logo_geo
მკაცრი დედები წარმატებულ შვილებს ზრდიან - კვლევის შედეგი
- +

30 იანვარი. 2020. 18:46

 

ესექსის უნივერსიტეტის პროფესორის, სოციოლოგ ერიკა რაქსონ-რამირესის მტკიცებით, მკაცრი დედები ყოველთვის შეძლებულ და წარმატებულ შვილებს ზრდიან.

 

რაქსონ-რამირესმა 15 500 მოზარდის, 13-14 წლის გოგონას მონაცემები შეისწავლა და მარტივი, თუმცა, კატეგორიული დასკვნა გააკეთა – დედას, რომელიც მკაცრად აკონტროლებს,  მუდმივად სწავლას და „ახალი მწვერვალების დაპყრობას“ აიძულებს ბავშვს, აუცილებლად  შემდგარი და სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ყველაფრით უზრუნველყოფილი შვილი ეზრდება, რადგან ასეთი მშობელი შვილში პირველ რიგში  შემცვლელს, თავის ერთგვარ მემკვიდრეს ხედავს.

 

მართალია, ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნებული რაქსონ-რამირესის დასკვნა სიხარულით აიტაცა მკითხველმა, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ შვილის სწორად აღზრდის მზა რეცეპტი მიიღო, მაგრამ მეცნიერს კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ, რომელთაც არ დაიზარეს სტატიის სრულად წაკითხვა და უხერხული შეკითხვების დასმა.

 

აღმოჩნდა, რომ დასკვნა მკაცრი დედების შვილების წარჩინებით სწავლასა და წარმატებაზე საკმაოდ ზერელედ გაკეთდა, რადგან კვლევის მთავარი მიზანი მოზარდთა გახშირებული ორსულობის და მისი მაპროვოცირებელი მიზეზების დადგენა იყო.

 

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ადრეული ორსულობა მართლაც სერიოზული პრობლემაა, რაც სოლიდურ დანახარჯს მოითხოვს სოციალურ სფეროში და სწორედ ამიტომ ცდილობს ქვეყნის ხელისუფლება პრობლემის სხვადასხვა პროგრამით, კვლევით მოგვარებას. მათ შორისაა ესექსის უნივერსიტეტის გამოკვლევაც, რომლის თანახმად, 13-14 წლის ასაკში დაორსულებული გოგონების 4%-ს შედარებით ლმობიერი, დამთმობი დედა ჰყავდა, რომელიც არასდროს იჩენდა სათანადო სიმკაცრეს.

 

საკუთარი აზრის გამოთქმა ბრიტანელებმა არც სოციალურ ქსელში დაიზარეს და აღნიშნეს, რომ გამოკვლევა სუბიექტურად ჩატარდა, რადგან არ შეიძლება მცირე ჯგუფში მიღებული შედეგების განზოგადება, მით უფრო, რომ  გამოკვლეული მოზარდებიც აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში იზრდებიან. მათი უმეტესობა თვლის, რომ სინამდვილეში ბავშვები ყოველთვის უშვებდნენ შეცდომებს და მომავალშიც დაუშვებენ, სიმკაცრე კი ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ ნაკლებად, რადგან თანამედროვე სამყაროში მოზარდის ცხოვრებას მისი თანატოლები უფრო განსაზღვრავენ, ვიდრე მშობლები.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი