logo_geo
აღმოჩენილია ქარვაში 100 მლნ წლის წინ განმარხებული ფუტკარი
- +

14 თებერვალი. 2020. 16:30

 

 

 

100 მილიონი წლის წინ პრიმიტიულ ფუტკარს პარაზიტი ხოჭოები მიეკვრნენ, რის გამოც მწერმა ფრენა ვეღარ შეძლო და მოკვდა, თუმცა, ამ სამწუხარო შემთხვევამ დიდი სარგებელი მოუტანა თანამედროვე მეცნიერებას.

 

სიკვდილის წინ მდედრი ფუტკარი ხის წებოვან წვენში ჩაეკრო, რომლიც შემდეგ ქარვად გაქვავდა. ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა პოინარმა დაადგინა, რომ ფუტკარი სრულიად ახალ ოჯახს, გვარსა და სახეობას ეკუთვნის.

 

შუაცარცული პერიოდის ეს ნამარხი მიანმარში აღმოაჩინეს და წარმოადგენს პრიმიტიული ფუტკრის პირველ ნამარხს, რომელსაც ფეხებზე ყვავილის მტვერი აქვს შერჩენილი. ამავე დროს, ის პარაზიტი ხოჭოს პირველი ნამარხიც არის; მსგავსი ხოჭოები თანამედროვე ფუტკრებს დღესაც ერჩიან.

 

აღმოჩენა ახალ სინათლეს ჰფენს ფუტკრების ადრეულ დღეებს — ევოლუციური ისტორიის საკვანძო კომპონენტს; გარდა ამისა, ახალ ცნობებს გვაწვდის ყვავილოვან მცენარეთა დივერსიფიკაციის შესახებაც.

 

 

 

 

დამამტვერიანებელი მწერები (პოლინატორები) ყვავილოვან მცენარეებს გამრავლებაში ეხმარებიან და გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობაში. ფუტკრები ყვავილის მტვრის ყველაზე კარგი გადამტანები არიან, რადგან დედამიწაზე ისინი დიდი ოდენობით არიან და წარმოადგენენ მწერების ერთადერთ დამამტვერიანებელ ჯგუფს, რომლებიც მხოლოდ ნექტარითა და ყვავილის მტვრით იკვებებიან.

 

ფუტკრები ხორცისმჭამელი კრაზანებისგან წარმოიქმნენ. თუმცა, ამ პროცესის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

 

ქარვაში განმარხებული ამ უძველესი ცხოველებისა და მცენარის ნაწილების შესწავლის საფუძველზე, პროფესორმა პოინარმა ბევრი ახალი ცნობა გაარკვია ამ შორეული წარსულის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის შესახებ. ფუტკარს მან Discoscapa apicula უწოდა და Disposcapidae-ს ოჯახს მიაკუთვნა.

 

განმარხებულ ფუტკარს თანამედროვე ფუტკრების მახასიათებლები აქვს; მათ შორის ბუსუსები, დანაწევრებული ყელი და დეზების წყვილი უკანა ფეხებზე.

 

„ამ ახალ ოჯახში არის რაღაც უნიკალური, რაც არ გვხვდება სხვა არც ერთ ამჟამინდელ თუ გადაშენებულ კრაზანებში თუ ფუტკრებში. ეს გახლავთ ორად გაყოფილი ანტენის პირველი სეგმენტი“, — ამბობს პოინარი.

 

მისივე თქმით, განმარხებული ფუტკრები აქამდეც ბევრია აღმოჩენილი, მაგრამ უმეტესი მათგანი 65 მილიონი წლის წინანდელია და ძალიან ჰგვანან თანამედროვე ფუტკრებს.

 

„ამ კვლევისას შესწავლილ 100 მლნ წლის წინანდელ ნამარხს კი შეუძლია ბევრი რამ გვითხრას, იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა შედეგადაც ხორცისმჭამელი კრაზანების ერთი ხაზი ყვავილის მტვრის მჭამელი გახდა“, — აღნიშნავს პროფესორი პოინარი.

 

 

 

 

ფუტკრის ფეხებზე მიწებებული დიდი ოდენობით ყვავილის მტვერი კი იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მრავალი ყვავილი მოინახულა.

 

პოინარის თქმით, ამას ადასტურებს ქარვის ამავე ნატეხში განმარხებული 21 ხოჭოს მატლი, რომლებიც ყვავილზე ჯდომის დროს უნდა მიკრობოდნენ.

 

კვლევა ჟურნალ BioOne Complete-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია oregonstate.edu-ის მიხედვით.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი