logo_geo
როგორ აღვზარდოთ ბავშვი ისე, რომ გახდეს მდიდარი და წარმატებული
- +

1 თებერვალი. 2020. 14:41

 

ილონ მასკი, ლარი პეიჯი, მარკ ცუკერბერგი, ოპრა უინფრი - სამყაროში უამრავი ისტორია არსებობს ადამიანებზე, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და ახლა მილიარდერები არიან. ყველა მშობელს სურს, მის შვილს უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს. მთავარი კითხვა - როგორ აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი. ამის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არის რაღაცები, რითაც შეგიძლიათ ბავშვს ხელი შეუწყოთ და მოუმზადოთ პირობა, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოს.

 

ეს ფსიქოლოგებისა და წარმატებული ადამიანების რჩევების ერთგვარი ნაკრებია.

 

ბავშვებთან ფულზე ლაპარაკი შეიძლება და აუცილებელიც კია

 

ეს ტაბუდადებული თემა არ არის.

ადრეული ასაკიდან ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, საიდან მოდის ფული, რატომაა საჭირო და როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ.

 

მაღაზიაში პროდუქტის შერჩევისას ყურადღებას ვაქცევთ ფასს. ბავშვი ბედნიერი იქნება, თუ ამ პროცესში მასაც ჩავრთავთ. თქვენც უნდა აუხსნათ, რის მიხედვით არჩევთ კონკრეტულ პროდუქტებს და უნდა უთხრათ, რატომ არ უნდა გადაიხადოს სუპერმარკეტში მაკარონში იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ის რეალურად ღირს. აუხსენით, რატომ დადიან დედა და მამა სამსახურში და როგორი ანაზღაურება აქვთ.

 

ვახშამზე ბავშვებთან ერთად შეიძლება განიხილოთ საყიდლებისა და მოგზაურობისთვის აუცილებელი ფინანსები.

 

გააგზავნეთ ბავშვები საყიდლებზე

 

არ არის აუცილებელი, ბავშვი საყიდლებზე მარტო გაუშვათ. შეიძლება თან წაჰყვეთ, მაგრამ საქმე მან უნდა გააკეთოს. თუ პროდუქციის დასახელების წაკითხვა არ შეუძლია, დაეხმარეთ.

 

ბავშვს მიეცით საყიდლების სია და ფული

 

ამოცანაა, შეარჩიოს ჩამოწერილი პროდუქტები, არ აჰყვეს ცდუნებას, გაითვალისწინოს თანხა და თავად გადაიხადოს.

 

უმჯობესია, უფრო მარტივიდან დაიწყოთ. მთელი კვირის განმავლობაში გააგზავნეთ ბავშვი მაღაზიაში საჭირო პროდუქტების საყიდლად, თუმცა, მზად იყავით, რომ შოკოლადისთვის დამატებითი თანხის გათვალისწინება მოგიწევთ.

 

ფინანსური განათლების ამ მეთოდს მონტესორის მეთოდად იცნობენ და აქტიურად იყენებენ სკოლებშიც. ბავშვები მაღაზიაში მიდიან, რათა თანაკლასელებისათვის პროდუქტები იყიდონ. მაგალითად, ხილი საუზმისთვის ან სხვადასხვა ინგრედიენტი.

 

ეს მშობლებისთვის საუკეთესო ტრენინგია, რომ ბავშვები ფულის დამოუკიდებლად განაწილებას მიაჩვიონ.

 

ითამაშეთ ფინანსური თამაშები

 

სხვადასხვა ფინანსური თამაში, რის შედეგადაც მონაწილეს შეუძლია ადვილად გააცნობიეროს, რა არის ინვესტიციები, აქტივები, ვალდებულებები და გადასახადები.

 

მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ ითამაშოთ როლური თამაში, რომლის მიხედვითაც ბანკში, მაღაზიაში ან სხვა ადგილას იქნებით, სადაც წარმოდგენილია, როგორ მუშაობს ფინანსური სამყარო.

 

შეგიძლიათ ბავშვებს მოარგოთ მენეჯერის, მოლარის როლი, რომლის მიხედვითაც მიიღებს ან დახარჯავს ფულს.

 

სამი ყულაბის თეორია - ფინანსების დაგეგმვის პირველი ნაბიჯი

 

ეს იდეა რობერტ კიოსაკმა და მარკ ალენმა საკუთარ წიგნებში აღწერეს. უნდა გქონდეთ სამი ან 4 ყულაბა, რომელთა დანიშნულებასაც ბავშვი თავად განსაზღვრავს.

 

დაგროვება - ბავშვს შეუძლია თანდათან ოცნებების ასასრულებლად თანხა შეაგროვოს. ითვლება, რომ ფულის ასე შეგროვება, მომავალში სესხის აღების პრევენციაა.

 

ხარჯვა - ძალიან კარგია, თუ ბავშვები დაინახავენ და გამოცდიან იმ სიამოვნებას, რასაც საკუთარი დანაზოგით ნივთების ყიდვა ჰქვია.

 

ინვესტიცია - ბავშვებს არ აქვთ აქტივების შექმნის სხვადასხვა შესაძლებლობა, მაგრამ შეგიძლიათ გაუკეთოთ პლასტიკური ბარათი, სადაც შესაძლებელია დაზოგილი თანხის პროცენტი დაერიცხოთ.

 

ქველმოქმედება - ასეთი ყულაბა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც. მაგალითად, შეიძლება მონაწილეობა მიიღოს უსახლკარო კნუტის გამოკვებაში ან სხვა მოხალისეობრივ პროგრამებში.

 

ბავშვმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რაში დახარჯოს საკუთარი ფული.

 

თუ ეს მეთოდი მოგეწონებათ, შეგიძლიათ ბავშვებს ყოველ კვირას მისცეთ გარკვეული თანხა და სხვადასხვა დანიშნულების ყულაბის შევსებაში დაეხმაროთ.

 

ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ ფული არ გაქვთ

 

ბევრი მშობელი იმის გამო, რომ არ სურს, ბავშვს კონკრეტული ნივთი უყიდოს, ეუბნება, რომ ფული არ აქვს. ამას განსაკუთრებით მაშინ აკეთებენ, როცა მაღაზიის ცენტრში ბავშვი სათამაშოს იღებს და თვალანთებული თხოვნით შეჰყურებს.

 

მსგავსი ფრაზა ნეგატიურად მოქმედებს ბავშვზე. ის აღიქვამს, რომ მშობლებს მისი დადებითი ემოციებისთვის ფული არ ემეტებათ.

 

ეს ფრაზა ბავშვებს ეუბნება, რომ ისინი არ აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას. უმჯობესია, მას გააგებინოთ, სჭირდება თუ არა კონკრეტული ნივთი, რომლისთვისაც ფულს გთხოვთ.

 

როგორ უნდა თქვათ უარი სწორად

 

„მაღაზიაში ამისთვის არ წამოვსულვართ“ - აქ მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად დალაგება და მშობლის სიმტკიცე.

„დავიმახსოვრებ, რომ ეს ძალიან მოგეწონა და დაბადების დღისთვის გიყიდი“.

„შევთანხმდეთ, რომ საჩუქარს კვირაში ერთხელ შევიძენთ“. ეს იმ შემთხვევაში, თუ ძვირად ღირებულ საჩუქარზე არ არის საუბარი. მნიშვნელოვანია, ბავშვმა ისწავლოს ლოდინი, მიზნის დასახვა და იქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული.

„იმაზე ძვირია, ვიდრე გათვალისწინებული მაქვს თანხა“, - ეს კარგი მაგალითია, რომ ბავშვმა გააცნობიეროს, როგორ გეგმავენ უფროსები საკუთარ თანხას.

