logo_geo
როგორ აქცია „ყველაზე მახინჯმა ქალმა“ გარეგნობა შემოსავლის წყაროდ
- +

20 იანვარი. 2020. 17:17

 

მერი ბევანი ლონდონში, მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა. მას ადრეულ ასაკში მოუწია სამუშაოს დაწყება. სამსახური იშოვა მედდად, ჰოსპიტალში. იმ დროათვის, მე-19 საუკუნის მიწურულს,  მერი საკმაოდ მიმზიდველ გოგონად ითვლებოდა. ის დიდ ოჯახზე ოცნებობდა. 29 წლის ასაკში, მერი ტომას ბევანზე გათხოვდა და 4 შვილიც გააჩინა, თუმცა მალევე, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა: დაეწყო შაკიკი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ექიმები ვერ იგებდნენ, თუ რა დაავადებასთან ჰქონდათ საქმე.

დიდი ოჯახის გაძღოლას დედის განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებოდა, რის გამოც, მერი თავს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა, ის დღედაღამ შრომობდა, შედეგად კი, თანდათან გაუძლიერდა სიმპტომები: დაუგრძელდა სახე, სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, ხელები გაუუხეშდა და ქალური ფორმები თანდათან დაკარგა. ულამაზესი მისის ბევანისგან აღარაფერი დარჩა.

 

დაავადება, რომელიც მერის ჰქონდა, მედიცინაში აკრომეგალიის სახელითაა ცნობილი. ეს არის ნეირო-ენდოკრინული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზრდის ჰორმონის გაძლიერებული გამომუშავებასთან. ამ ჰორმონის დიდი რაოდენობით გამოყოფა იწვევს სიმაღლეში ზრდას, კიდურების დაგრძელებას, რასაც თან ახლავს თავისა და სახსრების ტკივილი. აკრომეგალია წარმოიშობა ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნისგან. ხშირ შემთხვევებში მას მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. დღეს ამ დაავადებას წარმატებით მკურნალობენ, მაგრამ იმ დროისათვის, დაავადების მკურნალობაზე ინფორმაცია არ არსებობდა. მერის განკურნების არავითარი შანსი არ ჰქონდა. დღითიდღე, სარკეში ჩახედვისას, მერი ამჩნევდა, თუ როგორ ქრებოდა მისი სილამაზე.

 

მისტერ ბევანი ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა და აზრადაც არ მოსვლია მერის მიტოვება. ქორწინების 11 წლის თავზე მისის ბევანი დაქვრივდა და 4 შვილთან მარტოდმარტო დარჩა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ, მერი ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებოდა, რათა შვილები გამოეკვება. კარგ სამსახურში არ იღებდნენ, გარეგნობის გამო, ქუჩაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, დასცინოდნენ. სახლიდან მისი ყოველი გასვლა დიდ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა კი, უკან-უკან მიდიოდა.

 

სწორედ ამ რთულ პერიოდში გაიგო მერიმ, რომ ინგლისში „ყველაზე მახინჯი ქალის“ შესარჩევი კონკურსი იმართებოდა. გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ მიიღო, რადგან კონკურსანტებისთვის, მთავარი პრიზად,  სოლიდური თანხა იყო გათვალისწინებული. მერიმ კონკურსში გაიმარჯვა და სოლიდურ თანხასთან ერთად, ინგლისის „ყველაზე მახინჯი ქალის“ ტიტულიც დაიმსახურა. თუმცა, ამავე დროს, პრესაში გამოჩნდა ერთმანეთზე საშინელი სტატიები, რომელთა კითხვა მას დიდ ტრავმას ანიჭებდა...

 

ყველაფრის მიუხედავად, მერიმ შეუძლებელი შეძლო, - თავისი ტრაგედია და უბედურება სტაბილურ შემოსავლის წყაროდ აქცია. 1920 წელს, მერის აშშ-ის ცირკსა და „დრიმლენდ-პარკში“ წარმოდგენების გამართვა შესთავაზეს. ის მონაწილეობდა წარმოდგენებში, სადაც წარმოაჩენდა თავის არატიპიურ გარეგნობას. მერი გამოდიოდა ფერად ტანსაცმელში, რათა კიდევ უფრო გაესვა ხაზი თავისი განსხვავებული გარეგნობისთვის. მასთან ერთად გამოდიოდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ასევე უჩვეულო გარეგნობით გამოირჩეოდნენ: წვეროსანი ქალები, ჯუჯები, გოლიათები, სიამის ტყუპები… იმ დროისათვის პუბლიკას მოსწონდა მსგავსი სიმახინჯეების ყურება.

 

მისის ბევანი ჯგუფის წევრებში პოპულარობით გამოირჩოდა. სიცოცხლის ბოლომდე მერი ბევანი ამერიკულ ცირკში მუშაობდა. ის 1933 წელს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილებს კი, ანდერძად დაუტოვა, დაესაფლავებინათ ინგლისში, მშობლიურ მიწაზე.

 

რთული ცხოვრება გაიარა მოსიყვარულე დედამ, რომელიც არ გატყდა „მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის“ ტიტულის ტარებით. მას არ ჰქონდა არჩევანის საშუალება. ეს კი ერთადერთი შანსი იყო საკუთარი თავისა და შვილების გადარჩენისა. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, ეს დაავადება რომ არ შეჰყროდა. ასეთ შემთხვევაში მასზე არც არაფერი გვეცოდინებოდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი