logo_geo
სიბრიყვის 5 კანონი
- +

8 მარტი. 2017. 19:42


 


იტალიელი ისტორიკოს-ეკონომისტი კარლო ჩიპოლა ღრმად საფუძვლიანად მიუდგა სიბრიყვის ბუნების საკითხს. სწავლულმა, მრავალი წლის მანძილზე კვლევის საფუძველზე, ნებისმიერ საზოგადოებაში მომუშავე, ხუთი უნივერსალური კანონის ფორმულირება მოახდინა. აღმოჩნდა, რომ სიბრიყვე თავის თავად გაცილებით სახიფათოა, ვიდრე წარმოგვიდგენია.

 

სიბრიყვის პირველი კანონი


ადამიანი სათანადოდ არასოდეს აფასებს მის ირგვლივ მყოფი იდიოტების რაოდენობას.


ბანალურად ჟღერს, მაგრამ ცხოვრება მის ჭეშმარიტებას ამტკიცებს. როგორც არ უნდა აფასებდეთ ადამიანებს, თქვენ მუდმივად აღმოჩნდებით შემდეგნაირ სიტუაციაში:

 

# ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჭკვიანად და რაციონალურად გამოიყურებოდა, აღმოჩნდება, რომ წარმუდგენლად იდიოტია;


# ბრიყვები სულ ყველაზე მოულოდნელ ადგილას და შეუფერებელ დროს აღმოჩნდებიან ხოლმე, რათა თქვენი გეგმები ჩაშალონ.


სიბრიყვის მეორე კანონი


იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანი ბრიყვია, არ არის დამოკიდებული მის სხვა თვისებებსა და ღირსებებზე.


დაკვირვებებისა და ცდების წლებმა მიმიყვანეს იმ აზრამდე, რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი, ერთნი ბრიყვები არიან, მეორენი - არა, და ეს თვისება ბუნებით მოსდევთ და არა - კულტურული ფაქტორებიდან გამომდინარე. ადმიანი ისევეა ბრიყვი, როგორც - მწითური, ან პირველი ჯგუფის სისხლის მქონე. ის ასეთად დაიბადა განგების ნებით, თუ გნებავთ.


განათლებას არაფერი აქვს საერთო საზოგადოებაში ბრიყვთა რაოდენობის განსაზღვრასთან. ეს დაადასტურა მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა უნივერსიტეტებში ხუთ ჯგუფზე: სტუდენტები, ოფისში მომუშავეები, მომსახურე პერსონალი, ადმინისტრაციის თანამშრომლები და პედაგოგები. როდესაც დაბალკვალიფიციური სტუდენტების ჯგუფს ვუკეთებდი ანალიზს, ბრიყვთა რიცხვი დიდი აღმოჩნდა, რასაც ველოდი (პირველი კანონი), და ეს მივაწერე სოციალურ პირობებს: სიღარიბე, სეგრეგაცია, დაბალი განათლება. მაგრამ სოციალურ კიბეზე აღმასვლისას, იგივე თანაფარდობა დავინახე თეთრ საყელოიანთა და სტუდენტებს შორის. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო იგივე რაოდენობა პროფესურაში. ვიღებდი პატარა პროვინციის კოლეჯსა თუ დიდი უნივერსიტეტს, პედაგოგთა ერთი და იგივე წილის სიბრიყვე ვლინდებოდა.


შედეგებით იმდენად განვცვიფრდი, რომ გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა ინტელექტუალურ ელიტაზე - ნობელის ლაურეატებზე. შედეგმა ბუნების სუპერძალა დაადასტურა: იგივე განსაზღვრული რაოდენობა ლაურეატებისა აღმოჩნდა ბრიყვი.


იდეა, რომელსაც მეორე კანონი გამოხატავს, ძნელად მისაღებია, მაგრამ მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტები მის სინამდვილეს წყალშეუვალს ხდის. ფემინისტები მეორე კანონს მხარს დაუჭერენ, რადგან ის ამბობს, რომ სულელები ქალთა შორის არ არიან უფრო მეტნი, ვიდრე კაცთა შორის. მესამე მსოფლიოს ქვეყნების მცხოვრებოლები გულს დაიმშვიდებენ იმით, რომ განვითარებული ქვეყნები არც ისე განვითარებული ყოფილან. მეორე კანონის შედეგები გვაფრთხობს: იტრიალებთ ბრიტანეთის უმაღლეს საზოგადოებაში, თუ გადახვალთ პოლინეზიის თავებზე მონადირე ადგილობრივებთან; აღიკვეცებით მონასტერში, თუ დარჩენილ ცხოვრებას მეძავი ქალების გარემოცვაში, კაზინოში გაატარებთ, თქვენ მოგიწევთ შეხვდეთ ისეთი რაოდენობის იდიოტებს, რაც ყოველთვის გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს.


სიბრიყვის მესამე კანონი


ბრიყვი - ეს არის ადამიანი, ვისი მოქმედებაც ზიანს აყენებს სხვა ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, და ამასთან არ მოაქვს სარგებლობა, ან სულაც ზიანი მოაქვს თავად მოქმედი პირისათვის.


მესამე კანონი გულისხობს, რომ ადამიანები იყოფიან 4 ჯგუფად: უბრალოები, ჭკვიანები, ყაჩაღები და ბრიყვები.

 

თუ ჭიჭიკო მოქმედებს ისე, რომ ნახულობს დანაკარგებს და მოაქვს სარგებელი ბიჭიკოსთვის, მაშინ ის უბრალოებს მიეკუთვნება. თუ ჭიჭიკო აკეთებს რამეს, რასაც მისთვისაც და ბიჭიკოსთვისაც სარგებელი მოაქვს, ის ჭკვიანია, რადგან ჭკუით მოქმედებს. თუ ჭიჭიკოს მოქმედებას მისთვის მოგება მაქვს, ხოლო ბიჭიკო ამის გამო ზარალდება, მაშინ ჭიჭიკო - ყაჩაღია. დაბოლოს ჭიჭიკო ბრიყვია, თუ ორივე მხარე მინუსებშია.


ადვილი წარმოსადგენია ზიანის მასშტაბი, რომლის მიყენებაც სულელებს შეუძლიათ მმართველ ორგანოებში მოხვედრისას და პოლიტიკური და სოციალური ბერკეტების ფლობისას. საჭიროა ცალკე დავაზუსტოთ, თუ კონრეტულად რითია სულელი საშიში.


ბრიყვი ხალხი საშიშია იმიტომ, რომ რაციონალური ადამიანები ვერ განსაზღვრავენ არაგონივრული ქცევის ლოგიკას. ჭკვიან ადამიანს შეუძლია გაიგოს ყაჩაღის ლოგიკა, რადგან ყაჩაღი რაციონალურია - მას მხოლოდ სურს მეტი სარგებელი მიიღოს და ამასთან არასაკმარისად ჭკვიანია, რომ ის გამოიმუშაოს. ყაჩაღი პროგნოზირებადია, ამიტომ მის წინააღმდეგ დაცვის შემუშავება შესაძლებელია. ბრიყვის მოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია, ის თქვენ გავნებთ უმიზეზოდ, უმიზნოდ, გეგმის გარეშე, ყველაზე მოულოდნელ ადგილას, ყველაზე შეუფერებელ დროს. თქვენ არ გაგაჩნიათ საშუალება გამოიცნოთ, როდის განახორციელებს დარტყმას იდიოტი.

 

ბრიყვის შეტევა, ჩვეულებრივ, სახტად გვტოვებს.


მაშინაც კი როდესაც შეტევა თვალსაჩინოა, მისგან დაცვა რთულია, რადგან არ გააჩნია რაციონალური სტრუქტურა.


ეს ისაა, რაზეც შილერი წერდა: „სიბრიყვის წინააღმდეგ, ღმერთებიც უძლურნი არიან".

 

სიბრიყვის მეოთხე კანონი


არაბრიყვები ვერასოდეს აფასებენ ბრიყვთა დამანგრეველ პოტენციას.


კერძოდ, არაბრიყვებს მუდმივად ავიწყდებათ ის, რომ სულელთან საქმის დაჭერა, დროის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ გარემოებაში - ნიშნავს შეცდომის დაშვებას, რომელიც მომავალში ძვირი დაჯდება.

 

„უბრალოები", ჩვეულებრივ, ვერ განსაზღვრავენ ბრიყვთა საფრთხეს, რაც არაა გასაკვირი. საკვირველი სწორედ ისაა, რომ ბრიყვებს ვერ აფასებენ ჭკვიანებიც და ყაჩაღებიც. ბრიყვის თანდასწრებით ისინი ეშვებიან და სიამოვნებას იღებენ საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობით, იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ მობილიზება მოახდინონ და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანი, როდესაც სულელი რამეს ჩაიდენს.


გავრცელებული სტერეოტიპი - რომ სულელი მხოლოდ თავის თავს ვნებს, არასწორია, არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ბრიყვი და უმწეო „უბრალო". არასოდეს შეხვიდეთ ბრიყვთან ალიანსში, იმ წარმოდგენით, რომ შეგიძლიათ სასარგებლოდ გამოიყენოთ ისინი. თუ ასე მოიქცევით, ესე იგი, თქვენ სიბრიყვის ბუნება არ გესმით. ასე, ბრიყვს აძლევთ მოედანს, რომელზეც შეუძლია გაინავარდოს და დიდი ზიანი მოგაყენოთ.


სიბრიყვის მეხუთე კანონი


ბრიყვი - პიროვნების ყველაზე საშიში ტიპი.


ბრიყვი ყაჩაღზე უფრო სახიფათოა.


იდეალური ყაჩაღის მოქმედების შედეგი - ერთი ადამიანისაგან მეორესთან ყველა სიკეთის უბრალო გადასვლაა. საზოგადოებას მთლიანობაში ამით არც აკლდება და არც ემატება. თუ ამ სოციუმის ყველა წევრი იდეალური ყაჩაღი იქნებოდა, მისი ლპობა თანდათანობითი იქნებოდა, მაგრამ კატასტროფა არ მოხდებოდა. მთელი სისტემა დავიდოდა სიმდიდრის ტრანსფერამდე იმათ სასარგებლოდ, ვინც ამისათვის სხვადასხვა ქმედებას მიმართავდა, და ვინაიდან ყველა იდეალური ყაჩაღი იქნებოდა, სისტემა დატკბებოდა სტაბილურობით. ამას ადვილად დაინახავთ ნებისმიერი ქვეყნის მაგალითზე, სადაც მთავრობა კორუმპირებულია, ხოლო მოქალაქეები კანონებს მუდმივად გვერდს უვლიან.


როდესაც სცენაზე ბრიყვები გამოდიან, სურათი მთლიანად იცვლება. მათ მოაქვთ ზიანი, სარგებლის მიღების გარეშე. ყვეალფერი კარგი ნადგურდება, საზოგადოება ღარიბდება.


ისტორია ამტკიცებს, რომ ნებისმიერ პერიოდში ქვეყანა პროგრესირებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში საკმარისად ჭკვიანი ხალხია იმისათვის, რომ შეაჩერონ აქტიური ბრიყვები და არ მისცენ მათ იმის განადგურების საშუალება, რასაც ჭკვიანები ქმნიან. რეგრესირებად ქვეყანაში სულელთა იგივე რაოდენობაა, თუმცა, სათავეში ბრიყვი ბანდიტების წილის ზრდა შეიმჩნევა, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაში - გულუბრყვილო უბრალოების. წყობილების ასეთი ცვლა უცილობლად აძლიერებს ბრიყვთა მოქმედების დესტრუქციულ შედეგებს, და მთელი ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი