logo_geo
9 თებერვალს სავსე მთვარეა - რას უნდა ველოდოთ?
- +

6 თებერვალი. 2020. 01:31

 

 

9 თებერვალს სავსე მთვარეა (პიკი - 11:33სთ)

 

სავსე მთვარე ყოველთვის მზისა და მთვარის ოპოზიციურ ენერგიებს უკავშირდება. ასეთ დროს ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, მეტ ენერგიას ვგრძნობთ, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დონეზე და მძაფრია ჩვენი ემოციური რეაქციებიც. მართალია, მომატებული ენერგია და აგრესია უშუალოდ სავსე მთვარის, წინა და მომდევნო დღეებშია შესამჩნევი, მაგრამ მისი თვისობრივი გავლენა ახალ მთვარემდე ანუ დაახლოებით 2 კვირის მანძილზეა აქტუალური. ზოგიერთი ასპექტი და პლანეტის მდებარეობა კი (რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ) შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი ახდენდეს გავლენას.

 

ამჯერად მზე მერწყულში, სავსე მთვარე კი ლომში იმყოფება (20°00).

 

ნებისმიერი სავსე მთვარე განსაკუთრებულია, თუმცა მაშინ უფრო მეტად, როდესაც მთვარე მზის ნიშანში იმყოფება. მთვარე, რომელიც ღამეს, სიბნელესა და ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმეებს უკავშირდება, სწორედ მზის ენერგიითა და სინათლით დაიმუხტება. ლომი ცეცხლოვანი ნიშანია, რომელიც შეგვახსენებს, რომ ჩვენი შინაგანი ცეცხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

რა არის თქვენთვის მოტივატორი?

 

რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოხატოთ საკუთარი თავი?

 

რა გარდაქმნის თქვენს შინაგან ნაპერწკალს დიდ ცეცხლად?

 

ლომს ეკუთვნის ჰოროსკოპის მე-5 სახლი, რომელიც სიყვარულს, გართობას, კრეატიულ თვითგამოხატვას, მოტივაციას, ოპტიმიზმს, აზარტსა და რისკს უკავშირდება.

 

მერწყულს კი მართავს ზეცის ღმერთად წოდებული ურანი, პლანეტა, რომელიც უკავშირდება ტრადიციების უარყოფას, სიახლეებს, ორიგინალურობასა და ინდივიდუალიზმს, პროგრესულობას, უმაღლეს ლოგიკას, მოულოდნელ ცვლილებებს, ტოლერანტობას, ინოვაციებს, კრეატივს, სოციალურ ჯგუფებს, აღმოჩენებსა და ახალ ტექნოლოგიებს.

 

მერწყული ჰაერის ლოგიკური ნიშანია, რომელიც მიგვითითებს ცოდნის ძალასა და ლოგიკის საჭიროებაზე. ლომი კი როგორც აღვნიშნეთ, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია თავისი ლიდერული ბუნებითა და გამბედაობით. ლომი ასტროლოგიურად გულს უკავშირდება, მერწყული გონებასა და ლოგიკას. კოსმიური მესიჯი სწორედ გულისა და გონების ბალანსია. მონახეთ ოქროს შუალედი, სადაც შეძლებთ იცხოვროთ გულით და ამავე დროს, იყოთ პრაქტიკული თქვენს სურვილებსა და ოცნებებთან მიმართებაში. გამოიყენეთ მერწყულის ლოგიკა იმისათვის, რომ მიხვდეთ, რა ცვლილების აუცილებლობაა თქვენს ცხოვრებაში და ლომის გამბედაობა - მის პრაქტიკულად განსახორციელებლად.

 

დაუკვირდით, რა გჭირდებათ ცხოვრებაში იმისათვის, რომ უფრო ბედნიერი, ლაღი, მხიარული და თავისუფალი იყოთ. გაქვთ განსაკუთრებული ნიჭი და უნარები, რომელსაც სათანადოდ ვერ იყენებთ? გაქვთ მიზნები და სურვილები? გსურთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება? მაშინ მშვენიერი შანსი გაქვთ, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და დაანახოთ სამყაროს, რა შეგიძლიათ.

 

გამბედაობას შეგვმატებს მზისა და მთვარის ჰარმონიული ასპექტიც მარსთან. ეს არის იდეალური შანსი იმისათვის, რომ დავძლიოთ შინაგანი შიშები, კომპლექსები და ვთქვათ ის, რისი თქმაც გვინდა, გავაკეთოთ ის, რისი გამბედაობაც ადრე არ გვყოფნიდა. სწორედ ახლა შეგვიძლია, დავიცვათ საკუთარი პრინციპები ისე, როგორც არასდროს აქამდე. ამიტომ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შანსი და გამოვხატოთ საკუთარი ნიჭი და უნარები სხვების დასანახად. მთვარე, ვენერა და მარსი ცეცხლის ნიშნებში იმყოფება, იუპიტერი, სატურნი, ურანი და პლუტონი კი მიწის ნიშნებში. ცეცხლისა და მიწის სტიქიების ასეთი კომბინაცია დაგვეხმარება იმაში, რომ ინსპირაცია და ინიციატივა პრაქტიკულად განვახორციელოთ. ეს არის საქმის კეთების, აქტიურობისა და შედეგების მიღწევის დრო

 

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებს

 

8 თებერვლიდან ვენერა თევზებიდან ვერძში გადაინაცვლებს, სადაც პირველივე გრადუსებში ლილიტთან მოუწევს შეერთება. თევზებისგან განსხვავებით, ვენერა ვერძში აღარ იქნება ისეთი რბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე და პარტნიორზე თანგადაყოლილი. ამ ნიშანში ვენერა უფრო პირდაპირი, ხისტი, ხანდახან უხეშიც კი, თავისუფლებისა და თავგადასავლების მოყვარული გახდება. ასეთი ვენერასთვის განსაკუთრებით ამაღელვებლად ჟღერს სასურველ ადამიანზე „ნადირობა“ და ურთიერთობების საწყისი ეტაპი. ვენერა ვერძში ვერ ეგუება ერთფეროვან და თქვენ წარმოიდგინეთ, მშვიდ ურთიერთობას. მისთვის ყოველთვის უნდა არსებობდეს რაღაც, რაც მის ცეცხლოვან ენერგიას მოქმედებისა და აქტიურობის საშუალებას მისცემს. თუ ამ ყველაფერს ლილიტის ენერგიასაც დავუმატებთ, მარტივი მისახვედრია, რომ ბევრი ურთიერთობისთვის ეს ერთგვარი გამოსაცდელი პერიოდი იქნება. ნებისმიერი პატარა მიზეზიც კი შესაძლოა, გახდეს კონფლიქტების გამომწვევი (ისედაც მომატებული აგრესიის ფონზე). არ არის გამორიცხული, მოგვეჩვენოს, რომ თუნდაც მრავალწლიანი ურთიერთობა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვაშენებდით, საკმაოდ მოსაწყენი გახდა იმისათვის, რომ ის შევინარჩუნოთ. ასეთ დროს ახალი ადამიანებისა და ურთიერთობების იდეა გაცილებით მიმზიდველი ჩანს, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ (და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვენერა კუროში გადავა), ყველაფერი ისევ თავის კალაპოტს დაუბრუნდება და ისევ სტაბილურობა და სიმშვიდე გახდება ურთიერთობების ტოპ პრიორიტეტი. ამ ენერგიის დროს შეგიძლიათ, დაასრულოთ ურთიერთობა თუ ამისი სურვილი დიდი ხანია გაქვთ, მაგრამ ვერ ბედავდით. თუმცა თუ ეს სურვილი აქამდე არ გაგჩენიათ, ამ ნაბიჯის გადადგმა შესაძლოა, შემდგომი სინანულის მიზეზიც კი გახდეს. რაც შეეხება ახალ ურთიერთობებს, ვენერა ლილიტის შეერთების დროს გაცნობილი ადამიანები შესაძლოა, იმ ერთადერთად მოგვეჩვენოს, ვისაც „მთელი ცხოვრება ველოდით“. თუმცა, ესეც დიდი ალბათობით იმედგაცრუების წინაპირობა გახდება. ვენერასა და ლილიტის შეერთება დაახლოებით 13 თებერვლამდე იქნება აქტუალური (ზუსტი ასპექტი - სავსე მთვარის დღეს). ამ ყველაფერთან ერთად ვენერა შეერთებაში იმყოფება ქირონთანაც, რომელიც ლილიტისგან განსხვავებით, შანსს მოგვცემს პარტნიორში დავინახოთ ის, რისი დანახვაც აქამდე არ შეგვეძლო (პოზიტიური კუთხით). ეს არის ერთმანეთის მიმართ ნდობის გამოხატვის, პარტნიორში პოტენციალის აღმოჩენის, ურთიერთობის მტკივნეული მხარეების „მკურნალობისა“ და ახალი ციკლის დაწყების პერიოდი.

 

აღნიშნული ტენდენციები ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს ეხება, თუმცა სავსე მთვარის ენერგიას ყველაზე მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვისაც პირად რუკაში პლანეტები, ASC, DSC, IC და MC ფიქსირებული ნიშნების (მორიელი, კურო, მერწყული, ლომი) 15-25 გრადუსს შორის აღენიშნება.

 

კონკრეტული ადამიანისთვის მიმდინარე და უახლესი პლანეტარული გავლენის შესაფასებლად აუცილებელია პირადი რუკის შედგენა და მისი სიღრმისეული ანალიზი. ცვლილებები იწყება გაცნობიერებით. პირადი ასტროლოგიური რუკა კი სწორედ საკუთარი თავის შეცნობასა და პოტენციალის მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოყენებაში გვეხმარება.

 

 

big_banner
არქივი