logo_geo
როგორ აღმოჩნდა სესილია თაყაიშვილი „Pink Floyd“-ის კლიპში
- +

6 თებერვალი. 2020. 14:22

ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის, „Pink Floyd“-ის კლიპში, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე  „Money“ (ალბომიდან „The Dark Side Of The Moon“), ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის ფოტოს აღმოაჩენთ. არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა ჟურნალ „სოვეტსკოე კინოდან“ ამოჭრილი ფოტო კლიპში. თუმცა, ყველა ვერსია ჯგუფის ერთ-ერთ დამაარსებელს, რობერტ უოტერს უკავშირდება.

 

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს, მათ შორის იყო სესილია თაყაიშვილიც. სამწუხაროდ, სიაში იგი მოხსენიებული იყო, როგორც რუსი და არა ქართველი მსახიობი. სწორედ ამ ასეულში შეუნიშნავს სესილიას მეტყველი სახე უოტერსს, ძალიან მოსწონებია და გადაუწყვეტია, კლიპში გამოეყენებინა.

 

„ფლოიდელ“ დევიდ გილმორთან დაახლოებული პირის ინფორმაციით კი, როდესაც როჯერს თენგიზ აბულაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ უნახავს, ემოციებისგან ცრემლი წამოსვლია. ფილმის ნახვის შემდეგ, ნოდარ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია.

 

არსებობს კიდევ ერთი ძველი ამბავიც, – 1980 წელს „პინკ ფლოიდი“ საკონცერტოდ ლენინგრადში (ახლანდელ პეტერბურგში) უნდა ჩასულიყო. კრემლმა გადაწყვიტა, ჯგუფისთვის ვინმე საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და ალა პუგაჩოვა აარჩია, მაგრამ ისევ და ისევ უოტერსმა, თურმე, სესილიასთან შეხვედრა ითხოვა.

 

უცნაურია, რატომ გადაწყვიტა კლიპის რეჟისორმა, ჟან დაკარტმა მისი პორტრეტის გამოყენება, თუმცა, ერთ-ერთი ინფორმაციით, როდესაც ფრანგ რეჟისორს სესილიას განსახიერებული როლები უნახავს,  უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო“.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი