logo_geo
„სუხიშვილების“ კოსტიუმებით აღფრთოვანებული სალვადორ დალი ყვიროდა - „სად არის მხატვარი, ის გენიოსია!“
- +

13 თებერვალი. 2020. 14:19

 

 

მოცეკვავე თეა დარჩია  ერთ ძალზე საინტერესო ამბავს იხსენებს, საიდანაც ვიგებთ, რომ „სუხიშვილების“ კოსტიუმებით აღფრთოვანებული სალვადორ დალი მათ გენიოს შემქმნელს ეძებდა.

 

„ნიუ-იორკში სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის რეპეტიციაზე მოულოდნელად სალვადორ დალი აღმოჩენილა. თურმე ესპანელი მხატვარი ქართული ცეკვის კოსტიუმებმა ისე აღაფრთოვანა, რომ ყვიროდა: სად არის მხატვარი, ის გენიოსია!. მხატვარი კი არსად ჩანდა. ხელოვანი, რომელმაც მარტო სალვადორ დალი კი არა, მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, სოლიკო ვირსალაძე გახლდათ. მან ქართული თეატრალური მხატვრობის მთელი ეპოქა შექმნა.

 

1931 წლიდან სოლიკო ვირსალაძე ნინო რამიშვილისთვის და ილიკო სუხიშვილისთვის ქმნიდა სასცენო კოსტიუმებს, შემდეგ კი სუხიშვილების ანსამბლის უცვლელი დიზაინერი იყო. აჭარულის, სამაიას, აფხაზურის, ჯეირანის, ხორუმის, სიმდის კოსტიუმები მისი შექმნილია. როგორც თავად დიდი ხელოვანი იხსენებდა, „როცა ანსამბლისთვის კოსტიუმებზე დავიწყეთ მუშაობა, ფული არ გვქონდა, ოპერაში შუშის მოსართავ ქვებს ვიპარავდი და ანსამბლის კოსტიუმებისთვის ვიყენებდი“.

 

ნინო სუხიშვილი კი იხსენებს ლეგენდარულ ისტორიას, თუ როგორ იქმნებოდა კოსტიუმები.

 

„სოლიკო ბებიას და ბაბუას 60 წელი გვერდით ედგა და ის მათთვის ოჯახის წევრიც იყო. მისნაირ მოკავშირეს საკუთარი იდეის განხორციელებაში ნინო და ილიკო ვერ ინატრებდნენ. როდესაც ანსამბლის შექმნის საკითხი დადგა, რასაკვირველია, სოლიკო ამაში აქტიურად მონაწილეობდა და პირველი კოსტიუმებიც ანსამბლისათვის საკუთარი ხელით გააკეთა - უბრალო ტილო მოხატული იყო ფუნჯითა და საღებავებით.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, მიუხედავად მძიმე სიტუაციისა, მაინც გააკეთეს პირველი კონცერტი და არავინ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი უბრალო, სადა ნაჭრებისგან იყო შექმნილი, რადგან შორიდან აბრეშუმის და უძვირფასესი ფარჩის იერსახე ჰქონდა,“ - იხსენებს ნინო სუხიშვილი.

 

 

„პრაიმტაიმთან“ სოლიკო ვირსალაძე თეა დარჩიამაც გაიხსენა. ქსოვილები, რომელიც დიდ ნინოს საზღვარგარეთიდან ჩამოჰქონდა, ახლაც ინახება თურმე საწყობში...

 

თეა დარჩია:  „სოლიკო ვირსალაძე თავის დახატულ კოსტიუმებს  ქსოვილებს თავად ურჩევდა. თუ აბრეშუმი და შიფონი არ იყო, მათი ტარება აუცილებლად კომფორტული იყო. აბრეშუმს და შიფონს დაუთოვება აუცილებლად უნდოდა. ისეთი ქსოვილებით კერავდა, ახლა აღარც კი გამოდის. რამდენადაც მახსოვს, ქსოვილები ნინო რამიშვილს ჩამოჰქონდა და მათში სასწაულ თანხებს იხდიდა... თოფებით ჩამოჰქონდა. დღემდეა საწყობში საოცარი ქსოვილები შემორჩენილი.

 

შეკერილ  და დასრულებულ კოსტიუმებს  სოლიკო ზემოდან ხელით ახატავდა ორნამენტებს. სცენის განათებით სულ სხვაგვარია საცეკვაო კოსტიუმი, ისე კი - რადიკალურად სხვანაირი. სოლიკო პირდაპირ განათებით აღიქვამდა კოსტიუმს და ისე ქმნიდა, სასცენოდ. ამას როგორ აკეთებდა, ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ მივხვდებით, ამიტომ იყო გენიოსი.

 

 

ყველა კოსტიუმი გენიალური იყო. ქალის „აჭარული“ კოსტიუმი არ არსებობდა, თვითონ შექმნა. „სამაია“ ფრესკიდან გადმოიტანეს, ცეკვა არ არსებობდა.

 

კოსტიუმების დიდი ნაწილი მოსკოვის დიდ თეატრში იკერებოდა, ნაწილი - ოპერის თეატრში.  

 

ჩემთვის ყველაზე საყვარელი კოსტიუმი ის იყო, რომელსაც გაუთოვება არ სჭირდებოდა. „ხევსურული“ ყველაზე უპრობლემო კოსტიუმი იყო, ერთი „ჩოლკას“ სჭირდებოდა, ბიგუდით დაგეხვია. ყველაზე მძიმე კი იყო, დოქები ეკიდა, 12 კილოს იწონიდა.

 

ახლა სოლიკოს საქმეს ქალაბტონი ნინო სუხიშვილი დირექტორობასთან ერთად არაჩვეულებრივად აგრძელებს. ის პროფესიონალი მხატვარია...“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი