logo_geo
დღეს, ქართველი ოფიცერის და პოლონეთში მოღვაწე სამხედროს, ვალერიან თევზძის დაბადების დღეა
- +

10 თებერვალი. 2020. 11:53

 

 

ქართველი ოფიცერის, საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო მოღვაწის, ვალერიან თევზაძის დაბადებიდან 128  წელი გავიდა.

 

პირველი მსოფლიო ომის დროს კაპიტანი თევზაძე მსახურობდა რუსეთის არმიის კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკში, სადაც, ქართველ ჯარისკაცთა შორის წერა-კითხვის გავრცელებას უწყობდა ხელს. 1917 წლის დეკემბერში თბილისში დაბრუნდა და მალე საქართველოს ჯარის შემადგენლობაში შევიდა. 1918-1921 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთთან, სომხეთთან, დენიკინელთა, მესხეთის აჯანყებულ მაჰმადიანთა და საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლებში. 1918 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება; დანიშნული იყო საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო წესდებებისა და ინსტრუქციების შემმუშავებელი კომისიის მდივნად, რომელსაც თავმჯდომარეობდა გენერალი ილია ოდიშელიძე. ასრულებდა საიდუმლო სამხედრო მისიებს ოკუპირებულ აჭარასა და სოჭის ოლქში.

 

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ჯერ თურქეთსა და გერმანიაში, შემდეგ კი — პოლონეთში.

 

1939 წელს გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის დროს სარდლობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთ სექტორს. გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს ვერმახტის ქართველი ოფიცრების ჩარევით. Tomasz-ის ფსევდონიმით შეუერთდა პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობას. 1944 წელს დაინიშნა „არმია კრაიოვას“ მე-7 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად.

 

1988 წლის მაისში პარიზში გამომავალ ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვალერიან თევზაძის მიერ პოლონურ ენაზე დაწერილი მემუარები სახელწოდებით „განვლლი გზა“, რომელიც ქართულად თარგმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილმა იუნკერმა, პოლონეთის არმიის კიდევ ერთმა ქართველმა ოფიცერმა ნიკოლოზ მათიკაშვილმა. 1990 წელს ეს მემუარები სათაურით „ქართველი ოფიცრის ჩანაწერები“ ცალკე წიგნად დაიბეჭდა თბილისში.

 

ომის შემდეგ საბჭოთა რეპრესიებისგან თავის დაღწევის მიზნით შეცვლილი სახელითა და გვარით (ვალერი კჟიჟანოვსკი, Walery Krzyżanowski) ცხოვრობდა და მუშაობდა ძერჟონიუვში (ქვემო სილეზია), სადაც გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მის საფლავზე მინიშნებულია თევზაძის ნამდვილი სახელი და გვარი და აწერია ეპიტაფია: „როგორც ქართველი, ვისურვებდი, რომ საქართველოში ვყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელების მიწაზე“. 2009 წლის 18 მარტს ძერჟონიუვში გაიხსნა თევზაძისადმი მიძღვნილი ობელისკი.

 

 

big_banner
არქივი