logo_geo
როგორ გაუგზავნა სტალინმა მაო ძედუნს ჩინეთის დატყვევებული უკანასკნელი იმპერატორი
- +

29 იანვარი. 2020. 15:28

 

 

სტალინი პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი გახლდათ. ყველაფერს ყოველთვის ცივი გონებით უდგებოდა და ნებისმიერ საშუალებას იყენებდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და საკუთარი მოქმედებების გასამყარებლად თუ გასამართლებლად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. პროფესორი ეგორ გორინი წერს:

 

 

 „სტალინის ცივგონებიანი პრაგმატიკოსობის მკაფიო დასტურია ჩინეთის იმპერატორთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ დაიწყო და ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაფერი კი 1945 წლის 19 აგვისტოს, იმიერბაიკალის ფრონტის სარდლისადმი როდიონ მალინოვსკისადმი გაგზავნილი საიდუმლო დეპეშით დაიწყო, რომელსაც პირადად სტალინი უგზავნიდა მას. დეპეშაში ეწერა:

 

 „ოპერატიული ცნობების მიხედვით, ქალაქ მუკდენში, მანჯურიაში, კვანტუნის არმიის შტაბში თავს აფარებს ჩინეთის იმპერატორი აისინგურ პუი. თქვენი ამოცანაა, რომ გადასხათ დესანტი და პუი ცოცხლად ჩაიგდოთ ხელში“.

 

ამ დეპეშის გაგზავნამდე ათი დღით ადრე კი, ანუ იაპონიაში მეორე ატომური ბომბის ჩამოგდების დღეს, სტალინმა დაარღვია იაპონიასთან დადებული თავდაუსხმელობის პაქტი და ჩრდილოეთ ჩინეთს შეუტია, რომელიც იაპონიას ჰქონდა ოკუპირებული. სწორედ იქ, მანჯურიაში, მმართველობდა ცინების დინასტიის უკანასკნელი იმპერატორი აისინგურ პუი, რომელიც იაპონელებმა დააბრუნეს ტახტზე და საკუთარ, იაპონურ თამაშს ათამაშებდნენ.

 

პუი სიმდიდრისა და ტიტულის სანაცვლოდ, ისეთ ბრძანებებსა და მითითებებს გამოსცემდა, რომლებიც იაპონელებს ხელს აძლევდა და მათ მანჯურიას უკანონებდა. ოკუპირებული მანჯურია კი იაპონელებს საბჭოეთის წინააღმდეგ ომის საწარმოებელ პლაცდარმად სჭირდებოდათ. სტალინმა მართალია, ჰიტლერთან ომის დროს იაპონიას სხვადასხვა ხრიკით გადააფიქრებინა საბჭოეთზე თავდასხმა, მაგრამ შოკირებულ აღმოსავლეთში მაინც დიდძალი არმიები ჰყავდა დისლოცირებული იმ შემთხვევისთვის, თუკი იაპონია მაინც შეუტევდა საბჭოეთს. ეს კი, ჰიტლერთან ბრძოლას ართულებდა... ჰიტლერის დამარცხების შემდეგ კი, სტალინს უკვე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის წინაშე ჰქონდა ვალდებულება, რომ იაპონიას დაარტყამდა - ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი – სტალინს უკვე ჩინეთი სჭირდებოდა მოკავშირედ და იმავდროულად, მანჯურიაში აპირებდა ბუფერული ზონის შექმნას საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

ჩინეთის იმპერატორი კი სტალინს იაპონელების წინააღმდეგ მთავარ ბრალმდებლად სჭირდებოდა, რომ ამით საკუთარი აგრესია გაემართლებინა მათ წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, ამ ისტორიაში ყველაფერი ძალიან ოსტატურად იყო მოქსოვილი და ერთიან ორნამენტს ქმნიდა, რომლის სრულ სურათს მხოლოდ სტალინი ხედავდა. 1945 წლის 20 აგვისტოს იმპერატორი აისინგურ პუი, უკვე საბჭოთა არმიას ჰყავდა ხელში ჩაგდებული, თავის უზარმაზარ ამალასთან და დიდ, სიმდიდრით სავსე ჩემოდნებთან ერთად. ასე ისინი იაპონიაში აპირებდნენ გაქცევას, მაგრამ არ დასცალდათ. 21 აგვისტოს, ასევე საიდუმლო დეპეშით, სტალინი ბერიას ავალებს, რომ დატყვევებული ჩინელი იმპერატორის ცხოვრება და უსაფრთხოება უზრუნველყოს მისმა უწყებამ. ბრძანების შესაბამისად, ჩინეთის იმპერატორი და მისი ამალა ქალაქ ხაბაროვსკში, „ენკავედეს“ საიდუმლო სპეცობიექტზე გადაჰყავთ და იქ ათავსებენ. „ენკავედეს“ ყოფილი თანამშრომელი, ჩინელი იმპერატორის პირადი თარჯიმანი, გიორგი პერვიაკოვი ჰყვება:

 

