logo_geo
რა წერია ამბროსი ხელაიას დაკითხვის ოქმში
- +

4 თებერვალი. 2020. 16:12

 

 

კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის მარტში საკათოლიკოსო საბჭოს თანხმობით მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციას ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ რუსეთის დელეგატებიც. მემორანდუმში აღწერილი იყო ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსია და ამ ანექსიის მძიმე შედეგები. საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას არ აპატია მემორანდუმის გაგზავნა, მისი ანტიეროვნული პოლიტიკის საქვეყნოდ მხილება და დააპატიმრა. პატიმარს საბჭოთა სასამართლოზე ღირსეულად ეჭირა თავი. მან სასამართლოს ასე მიმართა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული - სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

 

გთავაზობთ ნაწყვეტს 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:

 

„მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

 

კათოლიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

 

პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

 

კათოლიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

 

მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

 

კათოლიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

 

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

 

კათოლიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

 

მოსამართლე ერქომაიშვილი - როდის იყო საქართველო თავისუფალი?

 

კათოლიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

 

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ, რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს?

 

კათოლიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.

 

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

 

კათოლიკოსი ამბროსი – მე მინდა, საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

 

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

 

კათოლიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.

 

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

 

კათოლიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

 

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

 

კათოლიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

 

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელეთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

 

კათოლიკოსი ამბროსი - ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

 

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად, რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

 

კათოლიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც“.

 

1927 წლის თებერვალში უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი ფაქტიურად ჩამოაშორეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობას. ამ ნერვიულობამ, შფოთმა და ცილისწამებამ, კიდევ უფრო გააუარესა მისი ჯანმრთელობა. 1927 წლის 22 მარტს დროებითი მმართველობის წევრები შევიდნენ ამბროსი ხელაიასთან და გამოუცხადეს, რომ იგი გათავისუფლებული იყო საქმის წარმოებისაგან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელობიდან. მეორე დღეს 23 მარტს ამბროსი ხელაიამ დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს - გონება, 29 მარტს, დილის 3 საათზე იგი გარდაიცვალა.

 

 

 

big_banner
არქივი