logo_geo
„მედეა ჯაფარიძის ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეტაპი მისი დეპუტატობა იყო“
- +

6 თებერვალი. 2020. 20:27

 

 

მედეა ჯაფარიძე – ეს სახელი და გვარი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში. მსახიობი, რომელმაც თავისი სილამაზით დაატყვევა მაყურებელი, რომელმაც თავისი სამსახიობო ოსტატობით მოაჯადოვა საზოგადოება, რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი სათნო, კეთილი და სხვებზე მზრუნველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრების გზა ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა, ამას ხელოვანი არ გაუბოროტებია.

 

ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მედეა ჯაფარიძემ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები გაიხსენა და მაგნიტოფონზე ჩაწერა. მოგვიანებით ეს ჩანაწერები წიგნად გამოიცა.

 

„არტინფო“ გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს მსახიობის ცხოვრებიდან.

 

„… ჩემს ცხოვრებაში მოხდა ჩემთვის მოულოდნელი რამ. ბევრი გოგონა მაშინ გათხოვებაზე ოცნებობდა, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო. მე სწავლის გაგრძელება მინდოდა, სრულიად ნორჩს გათხოვება, თანაც დიდი სიყვარულის გარეშე, თავში აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ ასე მოხდა. გავთხოვდი შესანიშნავ ქართველ მსახიობზე, გრიშა კოსტავაზე, მერაბ კოსტავას ბიძაზე, პიროვნებაზე, რომელსაც შემდგომი ცხოვრების განმავლობაში უდიდეს პატივს ვცემდი. სხვათა შორის, მერაბს ბევრი საერთო თვისება გააჩნდა ბიძამისთან. ისიც მასავით პატრიოტად და უტეხი პრინციპების პიროვნებად ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ, შევედი მარჯანიშვილის თეატრში უშტატო მსახიობად, ისე, რომ არანაირი თეატრალური განათლება არ მიმიღია. თეატრი სავსე იყო უნიჭიერესი მსახიობებით. პირველ წარმოდგენაში ორი სიტყვა მქონდა სათქმელი – „მარგარიტა გოტიე“. ძალიან ვღელავდი, მგონი, ძილშიც კი ვიმეორებდი ამ ორ სიტყვას. შემდეგ მომცეს ეპიზოდური როლი – გულსუნდა, სპექტაკლში „მოკვეთილნი“. ეს სახე ყველაზე მეტად მიყვარდა. ჯერ იმიტომ, რომ ვაჟას ვეზიარე და მერე, გერონტი ქიქოძის შექებამ შემასხა ფრთები.

 

ამ დროს მოხდა უბედურება. გრიშა კოსტავა დააპატიმრეს. მას ძველი ფედერალისტობა გაუხსენეს. საშინლად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს და ვერავისზე ათქმევინეს ძვირი. ჩეკისტი დაკითხვის დროს ფეხზე ხიშტს აჭერდა და როცა პასუხს ვერ იღებდა, სულ უფრო ეყრდნობოდა ხიშტით. აკი ვამბობდი, მერაბი ძალიან ჰგავდა ბიძას. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერ აღიარებინეს, მაინც სიკვდილი მიუსაჯეს მას და რამდენიმე მის მეგობარს.

 

ორი დღის გადაყვანილები იყვნენ სიკვდილმისჯილთა საკანში, როცა მე პირველად ჩავჯექი თვითმფრინავში. რვასაათიანი გადაფრენა მელოდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოცი წლისა გახლდით, მაინც ძალიან მეშინოდა. აფრენის წინ შესანიშნავმა ქალბატონმა, მარგარიტა მუსხელიშვილმა, ჩვენი დიდი მეცნიერის დამ, გამატანა წერილი ადმირალ ისაკოვთან, თხოვნით, რათა ულრიხს მივეღე. ეს ის ულრიხი გახლდათ, ომის წლებში ყველაზე მეტ ადამიანს რომ გამოუტანა დახვრეტა. ამ ბარათში ქალბატონი მარგარიტა ადმირალ ისაკოვს სთხოვდა, რომ ურიგოდ მივეღე, სხვანაირად ექვსი თვე დამჭირდებოდა რიგში დგომა, დრო კი არ ითმენდა. მივედი ულრიხთან, ამ სისხლიან კაცთან და გავოგნდი, დამხვდა მოხუცი, კეთილი კაცი, რასაკვირველია, მხოლოდ გარეგნობას ვგულისხმობ. გრიშა კოსტავა და მისი მეგობრები უკვე მეხუთე დღეა ელოდნენ დახვრეტას. პასუხი წერილობით მივიღე – სამივე სიკვდილმისჯილს ათი წლის პატიმრობით შეუცვალეს სასჯელი.

 

კოსტავა და მისი მეგობრები თბილისში დააბრუნეს. აქ უკვე დავიწყეთ ბრძოლა, რათა ისინი რუსეთში არ გაესახლებინათ. ყოველი ახალი გამოჩეკილი ჩეკისტი ხელახლა იწყებდა მათი საქმის გადასინჯვას თავის გამოსაჩენად და ცდილობდა, „საშიში დამნაშავეები“ ქართული კოლონიიდან ციმბირში თუ კალიმაზე გადაესახლებინა. კვლავ და კვლავ მიწევდა სხვადასხვა ინსტანციაში სირბილი და ხვეწნა-მუდარა. ამ ჯოჯოხეთში გავიდა რამდენიმე წელი და როცა ყველაფერი მიწყნარდა, მე მომინდა, შეწყვეტილი ბავშვობის, ანუ სწავლის გაგრძელება. წავედით მოსკოვში, ჩვენებთან. თითქოს გამრთელდა ბავშვობის გაწყვეტილი ჯაჭვი.

 

სამხატვრო თეატრს მივაშურე, რათა იქნებ თავისუფალ მსმენელად მივეღე. მიმიღეს, ახდა ოცნება. მე სამხატვრო თეატრის კედლები შემომცქერიან. ვცხოვრობ ჩვენებთან, დედაც ხშირად ჩამოდის და სწორედ ამ დროს გავიცანი რეზო. ეს იყო 1947 წლის დასაწყისი. რეზო იქ სწავლობდა დიპლომატიურზე. მან გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ბრწყინვალე ლექსებს წერდა და მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო. თანაც, მიუჩვეველი ქალებისგან უარის თქმას. რეზო, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დარჩა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რადგან მე ისეთი დაცლილი ვიყავი, სწავლის გარდა არაფერი მინდოდა. თან, ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას.

 

სტუდიაში თანდათან დავიმკვიდრე ჩემი ადგილი, სერიოზული როლები შემომთავაზეს. ლენინგრადელმა კედროვმა გადაწყვიტა, მოვესინჯე ჯულიეტასა და ოსტროვსკის „უმზითვოში“ ლარისას როლებზე. როცა რეზოს უნდა შევხვედროდი და მეამბნა ჩემი წარმატების შესახებ, მოვიდა ტელეგრამა: „დედა ავად გახდა, სასწრაფოდ ჩამოდი!“ ყველაფერი თავზე დამენგრა. სახლში ტირილი არ შემეძლო, ბიცოლა ავად იყო და მისი შეწუხება არ მინდოდა. არბატზე, სტაროკანიუშენზე ჩემი უფროსი მეგობარი ქალი – ფაინა ცხოვრობდა და იქ წავედი, ბოლომდე რომ გამომეტირა ჩემი დამსხვრეული ოცნებები. რეზოს დავურეკე, სახლიდან ვერ დავურეკავდი ჩვენების შიშით. ისიც წამსვე მოვარდა და მაშინ პირველად მოვუყევი ყველაფერი, ჩემი მძიმე ბავშვობის, განვლილი წლების, აუხდენელი ოცნებების შესახებ და აქ მოხდა ერთი გადამწყვეტი ამბავი, ჩემი ვაჟკაცი რეზო ატირდა.

 

მაშინ მივხვდი, მას ხელს უკვე ვეღარ ვკრავდი. უნდა მეშველა ჩემი თავისთვისაც და მისთვისაც. ორ დღეში უკვე თბილისში ვიყავი. მძიმე გულით დავემშვიდობე სამხატვრო თეატრ-სტუდიას და მთელი სიყვარული ჩემი ჩასვლით უზომოდ გახარებულ დედას დავუთმე. ერთი თვის განმავლობაში ბნელ ოთახში ვიწექით ორივე, თურმე ასეთ ავადმყოფებს სიბნელე ჰყვარებიათ. ამ დროს მიმდინარეობდა „ქეთო და კოტეს“ გადაღებები. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩავაბნელებდი დარაბებით ოთახს და ასე ვცხოვრობდით მე და დედა. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ დროის მონაკვეთს. ნათესავები მირჩევდნენ: დედაშენი საავადმყოფოში დააწვინე და გააგრძელე შენი დაწყებული საქმეო. მაგრამ, მე ხომ ვიცოდი, როგორ სძულდა დედას საავადმყოფო. ეს ხომ მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, როცა მის კალთას მგლეჯდნენ და ფსიქიატრიულში მიჰყავდათ. ამიტომ ვერ გავიმეტე და მასთან დავრჩი. რეზოს წერილები თუ მითბობდა სულს“, - ჰყვებოდა მსახიობი.

 

„… ნელა, ძალიან ნელა გაიარა აქ უმძიმესმა ექვსმა თვემ. ათასში ერთხელ გადაღებებზე თუ გავიდოდი. ჩამთავრდა ფილმის ქორწილის სცენის გადაღებაც. დედაც მომჯობინდა და კვლავ მოსკოვში წავედი, ამჯერად დედასთან ერთად, მარტო ვეღარ დავტოვებდი. ბიცოლასთან ვერ ვიცხოვრებდი, რადგანაც იმ პერიოდში ისიც ძალიან ცუდად იყო და მათი შეხვედრა ძველ იარას გახსნიდა. ამიტომ, ჩემს მეგობართან, ფაინასთან გავჩერდით არბატზე. გორკის ქუჩაზე იყო ერთი პატარა „კოქტეილ-პოლი“, უკრავდა მუსიკა. ეს მაშინ იშვიათი მოვლენა იყო. ჩასვლისთანავე დავურეკე რეზოს და იქ შევთანხმდით შეხვედრაზე. მაგრამ, ვაი რომ, იმ დღეს მუსიკოსები ისვენებდნენ და ძალიან დაგვწყდა გული. თუმცა, სულ ცოტა ხანში მივხვდით, რომ არავითარი მუსიკა ჩვენ არ გვჭირდებოდა, იმდენად ძვირფასი იყო ერთად გატარებული მონატრების ყოველი წუთი. განაწყენება რომ შევამჩნიე, ავუხსენი რეზოს, თუ რატომ არ ვპასუხობდი მის წერილებს.

 

კვლავ გაგრძელდა სწავლა სამხატვრო სტუდიაში. ერთ-ერთმა სტუდიელმა მითხრა, სად გაქრი, ჩვენ ყველას გვეგონა, მოსკოვში დიდ კარიერას გააკეთებსო. ეს მერეც უკვირდათ ჩემს კოლეგებს, როცა დედას გამო საბოლოოდ დავანებე თავი სწავლას და თბილისში გადავედი საცხოვრებლად. მათთვის სამსახიობო კარიერა ყოველგვარ პირადულზე მაღლა იდგა. ჩემი მოსკოვში ყოფნისას „ქეთო და კოტეს“ პრემიერა შედგა თბილისში. „ქეთო და კოტეს“ შემდეგ ჩემმა უსაყვარლესმა ბატონმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მეორე, დიდი სიყვარული მაჩუქა.

 

რუსთაველზე ვცხოვრობდით, ისეთ ბინაში „კომუნალკას“ რომ ეძახიან, აივანზე ვიყავი გადმომდგარი. ამ დროს ჩაიარეს ბატონმა ვახტანგმა და მისმა მეგობრებმა. როგორც მან მითხრა, სწორედ მაშინ დაებადა აზრი ბატონ ვახტანგს, თეატრში ჯულიეტა მეთამაშა. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენი პირველი იძულებითი განშორების პერიოდში რეზომ შექსპირის სონეტების დიდი ნაწილი თარგმნა და მე მომიძღვნა. ჯულიეტას როლმა დიდი ბედნიერება მომიტანა. რეზოც ჩამოვიდა პრემიერაზე“, - ჰყვებოდა მედეა ჯაფარიძე.

 

მედეა ჯაფარიძის ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეტაპი იყო მისი დეპუტატობა. მსახიობის სახლში კარი ყოველთვის ღია იყო და გაუთავებლად მიდიოდნენ მასთან სრულიად უცნობი ადამიანები სხვადასხვა პრობლემის მოგვარების სათხოვნელად. მედეა ჯაფარიძე მათ თხოვნებს შეძლებისდაგვარად ასრულებდა, მსახიობმა 100-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა პატიმრობიდან.

 

რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედეა ჯაფარიძეს დაემართა ბრონქიტი. მსახიობს საავადმყოფოში გამოუყვეს ცალკე ოთახი. მან მეუღლეს წერილი მისწერა გვერდით ოთახში: „რეზიკო, მომწერე რამე, თორემ ვიტირებ და გავიქცევი სახლში“. პასუხმაც არ დააყოვნა: „რამ ან ვინ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ. გკოცნი ჩემო ლამაზო, ჩემო ერთადერთო, ჩემო უსაყვარლესო“.

 

რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალების შემდეგ მედეა ჯაფარიძეს დიდხანს არ უცოცხლია და მალევე გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი