logo_geo
რამდენს ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში?
- +

1 იანვარი. 2020. 12:15

 

ახალი წლის დღესასწაულს დიდ სიხარულთან ერთად, დიდი ფინანსური ხარჯი ახლავს თან. ამ დროს ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს, უხვი სუფრა ჰქონდეს და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებიც არ დაავიწყდეს.

 

ახალი წელი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, შობა-ახალი წლის საჩუქრებში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება.

 

 

AMBEBI.GE დაინტერესდა იმით, საშუალოდ რა თანხას ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში. ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და საერთო ჯამში, 50-მდე ადამიანი გამოვკითხეთ, რომელთა ასაკი 20-დან 45 წლამდე მერყეობს. ჩვენი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა საახალწლო საჩუქრებში 200 ლარამდე თანხას ხარჯავს.

 

საინტერესოა, რომ იმ ადამიანთა შორის, რომლებიც საახალწლო საჩუქრებს არ ყიდულობენ, 80% მამაკაცია. როგორც ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები ამბობენ, მართალია, იანვარში უფულობის გამო წუწუნებენ და ეკონომიკური პრობლემები ექმნებათ, მაგრამ საახალწლო საჩუქრებს გვერდს მაინც ვერ უვლიან.

 

ნატა, 32 წლის: „საჩუქრებს ძირითადად ახალ წლამდე ორი კვირით ადრე ვყიდულობ. შარშან 100 ლარი დავხარჯე, მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს უფრო მეტი დამეხარჯება. იმდენი ადამიანია, ვისაც რაღაც უნდა ვუყიდო, ძალიან იაფიანი საჩუქრებიც რომ შევარჩიო, მაინც ბევრზე ადის“.

 

საბა, 28 წლის: „საჩუქრებს არ ვყიდულობ არავის, მაგრამ სხვები მჩუქნიან. კი, ვიქცევი ეგოისტურად, მაგრამ არ არის ჩემი სტილი ეს საჩუქრების შერჩევა, არ შემიძლია“.

 

ლია, 39 წლის: „ახალ წელს ოჯახის ხარჯი ისედაც დიდია და ამას საჩუქრებიც ემატება. ბოლოს ასი ლარით ვრჩები ხოლმე და წარმოუდგენელია, ეს თანხა შედეგ ხელფასამდე გეყოს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხელფასები არ გვაძლევს საშუალებას, ყველა გავახაროთ და ახლა ვფიქრობ, შევამცირო იმ ადამიანების სია, რომლებსაც რამე უნდა ვაჩუქო, ასევე საჩუქრების ღირებულებაც. 200 ლარზე ნაკლები თანხა საჩუქრებში ბოლო წლებია არ დამიხარჯავს“.

 

თეა, 24 წლის: „ძირითადად მეგობრებისთვის ვყიდულობ ხოლმე შედარებით ნაკლებფასიან საჩუქრებს და ვცდილობ, 100 ლარს არ გადავაჭარბო. ძალიან მიყვარს საჩუქრების გაცემის და მიღების პროცესიც. ახალი წელი მგონი ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან“.

 

დათა 32 წლის: „50 ლარზე მეტს საჩუქრებში არ ვხარჯავ. ძირითადად ჩემით ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს, ხელნაკეთ ნივთებს, რომლებსაც მეგობრებს, ოჯახის წევრებს ვჩუქნი. მგონია, რომ ასეთი საჩუქრები უფრო ღირებულია“.

 

გაცილებით მეტი თანხა იხარჯება საშობაო და საახალწლო საჩუქრებში განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხელფასები საქართველოსთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალია.

 

მაგალითად, გელაპის კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე ამერიკელი საშობაო საჩუქრებში 900-დან 1000 დოლარამდე თანხას ხარჯავს. ამერიკელები საჩუქრებს ძირითადად ფასდაკლებების დროს ყიდულობენ. როგორც წესი, მათი ძირითადი ნაწილი ერთმანეთს ჩუქნის ტექნიკას, სამოსს, რომელსაც ფასდაკლებების დროს იაფად ყიდულობენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი