logo_geo
5 საუკეთესო წიგნი თინეიჯერების პრობლემების შესახებ
- +

13 თებერვალი. 2020. 12:43

 

 

კითხვის მოყვარულებისთვის მსოფლიო ლიტერატურა ხშირად მხოლოდ ორ კატეგორიად იყოფა: უფროსებისა და პატარების საკითხავი. არადა, თუ მაინცდამაინც ამ ხისტად შეზღუდული მნიშვნელობით განვსაზღვრავთ მხატვრულ ლიტერატურას, მათ შორის კიდევ ერთ გარდამავალ „ჟანრს“ - თინეიჯერების საკითხავს აღმოვაჩენთ.

 

თინეიჯერების შესახებ დაწერილ წიგნებს უფროსები ხშირად ითვალწუნებენ და „არასერიოზულ ლიტერატურად“ მიიჩნევენ. ასეთებს, ალბათ, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ არ წაუკითხავთ და ჰოლდენ კოლფილდთან ერთად კლდის პირას არ ურბენიათ. ამიტომ, მათ მხოლოდ უნდა თანავუგრძნოთ.

 

გარდა იმისა, რომ მოზარდების შესახებ დაწერილი წიგნი, რა თქმა უნდა, ყველა იმ ლიტერატურული ღირებულების მატარებელი შეიძლება იყოს, რითიც სხვა საქვეყნოდ აღიარებული ნაწარმოები იწონებს თავს, ამავდროულად, ის არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომ მოზარდმა მუდმივად ცვალებად სხეულში დაგროვილ ემოციების ზღვაში გადარჩენა ისწავლოს, ზრდასრულმა მკითხველმა კი, მათ რთულ ხასიათს უკეთესად გაუგოს.

 

ახლა სწორედ ხუთი ასეთი წიგნის შესახებ გიამბობთ.

 

„მარტოსულობის უპირატესობანი“ — სტივენ ჩბოსკი

 

 

ამერიკელმა მწერალმა სტივენ ჩბოსკიმ მეოცე საუკუნის მიწურულს, 1999 წელს დაწერა წიგნი, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე თინეიჯერების შესახებ დაუწერიათ. „მარტოსულობის უპირატესობანი“ პირველივე გვერდიდან თავისი თხრობის სტილით გხიბლავს: მთელი წიგნი წერილებითაა აწყობილი — 15 წლის ჩარლი სრულიად უცნობ ადამიანს თავისი ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტორი მკითხველს ერთგვარ უხერხულობას უქმნის (კითხვის პროცესში გგონია, რომ სხვის ცხოვრებაში დაუმსახურებლად იჭყიტები), ამავდროულად თავს განსაკუთრებულადაც გრძნობს, რადგან მთხრობელის გულახდილობა მკითხველსა და წიგნის პერსონაჟს შორის ერთგვარ ნდობას აყალიბებს.

 

იმასთან ერთად, რომ წიგნი ერთმანეთზე უფრო მძიმე თემებს ეხება (ყველაფერი, რაც თინეიჯერის ცხოვრებაში შეიძლება ან არ შეიძლება ხდებოდეს), წიგნი მოზარდ მკითხველს ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს აწვდის: რაც არ უნდა გაწუხებდეს, ილაპარაკე ამაზე. ეცადე, იპოვო ნებისმიერი გზა და შენს შიგნით დაგროვილი ემოციები გარეთ გამოუშვა, როგორც ეს ჩარლიმ გააკეთა.

 

ხოლო თუ უფროსი ხარ, მოუსმინე მას, ვისაც გულისტკივილის განდობა უნდა და ჯერ ვერ გაუბედავს ეს.

 

„ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ — სიუ მონკ კიდი

 

 

ამ წიგნს ყველაზე ხშირად ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და სელინჯერის ზემოთ უკვე ნახსენებ საკულტო ნაწარმოებს ადარებენ, რაც უკვე საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ლიტერატურის მოყვარულმა მისი დაგემოვნება გადაწყვიტოს.

 

„ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თემების ირგვლივ ტრიალებს: საკუთარი თავის მიმღებლობა, სამართლიანობის ძიება და თავისუფლებისთვის ბრძოლა. თუმცა ავტორი, სიუ მონკ კიდი, ახერხებს, წიგნში აღწერილ ისტორიას თავისი წერის სტილით განსაკუთრებული ხიბლი შემატოს და საოცრად სასიამოვნო საკითხავად აქციოს.

 

წიგნის მთავარი გმირი მთელი ისტორიის განმავლობაში რთულ, მძიმე და საოცრად მტკივნეულ გზას გადის, თუმცა, ბოლოს თოთხმეტი წლის ლილი ოუენსთან ერთად მკითხველიც რწმუნდება, რომ ჩვენს გარშემო არსებულ გარემოსთან ერთად ჩვენი შინაგანი სამყაროც მრავალი უცნობი და ჯადოსნური ადგილითაა სავსე, სადაც შეგვიძლია საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინოთ.

 

ცემენტის ბაღი“ — იენ მაკიუენი

 

 

როცა მოზარდებზე ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ „რთულ პერიოდს“, „ცვალებად ხასიათს“, „ემოციურ გადაწყვეტილებებსა“ თუ „უჩვეულო ქცევებს“, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე არასდროს გვესმის, თუ რა დგას რეალურად ამ ყველაფრის მიღმა — რამდენად რთული, მძიმე და უჩვეულო შეიძლება იყოს მათი ცხოვრება?

 

იენ მაკიუენი თავის რომანში შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოზარდების ტყავში ჩავძვრეთ და მათი თვალით შევხედოთ სამყაროს. ეს გამოცდილება მოსალოდნელზე უფრო შემზარავი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრისთვის: ოჯახი ხანდახან წარმოუდგენლად დამთრგუნველია, გარესამყარო კი - ბუნდოვანი საფრთხეებით სავსე. სწორედ ამის გამო ბავშვები ხშირად იწყებენ „დიდობანას თამაშს“, რათა არ დაეტყოთ, რომ შეშინებულები არიან და გაუცნობიერებლად ბრმა გადაწყვეტილებებს იღებენ.

 

„ილაპარაკე“ — ლორი ჰოლც ენდერსონი

 

 

 

ხშირად რთულად წარმოგვიდგენია, რომ მცირე ასაკშიც შეიძლება შეგვემთხვას ისეთი ტრაგიკული რამ, რაც შემდგომში მთელ ჩვენს ცხოვრებას წარუშლელ ლაქად გაჰყვება. ან ვფიქრობთ, რომ თუ მსგავსი რამ რომელიმე მოზარდს შეემთხვევა, თავისი ასაკის გამო მალევე შეძლებს მის დავიწყებას და რაღაც ნაკლებად სერიოზულზე მარტივად გადართვას.

 

სამწუხაროდ, ხშირად ასე სულაც არ ხდება. მეტიც, სწორედ თინეიჯერობის ასაკში თავს გადამხდარ ყოველ მოვლენას გამძაფრებულად აღიქვამს ადამიანი და მთელი ცხოვრება არ ავიწყდება ის. ლორი ჰოლც ენდერსონი თავის წიგნში ერთი ასეთი ისტორიის შესახებ გვიამბობს, რომლის გმირზე იმდენად იმოქმედა კონკრეტულმა შემთხვევამ, რომ საუბრის უნარიც კი დაკარგა.

 

„ილაპარაკე“ შესანიშნავი წიგნია მოზარდებისთვის, რადგან ყველას უბიძგებს, ძალა მოიკრიბონ და უფრო გაბედულები იყვნენ, რათა გულწრფელად შეძლონ საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი. უფროს მკითხველებს კი აჩვენებს, რომ ხანდახან მოზარდებს თქმის გარეშეც შეიძლება სჭირდებოდეთ შველა.

 

„მე და შენ“ — ნიკოლო ამანიტი

 

 

ნიკოლო ამანიტის თხელტანიან რომანში ყველაფერია თავმოყრილი, რაც თითქმის ყოველი თინეიჯერის ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია: გადარჩენისთვის ბრძოლა, მარტოსულობის განცდა, ბულინგის პრობლემები, გაუცნობიერებელი შფოთვები და ა.შ. „მე და შენ“ 14 წლის მოზარდის, ლორენცო კუნის მიერ მოთხრობილი ისტორიაა, რომელშიც საუკეთესოდაა აღწერილი მოზარდის შიშები და ზოგადი დამოკიდებულებები გარე სამყაროს მიმართ.

 

ამ თანამედროვე იტალიელი მწერლის რომანმა მრავალ მკითხველთან ერთად ცნობილი რეჟისორი, ბერნარდო ბერტოლუჩიც აღაფრთოვანა და მისი მიხედვით 2012 წელს გახმაურებული ფილმიც გადაიღო, რომელიც ამ სახელოვანი რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი