logo_geo
ფრინველთა მეფის ოჯახი - როგორ ირჩევენ დედალი არწივები მეწყვილეს
- +

10 თებერვალი. 2020. 18:27

 

 

ფრინველთა მეფე, არწივი „ოჯახის შექმნას“ პასუხისმგებლობით ეკიდება და მომავალ მეწყვილეს სერიოზულ გამოცდას უწყობს. შეჯვარების დროს მდედრი არწივი აქტიურობს და შესაფერის „პარტნიორსაც“ სწორედ ის ირჩევს.

 

როცა დედალი არწივი გადაწყვეტს, რომ დროა, „ოჯახი შექმნას“, იგი ნისკარტით მოამტვრევს არც ისე დიდი ზომის ტოტს და ასე, ტოტიანად იწყებს მაღალზე ფრენას. მის გარშემო იკრიბებიან მამალი არწივები - კანდიდატები. დედალი აკრეფს სიმაღლეს და უშვებს ნისკარტიდან ამ ტოტს. რომელი მამრიც მოახერხებს ტოტის ჰაერშივე დაჭერას, მდედრთან უკან მიტანას და ნისკარტიდან ნისკარტში გადაცემას, „კონკურსშიც“ მხოლოდ ის რჩება.

 

დედალი ამ მოქმედებას რამდენჯერმე იმეორებს, მამალს კი ერთხელაც არ უნდა ჩაუვარდეს ტოტი დაბლა. რომელი მამრიც ამ რთული „კონკურსის“ ფინალში გავა, მდედრი არწივის რჩეულიც ის იქნება.  

 

ამის შემდეგ, ისინი ერთად აფრინდებიან კლდეზე და ირჩევენ ადგილს ბუდის გასაკეთებლად. ბუდეს ხმელი ტოტებით აკეთებენ. ის ძალიან მყარი, მაგრამ ხმელი და უხეშია, ისეთი დიდი და მაგარია, ადამიანსაც კი გაუძლებს. შემდეგ ორივენი თავიანთი ნისკარტით, საკუთარი სხეულიდან იძრობენ ბუმბულს და იქამდე ფენენ, სანამ ბუდე რბილი, თბილი და მოხერხებული არ გახდება. მუშაობით რომ დაიღლებიან, ორივენი მაღლა ჰაერში აიჭრებიან და ერთმანეთს ლამაზი ფრენით ხიბლავენ.

 

აი, ასე მომზადებულ ბუდეში დებს კვერცხებს დედალი არწივი და ვიდრე ის კვერცხებზე ზის გამოსაჩეკად, მამალი ახლომახლო ლამაზი ფრენით ართობს მას.

 

არწივის მართვეები ტიტველი და ძალიან უსუსურები იბადებიან. მათ ორივე მშობელი იცავს და იფარავს მზისა და წვიმისგან, ორივეს მოაქვს მათთვის საჭმელი, ძირითადად თევზი. როცა ბარტყები ბუმბულით შეიმოსებიან და ფრენისთვის მომზადებულად ჩათვლიან მშობლები, რადიკალურად იცვლიან მათდამი დამოკიდებულებას. მამალი არწივი იწყებს ბუდის ნჯღრევას იქამდე, სანამ ბუდეს ყველა ბუმბული არ ჩამოცვივა და ის ხმელი და მოუხერხებელი არ დარჩება. შემდეგ დედალი ბუდესთან ახლოს ჯდება და იწყებს მოპოვებული საკვების შვილების დასანახად ჭამას. მართვეები, რომლებიც აქამდე მშობლებისგან ზრუნვას იყვნენ ჩვეული, გაოგნებულები არიან და არ იციან, თუ როგორ მოიქცნენ. ბოლოს და ბოლოს, ბარტყებს შიმშილი აიძულებთ, გადმოვიდნენ ბუდიდან და ისეთი მოძრაობები აკეთონ, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებიათ და ვერც ვერასდროს გააკეთებდნენ, თუკი მშობლები მათზე ძველებურად ზრუნვას განაგრძობდნენ.  

 

ამოფოფხდებიან ბარტყები და რაკი მათი ბუდე კლდის ქიმზეა (ადვილად რომ ვერ მიუდგეს რომელიმე მტაცებელი), დაბლა ცვივიან, რადგან ჯერ ფრთების გამოყენება და დანიშნულება არ იციან. აი, სწორედ ამ დროს, ხის ტოტით მრავალჯერ გამოცდილი მამა, შურდულივით ეშვება ძირს და მისი მართვეც, მყისიერად, მამის ზურგზე აღმოჩნდება. მას ისევ მამა აბრუნებს ბუდეში და ასე მეორდება ბევრჯერ, ვიდრე პატარა არწივში ფრთების გაშლისა და გამოყენების ინსტინქტი ჩაირთვება. ამ შემთხვევაში, მამა „ვალდებულია“ არც ერთი მართვე დაბლა არ ჩაუვარდეს. ტყუილად კი არ გამოსცადა დედამ, ვიდრე „ცოლად გაჰყვებოდა“.

 

 

 

big_banner
არქივი