდა, მაგრამ შენობა ,,არაჩვეულებრივ გამოფენას“ ნამდვილად გაგახსენებთ.

ბათუმში ამ შენობას „სახლ-გემს“ უწოდებენ – სართულები მართლაც გემბანივითაა განლაგებული. სამსართულიანი შენობა 1907 წელს ააგეს და მისი მეპატრონე გვარად სარიანი იყო. შენობის პირველ სართულზე სახელოსნოები იყო განთავსებული, მეორეზე სახლის მეპატრონე ცხოვრობდა. საბჭოთა პერიოდში შენობის ნაციონალიზაცია მოხდა და ოთახები ხალხს გადსცეს. კომახიძის ქუჩა, სადაც ეს ისტორიული აივანი და „სახლი-გემი“ შეგიძლიათ ნახოთ ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და მაღაზია ,,ვაიკიკისთანაა“ ახლოს. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ერთადერთი ფილმი არაა, რომელიც ამ სახლში გადაიღეს.

კომახიძის 4 – ვარლამ არავიძის ტრიბუნა ,,მონანიებიდან”

,,სახლ-გემის“ აივანზეა გადაღებული ასევე სცენა თენგიზ აბულაძის ფილმიდან ,,მონანიება“ – ვარლამ არავიძის ტრიბუნა სწორედ ამავე სახლის მეორე სართულის აივანზეა გადაღებული.

ბათუმშია ასევე გადაღებული ,,მონანიების“ არაერთი სცენა, კერძოდ: აბელ არავიძის სახლის სცენა – ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის შენობაში, სანდრო ბარათელის სახლი – ფარნავაზ მეფის #51-ში და პერსონაჟის სიზმარი – კათოლიკურ ეკლესიაში.

მ. აბაშიძის, მარიინსკის 13 –  ,,ჯაშუშ” ბრომბერგის სახლი

მ. აბაშიძის, იგივე მარიინსკის ქუჩის #13-ში მდებარე სახლის აივნები ლითონის აჟურული მოაჯირებითა და თაღებითაა გამორჩეული, მიუხედავად ლითონის ფაქტურისა, აივანი სიმსუბუქის და სისადავის ნიმუშია. აბაშიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, კუთხის ამ სახლს იდუმალი და დახლართული ისტორია აქვს.

XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი სახლი თურმე ეკუთვნოდა ბრომბერგს და სახლის 22 ოთახი იტალიის საკონსულოს ეთმობოდა.

საინტერესოა, რომ საქართველოს სტალინურ სიებში იძებნება 1890 წელს „საქჩაის“ დასასვენებელი სახლის ყოფილი დირექტორი იუსუპ (იოსები) მიხეილის ძე ბრომბერგი. ბრომბერგი ბათუმში დაბადებულა 1890 წელს. 1937 წლის აპრილში დაუპატიმრებიათ და სტალინის ხელმოწერის საფუძველზე დაუხვრეტიათ ამავე წლის 13 სექტემბერს. „თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ აგროვებდა ინფორმაციას ინგლისისთვის, იტალიისთვის, პოლონეთისა და ამერიკისთვის“ – წერია საქართველოს სტალინურ სიაში. აქვე ვკითხულობთ, რომ ბრომბერგი რეაბილიტირებულია 1952 წელს, საქმეში დანაშაულის ნიშნების არქონის გამო.

მ.აბაშიძის  #9 – მემედ აბაშიძის სახლი

ეს სახლიც ულამაზესი, აჟურული, თეთრი აივნით იქცევს გამვლელის ყურადღებას. ზღვასთან ახლოს მდებარე იოსებიდის სახლი თავიდან სასტუმრო „რივიერა“ ყოფილა და XX საუკუნის დასაწყისში ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდა. სახლს 17 ოთახი აქვს და სხვადასხვა დროს შენობაას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონია: პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები ყოფილა, 1918 – 1921 წლებში აქ ცხოვრობდა მემედ აბაშიძე, 1936 წლიდან სახლი მხატვართა კავშირს ეთმობოდა, 1992 წელს კი მემედ აბაშიძის სახლმუზეუმად გადაკეთდა.

ბათუმში კიდევ უამრავი აივანია, რომელთა ისტორიებიც თავადაც შეგიძლიათ დაძებნოთ, ჩვენ მისამართებს გეტყვით. ეს ძიება დროში მოგზაურობას ჰგავს. თუ სახლების ამბებს ჩავეძიებით, ძველი სახლები ცოცხლდება და კედლებიც შენთვის აღარაა ყრუ და მდუმარე, ქალაქი კი ადამიანივით იწყებს ლაპარაკს.

26 მაისის #7

ვაჟა-ფშაველას 21

ლუკა ასათიანის ქუჩა, ბათუმის მერია

ნ. დუმბაძის 5 

მ. აბაშიძის 18

მ. აბაშიძის 7 

 

 წყარო:  Gobatumi.com

 

big_banner
არქივი