logo_geo
რატომ არ უყვარდა სალვადორ დალის თავისი და - „მან გაყიდა ყველა, თავდაპირველად, თავისი ოჯახი“
- +

26 იანვარი. 2020. 14:40

 

გენიალურ ესპანელ მხატვარს, სალვადორ დალის (სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი) ბავშვობისა და სიყმაწვილის წლებში განსაკუთრებით უყვარდა თავისი უმცროსი და – ანა მარია დალი (1908-1989 წლები). ამიტომაც გამოსახავდა ხოლმე იგი ძალიან ხშირად თავის შედევრ-სურათებზე მის პორტრეტებს.

 

ერთხელ, ახალგაზრდა ასაკში მყოფი სალვადორ დალისთვის უკითხავთ – რატომ არის თქვენი სურათების დიდ ნაწილზე ესოდენ ხშირად გამოსახული თქვენი და – ანა მარია და პეიზაჟიო? - რაზეც ხელოვანმა გულწრფელად უპასუხა – იმიტომ, რომ ორივე მათგანი იაფი მუშახელია და ამასთან, ჩემთვის მარტივად მისაღწევიო.

 

თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, და-ძმას შორის ურთიერთობა გაცივდა. ამის უმთავრეს მიზეზს მხატვრის პოლიტიკური მსოფლმხედველობა და მისი სოციალური ოპორტუნიზმი წარმოადგენდა.

 

სახელოვანი ესპანელი კინორეჟისორი ვენტურა პონს სალა გულწრფელად აღიარებდა სალვადორის გენიალურობას, თუმცა აქვე, გულწრფელადვე აღნიშნავდა, რომ „დალიმ გაყიდა ყველა. თავდაპირველად, გაყიდა თავისი ოჯახი, შემდეგ პიკასო, ბუნიუელი და ფრანსისკო ფრანკოს ტირანული რეჟიმის მსხვერპლთა სიმბოლოდ ქცეული გაბრიელ გარსია ლორკა“.

 

ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, მხატვრის და, ანა მარია დალი, მრავალი სხვა მისი თანატოლი გოგონას მსგავსად, ფრანკოს სასტიკმა რეჟიმმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯალათებისათვის კარგად იყო ცნობილი, თუ ვისი ღვიძლი და იყო ფედერიკო გარსია ლორკაზე შეყვარებული გოგონა, ის მაინც საშინლად აწამეს და არა მხოლოდ აწამეს, არამედ – იძალადეს კიდევაც მასზე.

 

ანა მარია ორი კვირის განმავლობაში ფრანკისტი ჯალათების ტყვეობაში იმყოფებოდა, თუმცა ბრალდების აბსურდულობის გამო, პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს. ამ პერიოდში გაძარცვეს და გაანადგურეს სახლი, სადაც ანა მარია ცხოვრობდა, სადაც დაიბადა და აღიზარდა მისი სახელოვანი ძმა სალვადორ დალი.

 

ფრანკოს რეჟიმის მიმართ, ლოიალურად განწყობილ სალვადორს, რომელიც მეგობრობდა კიდევაც მასთან, ერთი სიტყვა არ შეუწევია ანა მარიასათვის. მას ერთი სანუგეშო სიტყვაც არ უთქვამს ფრანკოს რეჟიმის მიერ სასტიკად ნაწამები და უკიდურესად შეურაცხყოფილი დისთვის, იმ დისთვის, რომელიც ოდესღაც ძმას აღმერთებდა.

 

ღრმა დეპრესიიდან ანა მარია მეგობრების გონივრულმა რჩევებმა გამოიყვანეს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან მემუარების დაწერას. გოგონამ გაითვალისწინა ყოველივე ეს და მემუარების წერა დაიწყო. შედეგად, სალვადორ დალის და პროფესიონალ მწერალად ჩამოყალიბდა. მისმა კალამმა არამხოლოდ სალვადორის, არამედ, ფედერიკო გარსია ლორკას შესახებაც მნიშვნელოვანი მოგონებები შემოგვინახა. იმ ლორკას შესახებ, რომელიც ანა მარიას ყველასაგან მალულად უყვარდა უსაზღვროდ შეჰყვარებოდა.

 

გენიალური ესპანელი მხატვრის, ფერმწერის, გრაფიკოსის და სკულპტორის – სალვადორ დალის შემოქმედება 60-ოდე ნამუშევარს ითვლის.

 

მხატვრობაში იგი სიურეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო  წარმომადგენელია. დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობდა. მან პოპულარობა და აღიარება 1929 წლიდან მოიპოვა.

 

 

წყარო: genia.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი