აშშ-ში, მიჩიგანელმა კაცმა 35 დოლარად მეორადი დივანი შეიძინა, თუმცა, იგი მოუხერხებელი მოეჩვენა, რის შემდეგაც მისმა შვილმა დივანი დაშალა და აღმოაჩინა, რომ მასში 43 000 დოლარი იყო. მამა-შვილმა თანხა დივანის ყოფილ პატრონს დაუბრუნა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, ადგილობრივი ტელეარხი WNEM ავრცელებს.
როგორც WNEM-ის სიუჟეტშია მოთხრობილი, მიჩიგანის მცხოვრებმა ჰოვარდ კირბიმ 2019 წლის დეკემბერში საკომისიო მაღაზიაში დივანი შეიძინა. იგი ნივთს რამდენიმე კვირის განმავლობაში იყენებდა და მუდმივად ფიქრობდა, რომ დივანი მოუხერხებელია. შემდეგ, შეძენილი ნივთი მისმა შვილმა დაშალა და აღმოჩნდა, რომ მასში 40 000 დოლარზე მეტი იყო დამალული.
ჰოვარდ კირბიმ მომხდარის შესახებ კონსულტაცია ადვოკატთან გაიარა, რომელმაც უთხრა, რომ მას არ ჰქონდა ვალდებულება, ფულის პატრონი მოეძებნა და თანხის თავისთვის დატოვება შეეძლო, თუმცა კირბი სხვაგვარად მოიქცა – იგი მივიდა საკომისიო მაღაზიაში, ფაქტის შესახებ განაცხადა და ნივთის ყოფილი მეპატრონის მოძებნა მოითხოვა.
საბოლოო ჯამში, დივანის პატრონი იპოვეს, რომელსაც კირბიმ მთელი ფული დაუბრუნა.
„ყოველთვის ვფიქრობდი, როგორ მოვიქცეოდი, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი. ახლა ვიცი – და ამიტომაც, თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ“, – განაცხადა კირბიმ.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=FR8uCkJqUlw&feature=emb_logo