logo_geo
ექიმი კომაროვსკი: გინდათ, კორონავირუსისგან თავი დაიცვათ? დაატენიანეთ ჰაერი სივრცეში
- +

31 იანვარი. 2020. 18:52

 

 

ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსზე დღეს მთელი მსოფლიო ღელავს, ყველაზე მეტად კი მშობლები. ყველაზე მეტი ინტერესით სწორედ ისინი ელოდებიან კომპეტენტური ადამიანების რჩევებსა და რეკომენდაციებს.

 

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროსკი ბევრი მშობლისთვის სანდო და ავტორიტეტული ექიმია. მას საქართველოშიც იცნობენ. ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს მისი მოსაზრებები და რჩევები ე.წ. უხანის ვირუსზე, მითუმეტეს, რომ უკრაინაშიც ისეთივე პოპულარულია ბანანებთან და ჩინურ ამანათებთან დაკავშირებული პანიკა, როგორც ჩვენს სოციალურ ქსელში. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი ვიდეომიმართვიდან:

 

დიდი პანიკა მოჰყვა ვირუსის გავრცელების ტემპის შესახებ ინფორმაციას. რეალურად რამდენად გადამდებია კორონავირუსი? ანუ საშუალოდ რამდენი ადამიანის დაავადება შეუძლია ერთ ინფიცირებულს? ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის შემთხვევაში ეს არის 1-2 ადამიანი, ცნობილი ესპანური გრიპი (ე.წ. ისპანკა) აავადებდა 2-8 ადამიანს, წითელათი ინფიცირებული 12-18 ადამიანს აავადებს საშუალოდ, უxანის ვირუსის მაჩვენებელი კი გახლავთ 1-4, ანუ ბევრად ნაკლებგადამდებია, ვიდრე წითელა. ამიტომ გაოგნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პანიკით – ჩვენს ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ადამიანი გვყავს წითელათი ავად, ხალხი აცრების თემას ისევ საკამათოდ ხდის. უხანის ვირუსი კი ჯერ არავის დამართნია და უკვე ბანანის ჭამას ვანებებთ თავს და ჩინურ ამანათებს არ ვხსნით. ბოდვას ჰგავს ეს ყველაფერი…

 

უხანის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მისთვის იდეალურ პირობებშიც კი მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში ბინადრობს, შემდეგ იწვევს 5-7-დღიან ავადობას. ვირუსი არ გახლავთ ქრონიკული დაავადების გამომწვევი, 5-7 დღის შემდეგ ორგანიზმი მას მოერევა, რა თქმა უნდა, თუ მასზე ძლიერი აღმოჩნდება ან დადგება სასიკვდილო გართულებები. ანუ გამოდის, რომ მაქსიმუმ 20 დღე შეიძლება ვირუსი ადამიანის სხეულში ცოცხლობდეს, ჩინურ ამანათებში კი ვირუსისთვის იდეალური პირობები ნამდვილად არ არის და მერწმუნეთ, 2-3 დღეზე მეტს ვერ შენარჩუნდება. წარმოიდგინეთ, სანამ გზავნილი თქვენამდე მოაღწევს, რამდენი დღე გავა. ასე რომ, უშიშრად გახსენით და მშვიდობაში მოიხმარეთ.

 

გინდათ, რომ თავი დაიცვათ? დაატენიანეთ ჰაერი სივრცეში, სადაც გიწევთ ცხოვრება და მუშაობა. ტენიანობის მზომი ხელსაწყოები ხელმისაწვდომია, გაზომეთ ტემპერატურა და ტენიანობა სკოლებსა და ბაღებში, ოპტიმალურია +18; +20 გრადუსი, ტენიანობა კი 40-60 პროცენტი. ხშირად გაანიავეთ სათავსო, რათა ჰაერში ვირუსების კონცენტრაცია შემცირდეს, იბანეთ ხელები.

 

ჩინეთში, სადაც ვირუსის ეპიცენტრია, გავრცელების სწრაფ ტემპს მოსახლეობის სიმჭიდროვეც განაპირობებს.

 

მილიარდიან, ძალიან მჭიდროდ დასახლებულ ჩინეთში, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანთა რაოდენობა ბევრად აღემატება ჩვენსას, ის სწრაფად ვრცელდება. ჩვენ კი ნამდვილად შევძლებთ, წარმატებით გავუმკლავდეთ ამ ვირუსს.

 

სიმტომებს რაც შეეხება, ნაკლებად ახასიათებს სურდო და ცხვირიდან გამონადენი. კორონავირუსი პირველ რიგში ქვედა სასუნთქ გზებს უტევს. ამიტომ იწვევს ინტენსიურ ხველას, ქოშინს, სისუსტეს. იშვიათად გამოხატულია დიარეა და კონიუქტივიტი. ეს სიმპტომები უამრავ სხვა დაავადებასაც ახასიათებს.

 

რას შეეხება პრევენციას – ამ დროს ვაქცინა უცბად გახდება ხოლმე სანატრელი, ყველა ვაქცინას ითხოვს, თურმე როგორ ჰყვარებიათ… ხალხნო, გასულ კვირას ქვეყანაში 2 ადამიანი ტეტანუსით გარდაგვეცვალა იმიტომ, რომ აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. ქვეყანაში ტეტანუსით მეტი ადამიანი გვეღუპება, ვიდრე უხანის ვირუსით. არადა, ტეტანუსის ვაქცინა გვაქვს და ყოველი ზრდასრული ადამიანი 10 წელიწადში ერთხელ უნდა აიცრას. ამის გააზრება და მითუმეტეს, დაჯერება არავის უნდა.

 

როგორ მკურნალობენ? სპეციალური ანტივირუსული საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს. ამიტომ ვიღაცის რჩევით რაღაც ფუფლომიცინებში ფულს ნუ გადაყრით, ნუ შეიძენთ და მითუმეტეს, ნუ დალევთ.

 

იმ ექიმებზეც მინდა ვთქვა, ვისითაც მუდმივად უკმაყოფილოები ხართ და რომლებსაც სულ აკრიტიკებთ. ისინი პირველები იქნებიან, ვისაც ვირუსთან შეხვედრა მოუწევს და მათ სათანადო დაცვა სჭირდებათ“, – აცხადებს ცნობილი პედიატრი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი