logo_geo
იაპონიაში პაციენტს ლაბორატორიაში გამოყვანილი გულის კუნთი გადაუნერგეს — პირველად ისტორიაში
- +

29 იანვარი. 2020. 15:02

 

იაპონიის ქალაქ ოსაკის უნივერსიტეტის მკვლევრები გულის ახალ ტრანსპლანტზე მუშაობის წარმატებით დასრულების შესახებ იუწყებიან.

 

პაციენტისთვის მთლიანი გულის ახალი ორგანოთი გადანერგვის ნაცვლად, მკვლევართა ჯგუფმა გულის დაზიანებულ ზონებში მოათავსეს დეგრადირებადი ფენები, რომლებიც გულის კუნთის უჯრედებს შეიცავს. თუ ამ პროცედურამ სასურველი შედეგი გამოიღო, თანდათანობით შეიძლება გაქრეს მთლიანი გულის ტრანსპლანტების საჭიროება.

 

გულის კუნთის უჯრედების გამოზრდა ჯგუფმა პლურიპოტენციალური ღეროვანი უჯრედების (IPS) ინდუცირებით დაიწყო. ეს გახლავთ ღეროვანი უჯრედები, რომლებიც მკვლევრებმა ზრდასრული ადამიანის უჯრედებისგან შექმნეს; ეს უჯრედები აიღეს ძირითადად მათი კანიდან და სისხლიდან და გადააპროგრამეს ემბრიონულის მსგავს პლურიპოტენციალურ მდგომარეობაში.

 

უკვე ამ ეტაპზე, მეცნიერებს შეუძლიათ IPS უჯრედების დაყოლიება და იმ სახის უჯრედებად გადაქცევა, რაც მათ სურთ. იაპონური კვლევის შემთხვევაში, მკვლევრებმა IPS უჯრედებისგან გულის კუნთის უჯრედები შექმნეს და შემდეგ პატარა ფირფიტებზე მოათავსეს.

 

პაციენტს, რომელსაც ტრანსპლანტი გადაუნერგეს, ჰქონდა იშემიური კარდიომიოპათია — მდგომარეობა, როდესაც პიროვნების გულს სისხლის გადატუმბვის პრობლემა აქვს, რადგან მისი კუნთები საკმარის სისხლს ვერ იღებს.

 

მწვავე შემთხვევებში, ეს დაავადება გულის გადანერგვას ითხოვს, მაგრამ ოსაკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ ფირფიტაზე მოთავსებული გულის უჯრედები მოახდენს იმ ცილის გამოყოფას, რომელიც სისხლძარღვებს აღდგენაში ეხმარება; შესაბამისად, გაუმჯობესდება პაციენტის გულის ფუნქციონირებაც.

 

 

 

 

 

 

 

მკვლევრები პაციენტზე დაკვირვებას ერთი წლის განმავლობაში გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში ამავე პროცედურას ჩაუტარებენ კიდევ ცხრა სხვა ადამიანს, რომლებსაც იგივე დაავადება აწუხებთ.

 

თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ეს პროცედურა შესაძლოა გახდეს გულის გადანერგვის ყველაზე საჭირო ალტერნატივა. უპირატესობა კი ნამდვილად ბევრია; მათ შორის, იშP უჯრედების შექმნა გაცილებით მარტივია, ვიდრე შესაფერისი გულის დონორის პოვნა და ამავე დროს, იმუნური სისტემა სავარაუდოდ გაცილებით ტოლერანტული უნდა იყოს უჯრედების მიმართ, ვიდრე სრულიად ახალი ორგანოს მიმართ.

 

„იმედი მაქვს, რომ ეს ტრანსპლანტი გახდება სამედიცინო ტექნოლოგია, რომელიც რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გადაარჩენს, რადგან ნანახი მაქვს ბევრი სიცოცხლე, რომლებიც მე ვერ გადავარჩინე“, — ამბობს მკვლევარი იოშიკი სავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი