logo_geo
რატომ „გაიქცა“ ქვეყნიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
- +

8 თებერვალი. 2020. 00:22

 

 

 

პატივცემულო მკითხველო, ვიცი, რომ მძიმე სათაურია, ამიტომ აქვე განვმარტავ, რომ აკადემიკოსი ალბერტ (ალეკო) თავხელიძე, ქვეყნიდან კი არ გაქცეულა, არამედ, როგორც გონიერი და კრისტალივით სუფთა კაცი, ძალადობაზე დამყარებულ იმ უსამართლობას გაეცალა, რომელიც სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან დაამყარა ქვეყანაში.

 

სანამ სათქმელზე გადავიდოდე, ახალ თაობას შევახსენებ (გავაგებინებ), ვინ იყო ალბერტ თავხელიძე - მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი-ფიზიკოსი.

 

უწინარეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ეს დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სპეციალობით „თეორიული ფიზიკა“ კურსდამთავრებულია. მეცნიერებაში მის მიერ განვლილი გზა სწორედ დედაუნივერსიტეტიდან იწყება. ამ გზის უმნიშვნელოვანესი ეტაპებია:

 

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის დაარსება, რომლის პირველი დირექტორიც იგი იყო; ანდრია რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში თეორიული ფიზიკის განყოფილების გახსნა, რომელსაც 2005 წლამდე სათავეში ედგა; იყო მისი ინიციატივით თსუ–ში დაარსებული მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ამავე ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოში პაგოუშის მოძრაობის ჯგუფის ხელმძღვანელი; მეცნიერთა მსოფლიო ფედერაციის საქართველოს განყოფილების დირექტორი; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი სათავეში ჩაუდგა მისი იდეის საფუძველზე შექმნილ „ნაწილაკების ფიზიკისა და კოსმოლოგიის“ კათედრას; თავმჯდომარეობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის “მყარი სხეულის რადიაციული ფიზიკის” პრობლემის სამეცნიერო საბჭოს.

 

1967 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტად, 1974 წელს - ნამდვილ წევრად; 1984 წლიდან იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, 1990 წლიდან - ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი).

 

1986-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გახლდათ.

 

მის კალამს ეკუთვნის 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლებიც ციტირების მაღალი ინდექსით ხასიათდება, ავტორია ფუნდამენტური ნაშრომების კვანტურ ფიზიკაში, მაღალი ენერგიების ფიზიკაში, ელემენტარული ნაწილაკების თეორიაში და ა. შ.

 

უამრავი ჯილდოსა და უმაღლესი რანგის პრემიების მფლობელია, ბევრი სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი სასწავლებლის საპატიო პროფესორის წოდება ჰქონდა მინიჭებული. და ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ალბერტ თავხელიძის მოღვაწეობის მხოლოდ ნაწილია.

 

აი, ეს მამულიშვილი აიძულეს, დაეტოვებინა სამშობლო.

 

ახლა კი სათქმელს დავუბრუნდები.

 

ზოგიერთი შეიძლება დღესაც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ რეპრესირებული მოხელეების უმრავლესობა კრიმინალი იყო. ეს საფუძველშივე მცდარი წარმოდგენაა: ბევრი ჩვენგანი სააკაშვილის პირადი განკარგულებით იმიტომ დააპატიმრეს, რომ ცნობილი და საზოგადოებისთვის მისაბაძი ადამიანები ვიყავით. ჩვენი დაპატიმრებით მან საზოგადოებაში შიში და მორჩილება დანერგა, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა და, ყველა ბოროტებასთან ერთად, ქართული მეცნიერების ნგრევას შეუდგა. მან და მისმა ხროვამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა.

 

მე რექტორად ვმუშაობდი საბჭოთა პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა. მაშინ შეიქმნა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებული ორგანო იყო. რექტორებს საშუალება მოგვეცა, სისტემატური კონტაქტი გვქონოდა ქვეყნის პირველ პირთან და ოპერატიულად, შესაძლებლობის ფარგლებში მოგვეგვარებინა ჩვენი პრობლემები. განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და მის პრეზიდენტ ალეკო თავხელიძესთან.

 

ერთხელ საზოგადოება “თბილისელის” სხდომიდან რამდენიმე რექტორმა მეცნიერებათა აკადემიაში შევიარეთ.

 

პრეზიდენტის კაბინეტში ცნობილი მეცნიერები _ რეზო სალუქვაძე, ნოდარ ამაღლობელი და მინდია სალუქვაძე სათათბირო მაგიდასთან ისხდნენ. კარგ დროს მოხვედითო, _ გვითხრა ალეკო თავხელიძემ და მაგიდასთან მიგვიწვია.

 

საუბარი ქართული მეცნიერებისა და საუნივერსიტეტო განათლების პრობლემებს ეხებოდა. ბატონმა ალეკომ გვითხრა, რომ ამ საკითხებზე საინტერესო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ შევარდნაძესთან და მთავარი აქცენტების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.

 

ედუარდ შევარდნაძეს თავხელიძისთვის უთხოვია, რომ იმ მწირი დაფინანსებით, რომლის გამოყოფაც ქვეყნის ბიუჯეტს იმ ხანად შეეძლო, როგორმე შეენარჩუნებინა აკადემიის ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სამეცნიერო პოტენციალი.

 

-2000 წლისთვის საქართველოში შემოვა განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის მსოფლიო ბანკის რამდენიმემილიონიანი გრანტი, 2005 წლისთვის კი ქვეყანა მიიღებს მილიარდიან დაფინანსებას, რომლიდანაც მნიშვნელოვანი თანხა განათლებისა და მეცნიერებისთვისაც გამოიყოფაო, _ დაპირებია პრეზიდენტი.

 

2002 წელს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში, ჩავედით აგრარიკოსი მეცნიერების 6-კაციანი ჯგუფი, წარვადგინეთ სერიოზული პროექტები და რამდენიმე თვეში მივიღეთ კიდეც დაფინანსება _ მებაღე-მევენახეობის კვლევითმა ინსტიტუტმა 1,5 მილიონი, ხოლო აგრარულმა უნივერსიტეტმა 250 ათასი დოლარი. ჩემი რექტორობის დროს აგრარულ უნივერსიტეტში გამოყოფილი თანხიდან მხოლოდ კომპიუტერული ცენტრის, ღვინის მუზეუმისა და ვაზის უნიკალური ჯიშების საკოლექციო ნაკვეთის მოწესრიგება მოვასწარით.

 

უცნობია, რა ბედი ეწია მსოფლიო ბანკის მიერ 2005 წელს განათლებისა და მეცნიერებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას. ყოველ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, რომლის  პრეზიდენტიც იმ დროს ვიყავი, და მასში შემავალ კვლევით ინსტიტუტებს, იმ თანხიდან რომ არაფერი მიგვიღია, შემიძლია, დავადასტურო.

 

ბატონი თავხელიძე და რექტორები შევეცადეთ, საქმიანი ურთიერთობა გაგვეგრძელებინა სააკაშვილის ხელისუფლებასთანაც, მაგრამ არც მასთან და არც მის მინისტრებთან კონტაქტი არ გამოგვივიდა _ ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი მთავრობის წევრების კაბინეტების კარები ჩვენთვის დახურული აღმოჩნდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ სააკაშვილს საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი უკვე „ჩარეცხილი“ ჰყავდა…

 

სააკაშვილმა ერთიმეორის მიყოლებით დახურა მსოფლიოში აღიარებული აკადემიური ინსტიტუტები, მეცნიერები ქუჩაში გაყარა, გაყიდა ან გაასაჩუქრა შენობები და ქონება, გააუქმა სამეცნიერო წოდებებისა და ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოები, სალანძღავი გახადა აკადემიკოსობა, პროფესორობა და, საერთოდ, - სიტყვა მეცნიერი. არნახული ცინიზმი იყო ის, რომ პროფესორის ანაზღაურება, მეეზოვის ანაზღაურებაზე უფრო დაბალი იყო და ამით ხელისუფლება ამაყობდა კიდეც…

 

ალეკო თავხელიძე იმთავითვე მიხვდა თუ რატომ ანგრევდა სააკაშვილი ახალი ქვეყნის შენება-განმტკიცების საფუძველთა-საფუძველს _ ქართულ მეცნიერებას. ხელისუფლებაში მოსულ „ვარდოსნებს“  ხომ ქართველი ერის გენოციდი ჰქონდათ “დავალებული” და ამ დავალების შესრულებაში მათ ქართული საზოგადოების ინტელექტუალური წარმომადგენლობა _ მეცნიერებათა აკადემიები, უნივერსიტეტები, შემოქმედებითი კავშირები, თეატრები და, საერთოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებები უშლიდა ხელს, რადგან მათში სწორედ ერის გამორჩეული ადამიანები იყვნენ დასაქმებულნი.

 

2004 წლის მარტის ბოლოს ბატონმა ალეკომ თავის აგარაკზე მისვლა მთხოვა. მივედი. ანთებულ ბუხართან ჩაფიქრებული იჯდა. ვიცოდი მისი ხასიათი - საჭირო თემებზე თვითონ იწყებდა საუბარს, მეც ამის მოლოდინში ვიყავი… მაგრამ ამჯერად შეკითხვით მომმართა _ ვიცნობდი თუ არა პრეზიდენტის დედას - გიული ალასანიას?

 

-კი ვიცნობ, შევხვედრივარ მამამისის - გივი ალასანიას სახლში და რამდენიმეჯერ ჩემთანაც იყო უნივერსიტეტში.

 

-ეს, ალბათ, მაშინ, თქვენგან სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი რომ მოითხოვა თურქულ-ქართული უნივერსიტეტისთვის?

 

- დიახ, ამასთან დაკავშირებით მან ზურაბ ჟვანიას სარეკომენდაციო წერილიც მომიტანა, - ვუპასუხე.

 

_ ამბობენ, რომ იგი კარგი თურქოლოგია, - ჩაილაპარაკა თავხელიძემ.

 

გიული ალასანიას, როგორც მეცნიერს, არ ვიცნობდი და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც თავხელიძეს.

 

-როგორც მითხრეს, მას არც ჩვენი ისტორიკოსები იცნობენ, მიპასუხა მან.

 

მივხვდი, რომ თავხელიძე პრეზიდენტის დედას შემთხვევით არ ახსენებდა.

 

-რა ხდება, იცი?! შეიძლება ადამიანს დაეხმარო საკანდიდატო დისერტაციის დაცვაში, არც ისაა დიდი ცოდვა, რომ ხელი შეუწყო სადოქტორო დისერტაციის მომზადებაში, მაგრამ აკადემიკოსი ადამიანი თვითონ უნდა გახდეს, _ თქვა მან.

 

მივხვდი, რა თავსატეხიც გასჩენოდა აკადემიის პრეზიდენტს: მან იცის, რომ ახალ ხელისუფლებას მეცნიერების ნგრევის პროცესი დაწყებული აქვს. ამ დროს მას “მაშველ რგოლს” აწვდიან. “ვიღაცა” ეუბნება, რომ კარგი იქნება, თუ აკადემიაში რამდენიმე ავტორიტეტულ ადამიანს აირჩევენ და, როგორც ჩანს, მაშინ ახსენეს პრეზიდენტის დედის სახელიც.

 

-იქნებ, ჩაყოლა ჯობია? _ ფრთხილად შევაპარე.

 

-სხვებიც მაგას მეუბნებიან, მაგრამ, თუ ერთხელ დავთმეთ, მერე ესენი აღარ მოგვეშვებიან და აკადემიას ბალაგანად გადააქცევენ, _ მიპასუხა ბატონმა ალეკომ.

 

იგი მართალი იყო, იმ დროს სახელდახელოდ შემოღებული ერთსაფეხურიანი, გამარტივებული წესი ე. წ. აკადემიური დოქტორის ხარისხის მისანიჭებლად აშკარად ადასტურებდა, რომ ისინი თანმიმდევრულად აბითურებდნენ ქართულ მეცნიერებას.

 

მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა, რომ თავხელიძე სულითა და ხორცით მეცნიერი იყო, რომ მისთვის მეცნიერება დასაქმება და კარიერა კი არ იყო, არამედ საქმის კეთება, რომ არ დაუშვებდა მეცნიერების დაბინძურებას. უჭირდა უაზრო მოხსენებების მოსმენა, ერიდებოდა პარტიულ და სხვა შეკრებებს, მიაჩნდა, რომ ეს ყოველივე დროის ფლანგვა იყო.

 

არც დიდი ღრეობები მოსწონდა, მისთვის მისაღები 4-5-კაციანი სუფრა იყო, ასეთ წრეში უფრო იხსნებოდა. აფასებდა დახვეწილ იუმორს, მოსწონდა კარგად წაკითხული ლექსი, სიმღერა, თავადაც კარგად მღეროდა. პატივს სცემდა ოჯახურ წვეულებებს და თვითონაც გვიწვევდა საკუთარ ოჯახში. მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არც ჩაცმას აქცევდა, რაზეც წუხდა ხოლმე მისი უსათნოესი მეუღლე _ მაია მეუნარგია.

 

ამასთან დაკავშირებით, მინდა გავიხსენო ერთი კურიოზიც: აკადემიის წინ ვიდექით, მას, როგორც ყოველთვის, ძველი მოკლე ქურთუკი ეცვა და ძველი კეპი ეხურა. ამ დროს უკრაინაში მოღვაწე ერთმა ჩემმა ნაცნობმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და მოგვესალმა. მე ბატონი ალეკო გავაცანი… საღამოს ის ჩემი ნაცნობი ტელეფონით შემეხმიანა და იუმორი შემიქო _ ვერ წარმოიდგინა, რომ იმგვარად ჩაცმული კაცი შეიძლება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ყოფილიყო. ბატონმა ალეკომ, ამის შესახებ რომ ვუთხარი, ბევრი იცინა: ამაზე არ მიფიქრიაო. შემდგომში ცდილობდა, კოპწიად ჩაეცვა.

 

ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეოთხე პრეზიდენტი _ გულწრფელი, მართალი, დიდი ფიზიკოსი, ასეთი გვიყვარდა და პატივს ვცემდით… მაშ, რა მოხდა? თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული კაცი რატომ გაიქცა საქართველოდან?

 

ათი წელი ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ის სიმართლე, რომელიც მე ვიცი, ვყოყმანობდი. მეგობრებსაც დავეკითხე და ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა.

 

სამამულო ომის დამთავრების შემდეგ მთავრობის სპეციალური განკარგულებით მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია აკადემქალაქის ასაშენებლად. მაშინ ეს ადგილები დაუსახლებელი იყო. ჯერ კიდევ ნიკო მუსხელიშვილის პრეზიდენტობის დროს ერთი კორპუსი მტკვრის მხარეს აშენდა კიდეც… შემდეგ მშენებლობები უსახსრობის გამო შეჩერდა, თუმცა აკადემია ტერიტორიას მაინც ინარჩუნებდა.

 

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი ქაოტური და უკონტროლო სიტუაციაც კარგად გვახსოვს, ისიც, თუ რა დამართეს ქვეყანას ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილმა უვიცმა ჩინოვნიკებმა. საქართველოში ჩამოსულმა ედუარდ შევარდნაძემ აკადემიაში მისვლის დროს “აკადემქალაქის” პროექტი მოიკითხა და შეწუხდა, რომ მწირი ბიუჯეტით ამ პროექტის განხორციელებას ქვეყანა ვერ შეძლებდა. აკადემიის ხელმძღვანელებს მან პროექტის დაკონსერვება შესთავაზა.

 

მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ დროთა განმავლობაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ქალაქის პრესტიჟულ უბნად ჩამოყალიბდა, დაიწყო მისი დატაცების პროცესი, კაპიტალურმა მშენებლობებმაც მასობრივი სახე მიიღო. ბატონი ალეკო ხვდებოდა, რომ სიტუაციის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებდა, ამიტომ შესაბამისი წერილით მიმართა ხელისუფლებას, მაგრამ დაინტერესებულმა სამთავრობო სტრუქტურებმა საქმე სპეციალურად აურდაურიეს; თუ რატომ, ამასაც კარგად აცნობიერებდა აკადემიის პრეზიდენტი. მოგვიანებით მთავრობამ აკადემიას მიწების ნაწილი ჩამოართვა.

 

ცხადი იყო, რომ ამ პროცესებს ვიღაცის “ძლიერი ხელი” მართავდა. სიტუაციამ პიკს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიაღწია. ბატონმა ალეკომ  რამდენიმეჯერ სცადა სააკაშვილთან შეხვედრა, მაგრამ ამაოდ. იგი არც განათლების მინისტრმა ლომაიამ მიიღო და მოადგილესთან გადაამისამართა. ცხადია, თავხელიძე აცნობიერებდა, რომ ასეთ სიტუაციას ხელოვნურად ქმნიდნენ, რათა აკადემქალაქის ტერიტორიას დაპატრონებოდნენ და მისი, როგორც აკადემიის პრეზიდენტის, დისკრედიტაციაც მოეხდინათ. მან ამის შესახებ ვიწრო წრეში ისაუბრა კიდეც, თუმცა მაშინ ვერც წარმოვიდგენდით სიბინძურის იმ მასშტაბებს, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა ჩაფიქრებული.

 

მისმა სამეგობრომ შეიტყო, რომ პროკურატურისთვის დაევალებინათ, თავხელიძეზე საქმის “შეკერვა”. მაგრამ ვფიქრობდით, რომ მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერს ასეთ უნამუსობას ვერ აკადრებდნენ. მწარედ მოვტყუვდით.

 

არც თავხელიძე ელოდა ასეთ პროვოკაციას. პირველად იგი მაშინ შეშფოთდა, როცა გაზეთმა “ქრონიკამ” ჩემზე შეკვეთილი წერილი გამოაქვეყნა. მკითხველს შევახსენებ: ეს ის პერიოდია, როცა ტელედაპატიმრებებმა მასობრივი ხასიათი მიიღო და მაღალი რანგის მოხელეებს პირდაპირ ქუჩაში აკავებდნენ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბატონ ალეკოს ვუთხარი, რომ დაპატიმრების მოლოდინში ვიყავი. ახლაც მახსოვს მისი შეშფოთებული სახე. _ ნუთუ ამას გაბედავენ?! _ ჩაილაპარაკა. თუმცა კარგად იცოდა, რომ, თუ სააკაშვილს ასე სურდა, განწირული ვიყავი… ასეც მოხდა _ 2004 წლის ივნისში ბრალის წაყენების გარეშე დამაპატიმრეს.

 

თავხელიძეს, მისივე თხოვნით, ციხიდან შევეხმიანე. ბევრი რამ აინტერესებდა ბატონ ალეკოს, იგი ჩურჩულით მელაპარაკებოდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ აშკარად გრძნობდა, უსმენდნენ, რომ ხელისუფლება საფრთხეს უმზადებდა.

 

ციხიდან ჩემი გამოსვლა უფრო ხმაურიანი იყო, ვიდრე დაპატიმრება. ტელეკამერები შინაც დამახვედრეს…

 

კვირა საღამოს, თავხელიძემ დამირეკა და ორშაბათს აკადემიაში მისვლა მთხოვა. დილის 10 საათზე ვეახლე. კაბინეტში ბოლთას სცემდა. მისალმების შემდეგ დეტალურად გამომკითხა დაპატიმრების ამბები. “მეც მიჩხიკინებენ რაცხასო”, _ მითხრა აღელვებულმა. “ასე როგორ შეიძლება”… “ასე როგორ შეიძლება” _ იმეორებდა, შემდეგ მომიბრუნდა, კიდევ შევხვდებითო, _ მითხრა და კარამდე მიმაცილა. შევატყვე, რომ ამ თემაზე საუბარი უჭირდა.

 

ეს შეხვედრა არ ჰგავდა წინანდელ შეხვედრებს. დამშვიდობებაც უცნაური იყო. აშკარად ჩანდა, რომ იგი საკუთარ თავთან დარჩენას ჩქარობდა…

 

მეორე დღეს აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომა იყო დანიშნული, რომელსაც ბატონი ალეკო არ დაესწრო. დილის რეისით გაფრინდა მოსკოვში, იქიდან დეპეშით აცნობა კოლეგებს, რომ გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან…

 

მოგვიანებით მხოლოდ ორჯერ შემეხმიანა, არავინ მოუკითხავს, პირადი თხოვნა გააჟღერა მხოლოდ…

 

როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, მისი პროკურატურაში დაბარება და დაკავება უკვე გადაწყვეტილი იყო… მან არ მისცა ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალება.

 

სულ ეს იყო ჩემი სათქმელი. მკითხველი მიხვდება, თუ რა დიდ ჭირს გადაურჩა საქართველო გასული წლის 1 ოქტომბერს.

 

ნაპოლეონ ქარქაშაძე

 

P.S. ალბერ თავხელიძე 2010 წლის 27 თებერვალს უცხოობაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვის ტროეკურის სასაფლაოზე. სააკაშვილის რეჟიმმა მშობლიური მიწა არ აღირსა.

 

 

big_banner
არქივი