„თუ უფრო იაფად ვნახავთ ამ ნივთს, მაშინ ვიყიდით“, - ეს ბავშვს გააცნობიერებინებს, რომ არსებობს ერთი და იგივე, თუმცა განსხვავებული ფასის მქონე ნივთები.

 

კვირაში ერთხელ ბავშვთან ერთად გამოაცხვეთ ნამცხვარი

 

არაფერი ისე არ დაეხმარება ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზებაში, როგორც კულინარიული ექსპერიმენტები მშობელთან ერთად. ეს პროცესი ავითარებს:

დამოუკიდებლობასა და თავდაჯერებულობას.

საქმის ბოლომდე მიყვანის უნარს, შედეგის ნახვასა და ამ შედეგით ტკბობას.

რისკების შეფასებასა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

 

 

შეუქმენით ბავშვებს სასწავლებლად უნიკალური ატმოსფერო გემოებით, სუნითა და ხმით

 

„სამოტივაციო ველი“ არის კონცეფცია, რომელიც 1951 წელს კურტ ლევინმა გამოიგონა. მან ირგვლივ მდებარე ობიექტების გავლენა შეისწავლა ადამიანის განვითარებაზე. ეს ტერმინი აქტიურად გამოიყენება მარკეტინგში. ძალიან ბევრი პედაგოგი და ფსიქოლოგიც აღნიშნავს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის სასწავლო მასალის ათვისებაში სამოტივაციო ველს. მაგალითად, მიუტანეთ საყვარელი ვაშლი რთული ამოცანის ამოხსნისას.

 

მიეცით ბავშვს სკოლის გაცდენის უფლება

წარმატებას აღწევენ არა ის მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ სასკოლო საგნებსა და ქულებზე არიან ორიენტირებულნი, არამედ მოხერხებული ხალხი, რომლებიც მუდმივად ახალ შესაძლებლობებს ეძებენ. ზოგჯერ სკოლაში წასვლის ნაცვლად, მიეცით უფლება, მოაწყონ განტვირთვის დღე და იფიქრონ ახალ შესაძლებლობებზე.

 

სკოლის გაცდენა ხანდახან სასარგებლოა:

იფიქრეთ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ზოგჯერ ბავშვებს უბრალოდ დასვენება სჭირდებათ.

უმჯობესია, ზოგჯერ გამოტოვოთ რამდენიმე დღე ყოველგვარი დანაშაულის გარეშე.

სკოლის გაცდენა ზოგჯერ აღადგენს შინაგან მოტივაციას.

პედაგოგი და მწერალი დიმა ზიცერი სულ აღნიშნავს, რომ მშობლები ცდილობენ, ბავშვებს სასურველი ნივთები უყიდონ, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა ავიწყდებათ. თუ ბავშვები გრძნობენ, რომ მშობლები და ისინი „ერთ გუნდში“ არიან, ამ განცდას ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია.

სკოლის გაცდენა დაეხმარება პრიორიტეტების დალაგებაში. რა მოხდება, თუ მათემატიკის შემაჯამებელ დავალებას გააცდენს? ამის გააზრება ბავშვს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ასწავლის.

გადაწყვეტილება დაეხმარება რისკების გააზრებაში. თამამი ნაბიჯები ყველა მილიარდერის თვისებაა.

 

ზოგჯერ მიეცით თავს უფლება, იყოთ ზარმაცი მშობელი

თუ ზოგჯერ არ მოუმზადებთ საჭმელს და არ დაეხმარებით საშინაო დავალებების შესრულებაში, ეს ყოველივე დამოუკიდებლობისა და ინიციატივის უნარის განვითარებაში დაეხმარება. ზრუნვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. რაც უფრო დიდი ასაკისაა ბავშვი, მით მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებაა შესაძლებელი. ძაღლის გამოკვება, ფეხსაცმლის გასუფთავება, ტანსაცმელების დაწყობა ყველა ბავშვს შეუძლია. მიეცით მათ შესაძლებლობა, იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ საკუთარი მოვალეობა ოჯახში.

.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი