logo_geo
მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური ფოტო ისტორიაში — ახალი ტელესკოპის პირველი შემოქმედება
- +

30 იანვარი. 2020. 12:31

 

ასტრონომები აქვეყნებენ ფოტოს, რომელიც, მათივე თქმით, წარმოადგენს ჩვენი მზის ზედაპირისთვის ამ დრომდე გადაღებულ ყველაზე დეტალურ სურათს.

 

ფოტო ჰავაიზე სულ ახლახან გახსნილმა დენიელ კეი ინოუეს მზის ტელესკოპმა გადაიღო.

 

როდესაც შორიდან ვუყურებთ, ვარსკვლავები ნაზად ციმციმებენ, მაგრამ ამ ციმციმს მიღმა ისინი სამყაროს მრავალ საიდუმლოს მალავენ. ახლოს მისვლისას, მათი ამბავი სრულიად სხვანაირია.

 

ჩვენი დედავარსკვლავი დედამიწიდან 150 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და მის წიაღში მიმდინარეობს მოვლენები, რომლებზეც მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენ ნაკლებად ვხვდებით და ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ. მზის ცენტრში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციები ყოველ წამში 5 მილიონ ტონა წყალბადს სუფთა ენერგიად გარდაქმნის. ეს ენერგია გზას გარე მიმართულებით პოულობს, გამოივლის მდუღარე გაზს, სადაც წარმოქმნის მაგნიტურ შტორმებს, რომლებიც მორევივით გრუხუნებს და ბოლოს კოსმოსში იტყორცნება ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების წვიმისა და რადიაციის სახით.

 

ასეთ „წვიმებს“ კოსმოსურ ამინდს უწოდებენ; მას დედამიწისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, მაგალითად, ელექტროსისტემისა და ხელოვნური თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანა. ინგლისის უორვიკის მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, მზის უმძლავრესი სუპერშტორმები დაახლოებით 25 წელიწადში ერთხელ ხდება.

 

გარე კოსმოსში, მზიდან წამოსული ეს ნაკადები სერიოზული საფრთხეა ასტრონავტებისთვის. გარდა უწონადობისა და მოწყენილობისა, კოსმოსური ამინდისგან მომდინარე ასეთი რადიაციული საფრთხეები უდიდეს დაბრკოლებად მიიჩნევა ადამიანთა გასამგზავრებლად მარსზე და მის მიღმა.

 

მზის ზედაპირი თხილის გულის მსგავს უჯრედისებრ სტრუქტურებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი დაახლოებით ტეხასის შტატის ზომისაა და ატარებენ სითბოს მზის წიაღიდან ზედაპირისაკენ. ცხელი გაზი ამ უჯრედების კაშკაშა ცენტრებში ამოდის, ცივდება და შემდეგ უჯრედების გამყოფ ბნელ ხაზებში იძირება.

 

მოცემული ფოტო ტელესკოპმა პირველი ტესტირებისას გადაიღო, რასაც ასტრონომები „პირველ შუქს“ უწოდებენ. ინოუეს ტელესკოპი აშშ-ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ააგო; განთავსებულია უძველეს ვულკან ჰალეაკალას მწვერვალზე. ეს ვულკანი ადგილობრივთათვის წმინდა ადგილია და მისი სახელი ჰავაურ ენაზე „მზის სახლს“ ნიშნავს. ალბათ ძნელი იქნებოდა უკეთესი ადგილის მოძებნა მზის კვლევისათვის შექმნილი მსოფლიოს უდიდესი ტელესკოპის განსათავსებლად, არა?

 

ტელესკოპს სახელი ეწოდა ჰავაის სენატორ დენიელ ინოუეს პატივსაცემად, რომელიც 2012 წელს დაიღუპა და ხელს უწყობდა, რომ ჰავაი ასტრონომიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გენერატორად ქცეულიყო. ტელესკოპის ძირითადი სარკის დიამეტრი ოთხი მეტრია.

 

 

 

ტელესკოპის მიერ შეგროვებული მზის სიცხის გასაფანტად და ინსტრუმენტის გასაგრილებლად საჭირო გახდა კილომეტრობით სიგრძის მიწისქვეშა სისტემა. ტელესკოპი გამოირჩევა დიდი სარკითა და ატმოსფეროს ეფექტების შემამცირებელი ადაპტური ოპტიკით, რაც განაპირობებს წარმოუდგენლად მაღალ რეზოლუციას.

 

ინოუეს ტელესკოპი შეუერთდა ამჟამად მზის გარშემო მოძრავ NASA-ს ხომალდ „პარკერს“, სულ მალე კი წყვილს ასევე შეუერთდება ნასასა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი ხომალდი „სოლარ ორბიტერი“, რომელიც კოსმოსში შემდეგ კვირაში გაეშვება. ეჭვგარეშეა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ისინი ნამდვილად ბევრ საიდუმლოს გამოსტყუებენ ჩვენს დედავარსკვლავს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი