logo_geo
5 ყველაზე შხამიანი ხერხემლიანი ცხოველი
- +

28 თებერვალი. 2020. 13:03

 

ბასრი კბილები და ბრჭყალები ერთადერთი იარაღი არ არის, რომელსაც ცხოველები ფლობენ. არაერთი არსება თავდაცვისთვის შხამს იყენებს. ცხოველთა ზოგიერთ სახეობას ადრეულ ასაკში უვითარდებათ ტოქსინი, როგორც თავის დაცვის საშუალება. სპეციალისტების ვარაუდით, როდესაც ერთ სხეულში ცილების სხვადასხვა სახეობაა, ის მუტაციას განიცდის და ხვდება იქ, სადაც ჩამოყალიბების პროცესში არ იყო. მაგალითად, გველს შხამი სანერწყვე ჯირკვლებში აქვს.

 

როდესაც ცხოველი კბენს ნადავლს ან თავს იცავს მტაცებლისგან, სახეცვლილი ცილები ავლენენ  მომწამვლელ თავისებურებას. დროთა განმავლობაში, ევოლუციურმა სელექციამ, ტოქსინი გენოტიპში გადაიტანა და გაცილებით მომწამვლელი გახდა.

 

ხუთი ხერხემლიანი ცხოველი, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი შხამის მატარებელნი არიან:

 

თევზი ფუგუ

 

ეს თევზი მსოფლიოში ხერხემლიანთა შორის მეორე შხამიან არსებად ითვლება. ფუგუ დედამიწის ყველა ტროპიკულ ზღვაში ბინადრობს. მისი შხამი საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ ადამიანი რამდენიმე წუთში მოკლას. ამ თევზის ღვიძლი  და თირკმელი შეიცავს საშიშ ნერვიულ ტოქსინებს, რომლებსაც ტეტროდოტოქსინებს (Tetrodotoxin) უწოდებენ. ტეტროდოტოქსინები ციანიდზე 1200-ჯერ საშიშია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს თევზი ერთ-ერთი ყველაზე საშიში არსებაა, იაპონიის სამზარეულოებში ფუგუს ხორცისგან კერძებს ხშირად ამზადებენ. კერძს, ისევე როგორც თევზს - „ფუგუს“ უწოდებენ.

 

ოქროს ბაყაყი

 

ეს უვნებელი და საყვარელი ბაყაყი მსოფლიოში ყველაზე შხამიანი ხერხემლიანია. ის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს.

 

მსოფლიოში 100 სხვადასხვა სახეობის შხამიანი ბაყაყი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან შეფერილობით, ლაქებითა და კანზე არსებული ნახატით გამოირჩევიან. ოქროს შხამიანი ბაყაყი გაცილებით საშიშია ყველა სხვა სახეობასთან შედარებით. ერთი ინდივიდი შეიცავს იმდენ შხამს, რომ მას შეუძლია 50-ზე მეტი ზრდასრული მამაკაცი მოკლას. ოქროს ბაყაყი შხამს იღებს მწერების განსაკუთრებული სახეობისგან, რომლითაც ის იკვებება.

 

უდაბნოს ტაიპანი

 

ამ გველის შხამი კობრას შხამზე 200-ჯერ საშიშია. უდაბნოს ტაიპანი ცენტრალურ ავსტრალიაში ბინადრობს. მისი ერთი ნაკბენიც კი საკმარისია, რომ 100 ზრდასრული მამაკაცი მოკლას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტაიპანი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეწარმავალია, ის მშიშარა არსებაა და ყოველთვის ცდილობს ადამიანებისგან დამალვას. ქვეწარმავალი უმეტესად კლდეებს შორის და დაუსახლებელ ადგილებში ბინადრობს. სწორედ ამ მიზეზით, ამ დრომდე არ დარეგისტრირებულა ტაიპანის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა.

 

ქვის თევზი

  

ეს საშიში თევზი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის წყლებში ბინადრობს. ის ფსკერზე - ღრმულებსა და ქვიშაში იმალება. ქვის თევზის მოძებნა საკმაოდ რთულია. მომაკვდინებელი თევზის მთავარი იარაღი ზურგზე არსებული 13 ბასრი და შხამიანი ეკალია. ეკლის შერჭობა საკმაოდ მტკივნეულია, დროთა განმავლობაში ტკივილი მატულობს, მტკივნეული ადგილი იწყებს შეშუპებას, შემდეგ დუნდება კუნთები და ხდება სხეულის სრული პარალიზება. საჭირო მკურნალობის გარეშე, დიდი ალბათობაა, შემთხვევა ფატალურად დასრულდეს.

 

სამეფო კობრა

 

ეს ყველაზე გრძელი შხამიანი გველია მსოფლიოში. ის აზიის მაღალმთიან ტყეებში ბინადრობს. ზრდასრული სამეფო კობრა შესაძლოა, 5 მეტრამდე აღწევდეს. სამეფო კობრას შხამის მთავარი ნივთიერება ნუკლეოტოქსინია. კბენის დროს, მას 5-ჯერ მეტი შხამი შეჰყავს მსხვერპლის სხეულში, სხვა შხამიანი გველებისგან განსხვავებით. შედარებისთვის, მისი შხამის რაოდენობას შეუძლია ზრდასრული სპილო 2-3 საათში მოკლას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახეობა ყოველთვის ცდილობს, ადამიანს დაემალოს, მაგრამ ის ძალიან აგრესიული ხდება, თუ სიმყუდროვეს ურღვევენ. გრძელი სხეული ეხმარება, მსხვერპლს შორი მანძილიდან მოულოდნელად მისწვდეს და უკბინოს. მისი ნაკბენი ძალიან მტკივნეულია და ამასთანავე მსხვერპლის სხეულში შხამი სწრაფად ვრცელდება. სასწრაფო სამედიცინო ჩარევების გარეშე, სიკვდილი გარდაუვალია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი