logo_geo
იმამ შამილი და ბატონიშვილი ალექსანდრე - კავკასიის ცნობილი ფიგურების ისტორია
- +

26 იანვარი. 2020. 18:37

 

იმამ შამილის შესახებ სხვადასხვა საისტორიო წყაროებიდან ცნობილია, რომ  იყო ცნობილი  პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე,  იმამად აღიარებული1834 წელს, რომელმაც ჯერ დასავლეთ დაღესტნისა და ჩაჩნეთის, შემდეგ კი ჩერქეზეთის ხალხი გააერთიანა თეოკრატიულ სახელმწიფოში  იმამათში და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა რუსული მმართველობის შემოსვლას რეგიონში.

 

მოგვიანებით  გახდა ჩეჩნეთ–დაღესტნის მესამე იმამი და 25 წელი მეთაურობდა დაღესტნისა და ჩეჩნეთის მთიელებს რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში. მეტისმეტად სძულდა რუსობა – ისე არ ახსენებდა მათ სახელს, რომ ზედ „დონღუზ“(„ღორი“) არ დაეყოლებინა. უპირონი, მოღალატენი  და გაუტანლები არიან, კაცი ვერ ენდობა მაგათო. შამილს ჰქონდა დიდი სამხედრო ტალანტი და ორგანიზატორის ნიჭი – უდრეკი ნებისყოფა და შეუპოვრობა.

 

1840–იან წლებში შამილმა მოიპოვა რიგი მნიშვნელოვანი გამარჯვებები რუსულ ჯარზე. ყირიმის 1853–56 ომის წინარე პერიოდში,   დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის დახმარების იმედით, შამილმა გაააქტიურა თავისი მოქმედებები, მაგრამ წარუმატებლობა განიცადა. 1856 წლის პარიზის მშვიდობიანი ხელშეკრულების შემდეგ რუსეთმა შამილის წინააღმდეგ თავი მოუყარა დიდ ძალებს: კავკასიის კორპუსი გარდაიქმნა 200000 კაციან არმიად. 1856–60იან წლებში ნელ–ნელა იკვრებოდა წრე იმამატის გარშემო. 1859 წელს დაეცა შამილის რეზიდენცია – აული ვედენო. ივნისის შუა რიცხვებში ფარ–ხმალი დაყარეს წინააღმდეგობის უკანასკნელმა კერებმა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე.   რუსეთისაგან ჩეჩნეთის დაპყრობის შემდეგ ომი კიდევ 5 წელს გრძელდებოდა – შამილი 400 მიურიდთან ერთად გაიქცა დაღესტნის აულ გუნიბში. 1859 წლის 25 აგვისტოს შამილი გარშემორტყმულიაღმოჩნდა 400 თანამებრძოლთან ერთად გუნიბში და 26 აგვისტოს ჩაბარდა ტყვედ. იგი გადასახლებული იყო კალუგაში, შემდეგ კი კიევში. 1870 წელს ალექსანდრე   II–მ მას ნება დართო მექაში  მომლოცველად წასვლისა. ჰაჯის შესრულების შემდეგ იგი ეწვია მედინას, სადაც აღესრულა კიდეც.

 

ქართულ საისტორიო წყაროებში არაერთი გადმოცემით არის დადასტურებული კავკასიის ამ შეუდრეკელი გმირის კავშირი ბაგრატიონთა სამეფო გვარეულობასთან.

 ალ.ფრონელის წიგნში „მთის არწივი შამილი“ ნათქვამია შამილის წარმომავლობაზე: „როდესაც ალექსანდრე ბატონიშვილი, ძე ერეკლე მეფე მეორისა, იყო დევნილი რუსთაგან, მაშინ იგი გადაიხვეწა დაღესტანში, ავარში, სოფელ სოკოლოს, რომელიც არის გიმრის მახლობლად. ამ განდევნილობის ჟამში ალექსანდრემ, როგორც უცოლო ასაკოვანმა ვაჟკაცმა შეიყვარა რომელიმე ლეკის საშუალებით ერთი ლეკის, სახელად დენგაუს ცოლი, ქალი ლამაზი და მათი შეერთებიდგან დაიბადა შამილი, რომელიც განითქვა შემდეგ დაღისტნის იმამად და შეიქმნა ძლიერ განთქმული რუსების მტერი. თვით დენგაუ იყო კაცი ძრიელ ლაღი და სუსტი ჭკუის. ხელობა იმისი იყო მხოლოდ წყლის ზიდვა საკიდრით მდინარედგან და არა მეტი ხელობა მას არ შეეძლო. მცხოვრები იყო სოფელ გიმრის და, როგორც ამბობენ, არ შესძლებოდა მას სისუსტისა გამო შესრულება ცოლ–ქმრობის წესებისა.“ ( აღსანიშნავია, რომ დენგაუს შესახებ, შამილის ბიოგრაფი მ. ჩიჩაგოვა გვატყობინებს, რომ მას ალკოჰოლის მიმართაც ჰქონია  მისწრაფება და შამილი ბავშვობაშივე შეაგონებდა ყურანის მიხედვით ღვინის მავნებლობას, მაგრამ არაფერი ჭრიდა, ვიდრე თავის მოკვლით არ დამუქრებია).