„ჩინეთის იმპერატორი სტალინის ერთ-ერთი, ყველაზე ძვირფასი ალაფი გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამაში მის მატერიალურ სიმდიდრეს არ ვგულისხმობ, რომელიც იმპერატორს თან ჰქონდა ჩემოდნებით და „ენკავედეს“ არც კი გაუჩხრიკავს. არამედ პუის პოლიტიკურ მნივშნელობას, რაც სტალინმა ისევე ოსტატურად და სრულად გამოიყენა, როგორც სხვები. მე, პირადად, სტალინისა და ბერიას დავალებით ვიყავი მიჩენილი ჩინელ იმპერატორზე და ყველა მისი მოძრაობა უნდა მეკონტროლებინა. მერე კი წერილობითი სახით კრემლში გამეგზავნა, რომელიც პირადად სტალინს მისდიოდა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ იმპერატორი აისინგურ პუი ჩვილი ბავშვივით უმწეო იყო, თმის დავარცხნაც კი არ შეეძლო დამოუკიდებლად. ამ სამსახურს მას მისი მრავალრიცხოვანი ამალა უწევდა, რომელიც ხაბაროვსკის „ენკავედეს“ სპეცობიექტზე იყო დაბანაკებული, საიდუმლო და გაძლიერებული დაცვის ქვეშ. მეც იქ ვცხოვროდი და იმპერატორის უმწეობის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი ადამიანი გახლდათ. 1945 წლის შემოდგომაზე მან სტალინთან დამაწერინა წერილი, რომელშიც სთხოვდა, რომ საბჭოეთში დარჩენის ნებართვა მიეცათ. თუმცა, სტალინს პასუხი არ გაუცია...“

 

1945 წელს ჩინეთში გენერალისიმუსი ჩან კაიში მმართველობდა და სტალინს მან პუის გადაცემა მოსთხოვა, როგორც მოღალატისა და სამხედრო დამნაშავის, რომელიც მტერს (იაპონელებს) ემსახურებოდა. საბჭოთა ბელადს არც ჩინეთთან დაძაბულობა აწყობდა, თანაც თავის ძვირფას „სათამაშოს“ დიდი საქმისთვის – 1946 წლის ტოკიოს პროცესისთვის – ამზადებდა. იქ, როგორც ნიურნბერგში, სამხედრო დამნაშავეები უნდა გაესამართლებინათ. პუი კი მასზე მთავარი მოწმის როლს ითამაშებდა. პუის პროცესზე გამოსვლით სტალინი მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში გაამართლებდა იაპონიასთან ნეიტრალიტეტის პაქტის დარღვევასა და ნახევარი მილიონი იაპონელი ჯარისკაცის საბჭოეთში ექსტრადაციას, რომლებსაც უფასო სამუშაო ძალად იყენებდა. ამიტომ, სტალინმა ჩან კაიშის მოთხოვნას იგნორირება გაუკეთა და პასუხი არ გასცა, რა თქმა უნდა, მას არც პუი გადასცა.

 

გიორგი პერვიაკოვი: „ტოკიოს პროცესმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა და ჩინეთის იმპერატორი მშვენიერი ბრალმდებელი გამოდგა იაპონელების წინააღმდეგ. სტალინი აშკარად კმაყოფილი იყო და ხაბაროვსკში ტრიუმფით დავბრუნდით“.

 

ჩან კაიშიმ უკვე ტოკიოს პროცესის მერეც მოსთხოვა სტალინს პუი. თუმცა, საბჭოთა დიქტატორმა არც ამჯერად შეიბერტყა ყური, თანაც იმ პერიოდში ჩინეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და ჩან კაიშს კომუნისტი მაო ძედუნი უტევდა. პუიმ სტალინს მეორე წერილი გაუგზავნა. თავისი სიმდიდრიდან კი, მნიშვნელოვანი ნაწილი შესწირა სოციალიზმის მშენებლობას, რისთვისაც საბჭოთა ბელადისგან წერილობითი მადლობაც მიიღო.

 

გიორგი პერვიაკოვი: „პუი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი იყო და წერილი მიმაწერინა სტალინთან, სადაც სთხოვდა, კომუნისტურ პარტიაში მიეღოთ. პასუხად მას მისწერეს, რომ კომპარტია პროლეტარული ორგანიზაციაა. იმპერატორი კი ბურჟუაზიის წარმომადგენელია და მისი პარტიაში მიღება არ შეიძლებაო. მაშინ პუიმ მიმაწერინა – მე პირველი კომუნისტი იმპერატორი ვიქნებიო. თუმცა, მისი თხოვნა სტალინმა, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილა...“

 

1949 წელს ჩინეთის მმართველი მაო ძედუნი გახდა. სტალინს მასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა და 1950 წელს ჩინეთის ბოლო იმპერატორი აისინგურ პუი მაოს გაუგზავნა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, პუი ტიროდა, მაგრამ თავსზემოთ ძალა არ ჰქონდა. მას მერე, რაც საბჭოთა ბელადის თამაში ითამაშა, სტალინმა ის უკვე ჩინელ ბელადს გაუგზავნა. პუიმ ჩინეთის ციხეში 10 წელიწადი გაატარა, შემდეგ კი გაათავისუფლეს და სიცოცხლის ბოლომდე იმ სასახლეში მუშაობდა მებაღედ, რომელიც ერთ დროს მას ეკუთვნოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი