logo_geo
რას მიირთმევდნენ კლეოპატრა და ნეფერტიტი? - ძველეგვიპტური სამზარეულო
- +

10 თებერვალი. 2020. 17:57

 

 

 

ძველეგვიპტური ცივილიზაცია ყველასათვის ცნობილია მისი უდიდესი მონუმენტებით, მარადიული პირამიდებითა და ფარაონების დიდებული ტაძრებით. ამ სტატიით მინდა, რომ მათ ყოველდღიურობაში ჩავიხედოთ და გავიგოთ, რას მიირთმევდა დედოფალი კლეოპატრა და ნეფერტიტი საუზმეზე თუ ვახშმად. როდესაც მასალებს გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ ძველი ეგვიპტელები ბევრად უკეთესად იკვებებოდნენ, ვიდრე სხვა უძველესი ცივილიზაციის მოსახლეობა.

 

დღევანდელი მეცნიერება ძველ ეგვიპტურ საკვებსა და სამზარეულოზე ინფორმაციას სამარხებისა და ტაძრების კედლებზე შესრულებული რელიეფებითა და უძველესი პაპირუსების მეშვეობით ფლობს. ყველაზე გავრცელებული სცენებიც ხომ სწორედ საკვების მსხვერპლად შეწირვაა, ან გარდაცვლილები რომლებიც ნილოსის ველზე მუშაობენ; აქვეა ნადირობის, თევზაობის სცენები. ამ ყველაფერზე დაყრდნობით შევეცადე 9 ყველაზე გავრცელებული საკვები პროდუქტი გამეცნო თქვენთვის.

 

 

 

 

შინაური ფრინველები

შინაური ფრინველების საკვებად გამოყენება ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან დაიწყეს ეგვიპტელებმა. რადგან გემოვნებას ნამდვილად არ უჩიოდნენ, ფრინველის შებრაწული ხორცი თანაბარი პოპულარობით სარგებლობდა როგორც მაღალ საზოგადოებაში, ასევე გლეხებში. ყველაზე ხშირად საკვებად იყენებდნენ იხვს, ბატს, მწყერს, მტრედებს, წეროს და სირაქლემასაც კი; თუმცა, წეროს შემდეგ სირაქლემას ჩაშუშვა არ უნდა გაგვკვირვებოდა.  გედის, წეროსა და სირაქლემას ხორცი დელიკატესად მიიჩნეოდა და მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ მისით ყელის ჩაკოკლოზინება.

შესწავლილი წყაროებიდან ირკვევა, რომ ხშირი იყო გადამფრენ ან იშვიათ ფრინველებზე მასიური ნადირობა, შემდეგ კი მათი ხორცის გამოყვანა და შენახვა.

 

 

 

 

 

რძის პროდუქტი

თუ სამარხის რელიეფების თვალიერება გიყვართ, განსაკუთრებით არა სამეფო სამარხებისა, მაშინ ძალიან ხშირად მოგხვდებოდათ თვალში ძროხები, ხარები და თხები. მესაქონლეობა ნილოსის ნაპირებზე საკმაოდ განვითარებული იყო, ხარები ძირითადად მინდვრებში სამუშაოდ და სახნავად გამოიყენებოდნენ, აი ცხვრები, თხები და ძროხები კი ძირითადად საკვები დანიშნულებით ჰყავდათ მოშენებული. რძის პროდუქტებიც საკმაოდ მრავალფეროვანი ჰქონდათ: ხაჭო, შრატი და ნაღები.

 

 

 

ბოსტნეული

ნილოსის ყოველწლიური ადიდებისას, მდინარე ნაყოფიერი შლამით ფარავდა ნაპირებს, რაც შესაძებლობას აძლევდა მოსახლეობას, მრავალი სახეობის ბოსტნეული დაეთესა და მოეყვანა. რა თქმა უნდა, გლეხებისათვის ბოსტნეული ყოველდღიური რაციონის უდიდეს ნაწილს იკავებდა, მდიდარი ეგვიპტელები კი ხორცეულსა და კარგად გამომცხვარ პურს გემრიელად ატანდნენ ბოსტნეულს. ყველაზე გავცელებული ძველ ეგვიპტეში იყო ხახვი, ნიორი, პრასი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, კიტრი და პარკოსანი მცენარეები.

 

 

 

 

ხილი

თქვენ წარმოიდგინეთ და ხილის ძალიან დიდი არჩევანი ჰქონდათ, რა არ ხარობდა ძველ ეგვიპტეში. ზუსტად ყველა ხილის ჩამოთვლა, თუ რომელი მოდიოდა იმდროინდელ ეგვიპტეში, შეუძლებელია, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით მათ რელიეფებს, მივხვდებით, რომ ტკბილის დიდი მოყვარულები იყვნენ.

 

ჰიქსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობისას, ქვეყანაში ჩნდება ვაშლი, ზეთისხილი და ბროწეული. ყურძენი, ლეღვი და ფინიკი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული იყო მთელ ქვეყანაში. არქეოლოგიური გათხრებით ასევე დამტკიცდა, რომ ფუფუნების მოყვარულ დიდებულებს ქოქოსიც კი არ აკლდათ, რომელიც შორეული აღმოსავლეთიდან შემოჰქონდათ.

 

ბევრი, ბევრი წვენი

ცხელ ზაფხულში გაგრილებული წვენით პირის ჩატკბარუნება ოდესღაც ეგვიპტელებსაც ძალიან უყვრადათ. მართალია, ხილის წვენი ისეთივე პოპულარული არ იყო, როგორც ლუდი და ღვინო, მაგრამ მაინც ფართოდ იყო ქვეყანაში გავრცელებული. გამოწურული ხილის წვენს, წყლითა და თაფლით აზავებდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ. ყველაზე გავრცელებული ლეღვის, ფინიკისა და ყურძნის წვენი იყო.

 

 

 

ხორცი

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ რძის პროდუქტების დიდი მოყვარულები იყვნენ. რაღა თქმა უნდა, თხა და ძროხა მხოლოდ მოსაწველად არ უნდოდათ და მათ ხორცსაც დიდი სიამოვნებით აგემოვნებდნენ. განსაკუთრებული დელიკატესი სამეფო ოჯახში ანტილოპას ხორცი იყო, შემდეგ კი ძროხის ხორცი მოდიოდა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა. ჩვეულებრივ ეგვიპტურ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება ხორცის ყოველდღიურ რაციონში ჩასმის, ხანდახან ბატის ან სხვა შინაური ფრინველის დაკვლა თუ შეეძლოთ.

 

 

 

 

ღვინო

ძველეგვიპტურ ღვინოს ძალიან მდიდარი ისტორია აქვს, მისი დაყენება კემეტის ქვეყანაში ჯერ კიდევ ძვ.წ. 3000 წელს დაიწყეს. ძველეგვიპტური სიტყვა „JRP” – რომელიც ღვინოს აღნიშნავს, ყველაზე ძველია მსოფლიოში. ახალი სამეფოს დროს, ღვინო განსაკუთრებით პოპულარული გახდა როგორც წითელი, ასევე თეთრი. ამ პერიოდშივე ჩნდება სასახლეში ე.წ. „ღვინის შემფასებელი“, რომელიც სამეფო მარანს ადევნებდა თვალყურს. მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის მოყვანა თითქმის მთელი ეგვიპტის ტერიტორიაზე ხდებოდა, ღვინო მაინც მდიდარი ადამიანების სასმელად რჩებოდა.

 

 

 

პური

პური ყველაზე ფართოდ მოხმარებადი საკვები იყო ეგვიპტურ რაციონში. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ როდესაც მათ პურზე ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ზუსტად ისეთივე რაც ჩვენ გვაქვს ახლა. ფქვილს ამატებდნენ მარილს, საფუარს, სუნელებს, რძეს და ხანდახან კვერცხსაც. პური ქვის ღუმელში ცხვებოდა და არცთუ ძალიან ფუმფულა იყო, თუმცა საკმაოდ ნოყიერი. დეირ ელ მედინას ნასახლარში ახლაცაა შემორჩენილი ქვის ღუმელი, გიდმაც დიდი მონდომებით აგვიხსნა, თუ როგორ უნდა გამოეცხო ძველეგვიპტელ დიასახლის პური.

 

სამწუხაროდ, ხორბლის დაფქვისას ფქვილში ქვის დოლაბიდან მცირე ნამცეცები ცვიოდა, ქვიშიანი ქარიც არ აკლებდა და პურის მოსაზელი ჭურჭელიც დიდი დამუშავებით არ გამოირჩეოდა. ამიტომ, პური კბილების ცვეთას იწვევდა, სწორედ ამიტომ, ჩვენს კემეტელებს საკმაოდ ცუდი პირის ღრუ ჰქონდათ.

 

 

 

ლუდი

პურთან ერთად, ლუდი ეგვიპტელების უსაყვარლესი ყოველდღიური სასმელი იყო. ლუდს სვამდა ყველა, ღმერთებიც და ადამიანებიც, მდიდრებიც და ღარიბებიც, მოზრდილი და ბავშვებიც კი. ძველ ეგვიპტეში ლუდის გამოხდა 5000 წლის წინ დაიწყეს და მას უწოდებდნენ „ჰექეტ“. როგორც იცით, ძველ ეგვიპტეში ფული, როგორც მონეტა, საკმაოდ გვიან შემოვიდა, დამსაქმებლები მუშებს სწორედ ლუდით, პურით, ზეთითა და ბოსტნეულის გარკვეული რაოდენობით უხდიდნენ დღიურ საფასურს. მაგალითად, გიზას პირამიდაზე მომუშავე ყოველ მამაკაცს, დღეში 4 ან 5 ლიტრი ლუდი ეკუთვნოდა.

 

 

 

ახლა უკვე გვაქვს წარმოდგენა, რითი იკვებებოდნენ ნილოსის ნაპირებზე ჩვენი ეგვიპტელები. არაფერი აკლდათ, შემწვარი, მოხრაკული, მოხარშული, ჩაშუშული თუ გამომცხვარი.

 

 

big_banner
არქივი