 

საკუთარი ვარაუდების მხარდასაჭერად ალ. ფრონელს მოჰყავს  შამილის თანამემამულეთა დასკვნებიც: „ამ თვალსაზრისს ადასტურებს მოხუც ლეკთაგან მოსმენილი გადმოცემებიც –  დედა რომ გაუწყრებოდა შამილს, მობეზრებული მისი ცელქობით, წააყვედრებდა ხოლმე: არ დასცხრები, შე გიაურო და გურჯის შვილოვო!“

 

ალ. ფრონელის დასკვნით: „მთის ბატონი შამილ, ეს შეუდარებელი იმამი დაღესტნისა უბრალო ლეკი არ იყო, ჩვენ გვჯერა, რომ შამილის ძარღვებში სჩქეფდა ქართველის სისხლი“.

 

ვაჟა-ფშაველას საინტერესო მოგონებები დარჩა დაღესტანში, ალექსანდრე ბატონიშვილის ცხოვრებაზე. სოფელ გიმრზე, სადაც ბატონიშვილი კარგა ხანს ცხოვრობდა; ლამაზი ლეკის ქალზე, მშვენიერ ბიჭუნაზე, რომელიც გასაოცრად ჰგავდა მას. ფშაური თქმულებაც ჩაუწერია ვაჟა–ფშაველას: „პირველად, როცა ბატონიშვილი ალექსანდრე გაიქცა და მტრობა გამოუცხადა რუსის მთავრობას, მიჰმართა მთას. ბატონიშვილს ყველგან უნდოდა მომხრეები ეშოვნა. ამ მიზნის მისაღწევად დაღესტანშიაც კი იმყოფებოდა. ფშავისა ხომ ხშირი სტუმარი იყო, სადაც ნათლიდედები და ნათლი–მამები გაიჩინა. უამისოდაც ზოგიერთ ოჯახებთან ძლიერ დაახლოვებული იყო ბატონიშვილი. ერთი ამისთანა ოჯახი ხახა ქისტაურისა იყო, სადაც ერთხელ ქეიფობის დროს ბატონიშვილმა წარმოსთქვა თურმე: „ეჰ, მე იქნება ამოდენა ტანტალში უძეოდ მოვკვდე. თუმცა კი არც უძეო ვარ, მხოლოდ ის მენანება, რომ ჩემი თესლი დარესტანში დარჩაო“.

 

ბასილ მელიქიშვილის ნოველაში “მკერდშებოლილი მერცხალი“ ალექსანდრე ბატონიშვილი მაღლა აიტაცებს და გულში ჩაიკრავს პატარა, მაგრამ მიმინოსებური მზერით ღობესთან მდგარ ბალღს. ლეკები ერთმანეთს გადაულაპარაკებენ:

 

 -„შამილსა ჰკოცნის, მეგოდრის შვილსა!

 

 -მეგოდრისა კი არა, მისი შვილია...“

 

ალ.კალანდაძე თავის რომანში გულში გააფიქრებინებს ბატონიშვილს:

 

„–წაიყვანე ბარში! საქართველოს დაუბრუნე!

 

 –არა, სჯობს ამ მთებს ემსახუროს! არ იქნება იქ ბედნიერი. დრო მოვა, ჩვენ უსათუოდ გავიცნობთ ერთმანეთს!“

 

ერთი თუშური ზეპირი გადმოცემა გვაუწყებს:   თუში გლეხი ტყვედ აუყვანიათ ლეკებს და შამილისთვის მიუგვრიათ. დაღესტნის იმამს კი მისთვის უთქვამს: რას მერჩით, ქართველებო, ჩვენ ხომ საერთო მიზანი გვაქვს – რუსებისგან გათავისუფლება. მე ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი ვარ და მსურს, აღვადგინო ჩემი წინაპრების ტახტიო.

 

წიგნში „ვაინახები და ქართველი მთიელები“ ხვთისო მამისიმედაშვილი შამილის მიერ საკუთარი წარმომავლობის ცნობის საინტერესო ინტერპრეტაციას იძლევა: „როგორც ცნობილია, ამ გარემოებას თვით იმამიც არ უარყოფდა. ვინ იცის, იქნებ გამარჯვების შემთხვევაში სურდა კიდეც კავკასიის გაერთიანება, თავის გამოცხადება ბაგრატიონთა მემკვიდრედ და თავზე საქართველოს სამეფო გვირგვინის დადგმაც“.

 

გარეშე მიუმხრობელი წყაროებიდან შამილის ქართული წარმოშობა დასტურდება „რუსეთის საიმპერიო კავშირ–ორდენის“ მიერ, ლოს–ანჯელესის და სამხრეთ კალიფორნიის არქიეპისკოპოს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ანტონის რედაქციით გამოცემულ წიგნში: „რუსეთის საიმპერატორო ტახტის სამემკვიდრეო“, სადაც ვკითხულობთ: „მეფე ერეკლე II-ის ვაჟი ალექსანდრე კვლავაც ინარჩუნებდა მტრულ პოზიციას. მან დიდხანს დაჰყო დაღესტანში. იქ გავრცელებული გადმოცემით, შამილი მისი უკანონო ძე იყო.“   

 

ინგლისელი ოფიცერი მანტეისი კი წერდა: ,,ყველაზე ძვირფასი, რაც ალექსანდრე ბატონიშვილს ამქვეყნად დარჩა, მოწაფე და მიმდევარი შამილი იყო - მისი ასლი და კვალი შესახედავად და იდეებით, დაუძინებელი მტერი რუსეთისა!“

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი