logo_geo
ყველაზე გავრცელებული გრამატიკული შეცდომის მართებული ვარიანტები
- +

12 თებერვალი. 2020. 19:33

 

 

მეგობრობის სახლის დირექტორი, პროფესორი ნანა ნიკოლაძე ქართულ ენაში ყველაზე მეტად გავრცელებულ შეცდომებს განიხილავს და მკითხველს მათ მართებულ ვერსიას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ პროფესორი სოციალურ ქსელში წერს.

 

„გავუფრთხილდეთ ჩვენს უნიკალურ ქართულ ენას!

დღეს განვიხილოთ 7 გავრცელებული შეცდომა:

ქართულ ენაში 3 მილიონ სიტყვას ითვლიან, თუმცა, დღეს ის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია.

ქართული ენის მთავარი ღირსება, სიმარტივე და სასიამოვნო ჟღერადობა, სადღაც იკარგება. უცხოური სიტყვების ქართული შესატყვისი ბევრმა არ იცის. გარდა ამისა, გრამატიკაც მივიწყებულია. თუმცა ენა ცოცხალი მექანიზმია და განვითარებას მოითხოვს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ნორმები, რომელიც გამოარჩევს გამართულ ქართულს.

მაშ ასე, დავიწყოთ შეცდომების გასწორება…

  1. სავსებით და სრულიად

დავიმახსოვროთ, სავსებით - გამოიყენება მხოლოდ დადებითი შედეგის ან თანხმობის დროს, ხოლო სრულიად - უარყოფის დროს. მაგალითად: სავსებით საკმარისია, სრულიად მიუღებელია. სავსებით სამართლიანად, სრულიად უსამართლოდ.

 

  1. უცხოური წარმოშობის ზმნები

ყველა უცხოური ზმნა ბარბარიზმი არ არის. ზოგი ზმნა, შესატყვისის უქონლობის გამო, დაშვებულია. თუმცა მათი მართლწერის წესები არსებობს: არასწორია: სპეციალიზირებული, სისტემატიზირება, ავტომატიზირებული. სწორია: სპეციალიზებული, სისტემატიზება, ავტომატიზებული.

 

  1. ბრუნვა და ბრჭყალები

დავიმახსოვროთ, ბრუნვა ყოველთვის ბრჭყალების შიგნით იწერება. არასწორია „ადიდას“-მა, სწორია „ადიდასმა“. „ვეფხისტყაოსნის“, „გურჯი ხათუნის“ და ა.შ. ასევე არასწორია: სასტუმროების ქსელში „შერატონი“, სწორია- სასტუმროების ქსელ „შერატონში“.

 

  1. უცხოური სიტყვების გადმოთარგმნა

 

უცხოური წარმოშობის სიტყვები მაგარი თანხმოვნებით გადმოდის. სერტიფიკატი და არა სერთიფიკატი, ტოკ შოუ და არა თოქ შოუ.

 

  1. კალკირება

სამარცხვინო შეცდომაა „საქმე იმაშია, რომ“. ეს არის რუსული „дело в том, что“-ს კალკირება, ანუ პირდაპირი, არაბუნებრივი თარგმანი. სწორია „საქმე ისაა, რომ“.

„საკითხის დაყენება“ შეუძლებელია, ვერ დგება საკითხი. სწორია „საკითხის დასმა“. „პრობლემა დააყენა“ არასწორია, უმჯობესია „პრობლემა წამოჭრა“.

 

  1. ოცი საქართველო

 

როდესაც გვსურს, მრავლობითი რიცხვი გამოვხატოთ, მნიშვნელოვანია სიტყვების წყობა წინადადებაში.

„ორმოცი საქართველოს დეპუტატი” გულისხმობს, რომ არსებობს ორმოცი სახის საქართველო და საუბარია ამ „საქართველოების“ დეპუტატზე. ხოლო „საქართველოს ორმოცი დეპუტატი” ერთი ქვეყნის ორმოც დეპუტატზე მიგვითითებს.

 

  1. ზე-ს გამოყენება

ხშირად თანდებული „ზე“ სიტყვას არასწორად ემატება. მაგალითად შეცდომაა: თითოეული მხარე მზადაა კომპრომისზე. სწორია: თითოეული მხარე მზადაა კომპრომისისთვის. არა „ისინი მეტ დათმობაზე არიან მზად“, არამედ „ისინი მეტი დათმობისთვის არიან მზად“.  არასწორია „ეს აჩვენებს ქვეყნის მდგრადობას ეკონომიკურ ზემოქმედებაზე“, სწორია - „ეს აჩვენებს ქვეყნის მდგრადობას ეკონომიკური ზემოქმედების მიმართ“ და ა.შ.

 

გმადლობთ ყურადღებისათვის“, - წერს ნანა ნიკოლაძე.

 

 

 

big_banner
არქივი