logo_geo
„რეპრესირებული“ თოვლის ბაბუა, საბჭოთა ახალი წელი და 90-იანების ვერცხლისფერი ნაძვის ხე - როგორი იყო ჩვენი და ჩვენი წინაპრების ახალი წელი ძველად
- +

1 იანვარი. 2020. 11:11

 

რა სძენს ზამთრის დღესასწაულებს განსაკუთრებულ საზეიმო ელფერს? რა თქმა უნდა, ნაძვის ხე, მრავალფეროვანი მოსართავები და ილუმინაციები!

 

ოჯახებში ნაძვის ხის მორთვა ტრადიციად არის ქცეული და მას ყველა წევრი ესწრება. წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მონდომებით ვარჩევთ აქსესუარებს და მოსართავებს სადღესასწაულო ხისთვის. ნაძვის ხე არა მხოლოდ საშობაო და საახალწლო დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტია, არამედ სარკეა, რომელშიც ეპოქის მსოფლმხედველობა ირეკლება...

 

საახალწლო მოსართავები ოდითგანვე იცვლებოდა მმართველობის სტილიდან, იდეოლოგიიდან და საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, აქვე გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობაც. თანამედროვე საშობაო რიტუალის ფორმირება გერმანულ ტრადიციაში შუა საუკუნეების ბოლოსა და ახალი ერის დასაწყისში მოხდა.

 

 

რუსეთში ნაძვის ხე, როგორც „საშობაო ხე“ XIX საუკუნის დასაწყისში პეტერბურგელი გერმანელების ოჯახში გაჩნდა. 1817 წელს მან საიმპერატორო კარის მოსასვენებელ ოთახებშიც შეაღწია. ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაძვის ხის ზეიმი კი რუსეთის იმპერიაში პირველად 1828 წელს რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა თედორეს ასულმა თავისი ხუთი შვილისთვის მოაწყო. პირველად ნაძვის ხე საჯაროდ, რუსეთის იმპერიაში 1852 წელს პეტერბურგში, ეკატერინოგრაფის სადგურზე გამოჩნდა. ამის შემდეგ, ნაძვის ხეების დადგმა თეატრებში, კლუბებში და სხვა თავშეყრის ადგილებში დაიწყეს.

 

სწორედ ამის გამო რუსეთის იმპერიაში ნაძვის ხე შობის დღესასწაულთან იყო გაიგივებული და ძირითადად რელიგიური ხასიათის აქსესუარებით ირთვებოდა, მას როგორც სიმბოლოს, საბჭოთა კავშირი დაუპირისპირდა.

 

საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად გამოდიოდა „რელიგიური ცრურწმენების“ წინააღმდეგ. 1920-იანი წლების დასაწყისში კომკავშირის წევრები ალტერნატივის სახის „კომკავშირული შობის“ ორგანიზებას ცდილობდნენ, რომელსაც რელიგიური დღესასწაულის დისკრედიტირება უნდა მოეხდინა.

 

 

თუმცა, ახალგაზრდა კომუნისტების გადაჭარბებულმა ენთუზიაზმმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ პოვა უფროს თაობაში, რომელთა უმეტესობას ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა შემორჩენილი შობასთან დაკავშირებული კეთილი მოგონებები. საბჭოთა კავშირის უკვე მძიმედ ავადმყოფმა ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა 1923 წლის 7 იანვარს შობას, ბავშვებისთვის ნაძვის ხე თავისი დის, მარია ულიანოვას დახმარებით მოაწყო.

 

შობა კი საბჭოთა კალენდარში დასვენების დღედ 1929 წლამდე დარჩა. ამის შემდეგ კი ნაძვის ხეც და თოვლის ბაბუაც „რეპრესირებულთა“ სიაში აღმოჩნდნენ, როგორც ბურჟუაზიული და ანტისაბჭოური ტრადიცია. საშობაო ნაძვის ხე კომუნისტების „ტყვეობაში“ 5 წელზე მეტი დროის განმავლობაში იყო.

 

 

1936 წელს ნაძვის ხის რეაბილიტაცია საბჭოთა პროპაგანდისტის პაველ პოსტიშევის სახელს უკავშირდება, რომელმაც არსებული ინფორმაციით, სტალინს ბავშვებისთვის დღესასწაულის დაბრუნება სთხოვა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მდივანმა იოსებ სტალინმა კი მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

ნაძვის ხის დაბრუნების იდეასთან დაკავშირებით პოსტიშევის პირველი წერილობითი მინიშნება გაზეთ „პრავდაში“ გაჩნდა და აქედან სულ მალე საზოგადოებას ნაძვის ხე დაუბრუნდა, თუმცა ახალი სტატუსითა და ფუნქციით  თუ რევოლუციამდე ნაძვის ხე შობის დღესასწაულს უკავშირდებოდა და მას ამშვენებდა, რეინკარნირებული ნაძვის ხე ახალი წლის სიმბოლო გახდა, რომელმაც ოჯახებში სადღესასწაულო განწყობის პარალელურად საბჭოთა პროპაგანდა შეიტანა.

 

 

რელიგიურ ატრიბუტებს ისეთი მოსართავები შეენაცვლა, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიასა და პატრიოტულ სიმბოლიკას უკავშირდებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან, მაღაზიებში ყველანაირ საახალწლო თემატიკას მოკლებული ვარსკვლავების, დროშების, დირიჟაბლების, ჩარხების, თვითმფრინავებისა და ტანკების, მოგვიანებით კი კოსმოსური ხომალდების ფორმის ნაძვის ხის სათამაშოები ჩნდება.

 

 

 

განსაკუთრებული სააგიტაციო ფუნქცია საახალწლო ინვენტარმა, მათ შორის კი საახალწლო მისალოცმა ბარათებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს შეასრულა. მისალოცები სულაც არ იყო საახალწლო განწყობით გაჯერებული ბარათები, არამედ მძიმე საომარ ხასიათს ატარებდა, მსგავსი წარწერებით: „ჩვენს გზაზე მტერი განადგურებულია, ჩვენ მოვიტანთ გამარჯვებას დამდეგი ახალი წლისთვის!“

 

ფრონტის ხაზზე გასაგზავნი მისალოცი ბარათები, როგორც წესი, ჯარისკაცებს ბრძოლისკენ, გამარჯვებისა და სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდებდნენ. „საახალწლო სალამი სამშობლოს გმირ დამცველებს!“ - დაახლოებით ასეთ შინაარს შეიცავდა ბარათები, რომლებიც საომარი თემატიკის მიხედვით იყო გაფორმებული.

 

ეს ბარათები დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა ხიდის როლს ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებსა და მათ უკან დარჩენილ ოჯახის წევრებს შორის.

 

 

უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა პროფესიონალი მხატვრების მიერ შექმნილი ბარათები ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობს კოლექციონერებს შორის. კომპოზიციის მრავალფეროვნება და ორიგინალურობა სწორედ ის მახასიათებლებია, რის გამოც მათი კოლექციონირება დაიწყეს.

 

 

ოფიციალურად, ნაძვის ხემ თავი იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიმკვიდრა. თუმცა, ამ დროსაც მისი მოსართავები კვლავაც ხაზს უსვამდა იმ იდეოლოგიას, რაც საბჭოთა კავშირში იყო გამეფებული.

 

ზოგადად ნაძვის ხე, პროპაგანდისტული მიზნებისთვის საბჭოთა კავშირში საკმაოდ წარმატებით გამოიყენეს, ამიტომ წლიდან წლამდე ეს სადღესასწაულო ატრიბუტი თავისი მოსართავებით ყველა იმ აქტუალური მოვლენის ისტორიას ჰყვებოდა, რაც კონკრეტულ პერიოდში მიმდინარეობდა  იქნებოდა ეს ცივი ომი და ამერიკის კულტურასთან დაპირისპირება, თუ რბოლა კოსმოსში უპირატესობის მოსაპოვებლად.

 

 

ნაძვის ხემ თავისი მოსართავებით ყველა ეს ისტორია საკუთარ ტოტებზე გადაიტანა. საბჭოთა კავშირის შემდეგ, სადღესასწაულო ნაძვმა პროპაგანდისტული წნეხისგან ამოისუნთქა, თუმცა გაჭირვების ტვირთით დამძიმდა, რაც მის გარეგნულ მხარეს აშკარად დაეტყო.

 

 

სწორედ „ბნელ 90-იანებში“, როდესაც მოსახლეობას არ ჰქონდა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი, საახალწლოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა დაბალხარისხიანი პლასტმასის მოსართავები, რომლებიც ალბათ იმაზე უფრო იყო გათვლილი, რომ არ გამტყდარიყო და რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში „დაემშვენებინა“.

 

ასევე, ამ დროს მოდაში შემოსული უგემოვნო წვიმებიანი ვერცხლისფერი ნაძვის ხეები, რომლებიც სავარაუდოდ იმისთვის შეიქმნა, რომ უშუქობისა და სიბნელის პირობებში ოთახში მეტ­ნაკლებად გამოჩენილიყო  სხვა გამართლება მსგავსი დიზაინის ნაძვის ხის შექმნას რთულია მოუძებნო.

 

 

სადღესასწაულო ილუმინაციები, სანტა კლაუსი, საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები ნაძვის ხის ქვეშ ელიან და სიმღერები, რომლებიც შობა-ახალი წლისგან უკვე განუყოფელია - ეს ის სასიამოვნო სიახლეებია, რომლებიც ჩვენს საახალწლო ტრადიციაში ამერიკულმა კულტურამ დაამკვიდრა.

 

ამერიკულ მასკულტურაში სანტა კლაუსის აქტიურად დამკვიდრებამ საახალწლო სიმღერები კიდევ უფრო დასამახსოვრებელი, წითელი ფერი კი განსაკუთრებით საზეიმო გახადა.

 

 

დღეს, მსოფლიოს ქალაქებს შორის ერთგვარი კონკურსიც კი არსებობს, ვის უფრო ლამაზი და ორიგინალური ნაძვის ხე ედგმება. ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის განათებას ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

დღეს ნაძვის ხე ძირითად შემთხვევაში ირთვება იმის მიხედვით, თუ რისი წელი მოდის, რომელი ფერი იქნება იღბლიანი და დომინანტი და რა ტრენდია ბაზარზე.

 

მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში უპირატესობას ხელნაკეთ მოსართავებს ანიჭებენ, სადაც მსხვრევად და მტვრევად მასალაზე მეტად ეკოლოგიურად სუფთა მასალა ჭარბობს.

 

სათამაშოები რაიმე სახის პროპაგანდასა და იდეოლოგიას აღარ ატარებენ და ისინი მიმზიდველი, გემოვნებიანი, მრავალფეროვანი და გამორჩეულია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი