logo_geo
შეიძლება თუ არა, ზამთარში უქუდოდ სიარულმა მენინგიტი გამოიწვიოს
- +

27 იანვარი. 2020. 15:38

 

 

ბევრი მშობელი შვილს ზამთარში უქუდოდ სიარულის გამო საყვედურობს. საზოგადოების ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომ უქუდოდ სიარულის ან სველი თმით ქუჩაში გასვლისას, თავის გაციების შემთხვევაში, შეიძლება ვირუსული მენინგიტი განვითარდეს. ფაქტის გადასამოწმებლად ინფექციონისტ კახა ჩომახიძეს მივმართეთ.

 

„მენინგიტი ანთებაა და თავის გაციებით არ ვითარდება. მას სხვადასხვა ბაქტერია და ვირუსი იწვევს და უქუდოდ სიარული კავშირში არ არის. ვირუსი უნდა გადაედოს პაციენტს, რომ ვირუსული მენინგიტი დაემართოს. ამიტომ, კონკრეტული მოსაზრება მცდარია. ზამთარში, ცურვაზე რომ დაჰყავთ ბავშვები, გაციების თავიდან აცილების მიზნით, კარგია, ქუდს თუ დააფარებენ, მაგრამ ამის გამო მათ თავის ტვინის ანთება არ დაემართებათ“, - ამბობს კახა ჩომახიძე.

 

უქუდოდ სიარულს მენინგიტის გამომწვევ მიზეზად არც ნევროლოგი გოჩა ჩიქვინიძე მიიჩნევს.

 

ვირუსულ მენინგიტს ვირუსული ინფექცია იწვევს, ვირუსული ინფექცია კი უქუდოდაც შეიძლება შეგხვდეთ და ქუდის დახურების შემთხვევაშიც. არც სველი თმით ქუჩაში სიარული შეიძლება ჩავთვალოთ ვირუსული მენინგიტის გამომწვევ მიზეზად“, - ამბობს ნევროლოგი.

 

უფრო კონკრეტულად, რა შეიძლება გამოიწვიოს უქუდოდ სიცივეში სიარულმა, ოჯახის ექიმი ანა ბარათაშვილი განმარტავს:

 

სიცივეში უქუდოდ, სველი თმით სიარულმა შეიძლება სახის მიდამოში რომელიმე ტოტის ანთების ან სამწვერა ნერვის ნევრალგიის პროვოცირება მოახდინოს. იმის მიხედვით, თუ რომელი ტოტია, სიმპტომებიც განსხვავებულია. ადამიანს რამდენიმეღრუიანი ძვალი აქვს სახის მიდამოში, მათ შორის, შუბლის მიდამოსა და თვალბუდის ქვემოთ, სადაც ჰაიმორის ძვალია. ამ მიდამოში დაწყებულ ანთებით პროცესს სინუსიტი ჰქვია. სიცივემ არ შეიძლება არც ვირუსული და არც ბაქტერიული ინფექციის წარმოქმნა განაპირობოს, მაგრამ თუ ქრონიკული პრობლემა აქვს ადამიანს, შესაძლოა, გამწვავება გამოიწვიოს. ნებისმიერი ინფექციური პროცესი, რაც ზედა სასუნთქ გზებს ეხება, ეს იქნება სურდო, ყურის ტკივილი თუ სინუსების პრობლემა, არ შეიძლება სიცივემ გამოიწვიოს. უბრალოდ, შესაძლოა მიმდინარე პროცესის გამწვავება მოახდინოს, რადგან თითოეულ მათგანს თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს - ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია“, - განაცხადა ანა ბარათაშვილმა.

 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მენინგიტის საშიშოება არ გემუქრებათ, ზამთარში უქუდოდ სიარულის გამო, შესაძლოა, გაცივდეთ და ყურის ანთება ან ჰაიმორიტიც კი დაგემართოთ, მით უფრო, თუ გარეთ თავდაბანილი, უქუდოდ გახვალთ.

 

ამიტომ, გაციების და ბევრი მისი თანმდევი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, სიცივეში, ქარსა და ყინვაში ეცადეთ, ქუდი იქონიოთ, განსაკუთრებით - ბავშვებმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი