logo_geo
უიშვიათესი მოვლენა - როგორ ცხოვრობს 4 ბიოლოგიური ტყუპი ბათუმში
- +

1 მარტი. 2020. 14:42

 

 

ექიმები ამბობენ, რომ 4 ტყუპის დაბადება ძალიან იშვიათი მოვლენაა, თუმცა ბათუმში მცხოვრები დიმა კოღუაშვილის ოჯახი, 7 წლის წინ, ამ იშვიათი შემთხვევების ნუსხაში შევიდა. მის მეუღლეს, ტყუპისცალ ნონა ვარშანიძეს, 4 ტყუპი - ანდრია, დემეტრე, ბარბარე და მაიკო შეეძინა. ტყუპს კიდევ 18 წლის და - ნინი და 5 წლის ძმა ალექსანდრე ჰყავთ.

 

„ნათქვამია: ტყუპს ტყუპი არ ეყოლებაო. არ ეყოლება კი არა, მშობლების რეკორდი გავაორკეცე“, - ღიმილით ამბობს ქალბატონი ნონა.

 

- ტყუპის დედა 36 წლის ასაკში გავხდი. ანდრია, დემეტრე, ბარბარე და მაიკო ბიოლოგიური ტყუპები არიან.

 

8 წლის წინ, ექოსკოპიაზე ორსულობის დასადგენად მივედი და ექიმმა - გილოცავთ, 4 კვერცხუჯრედია განაყოფიერებულიო, - მამცნო. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და იმდენად დავიბენი, ექიმს ვკითხე, ეს რას ნიშნავს-მეთქი? რას და 4 შვილის დედა გახდებით ერთდროულადო, - მახარა.

 

- მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა?

 

 

- გეგონება, წინასწარ გული უგრძნობდაო, შინ რომ შემოდიოდა, ყოველთვის კითხულობდა - ჩემი შვილების დედა სადააო. ამიტომ, ექიმთან მოვიხმეთ და ეკრანზე შევახედეთ - გაიცანი შენი შვილები, 4 ერთდროულად გვეყოლება-მეთქი. მან გაიღიმა და დარჩა გაღიმებული.

 

ორსულობის განმავლობაში ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვიმყოფებოდი. იდეალური ორსულობა მქონდა. ვსვამდი მხოლოდ და მხოლოდ ერთ პრეპარატს, ასე ვთქვათ, რკინით ვიმდიდრებდი ორგანიზმს. ექოსკოპიურ დათვალიერებაზე თვეში ერთხელ დავდიოდი. ოთხივე ბავშვს ჰქონდათ მატება, თუმცა ზომაშიც და წონაშიც, თავის, მუცლის გარშემოწერილობებით, ბიჭები ყოველთვის უსწრებდნენ გოგოებს. მშობიარობამდე 100 კილომდე ავედი, რომ ვიჯექი, მუცელი მუხლებში მედო. მიუხედავად ამისა, ბოლო დღემდე ვმოძრაობდი, სამშობიაროშიც ჩემი ფეხით წავედი. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე, ყოველგვარი გართულებების გარეშე. ბიჭები უფრო დიდი წონისანი დაიბადნენ: ერთი 2,2კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,9 კილოები იყვნენ.

 

- ბუნებრივ კვებაზე გყავდათ ბავშვები?

 

- ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ბუნებრივ კვებაზე გაზრდილი ბავშვი ყოველთვის უფრო ჯანმრთელია, ძლიერი იმუნიტეტი აქვს. მეც ძალიან მინდოდა, ბუნებრივად გამომეკვება ჩემი ტყუპები. პირველ თვეს არც გამძნელებია, 30 გრამებს ჭამდნენ მხოლოდ. მერე გადავანაწილე დღეები, 1 დღე ერთს რომ ბუნებრივად ვკვებავდი, დანარჩენი 3 კომბინირებულზე მყავდა და ასე რიგ-რიგობით, თითოეული 4 დღეში ერთხელ მიირთმევდა დედის რძეს. 3 თვის შემდეგ უკვე მუდმივად გადავიდნენ კომბინირებულ კვებაზე.

 

გამოუცდელს გამიჭირდა რეალობასთან ფეხის აწყობა. როგორი შესაგუებელია, ოთხივეს რომ ერთად უნდათ კვებაც, დაძინებაც, გამოცვლაც... კუჭ-ნაწლავი ხომ პირველი 3 თვის განმავლობაში ყალიბდება და გაზები რომ შეაწუხებდათ და ერთდროულად ატირდებოდნენ, მე არ ვიცოდინ რომელისკენ გავქცეულიყავი, ეს ახლად ნაკეისრალი ქალი.

 

- ძიძის აყვანა არ გიფიქრიათ?

 

- თავიდან ვერ ჩავები ძიძების არჩევაში. 2 თვის შემდეგ ავიყვანეთ 4 ძიძა ერთდროულად. სიმართლე გითხრათ, არ მეგონან ვინმე თუ გაართმევდა ამათ მოვლას თავს, მაგრამ შევცდი. წლამდე 4 ძიძა გვყავდა, დასასვენებლადაც მათთან ერთად დავდიოდით, მერე - 3, მერე... ახლა უკვე მეორე კლასში ვართ, ძიძა აღარ გვყავს, თუმცან გვყავს პედაგოგი, რომელიც სკოლის შემდეგ ჩვენთანაა ხოლმე და თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს აღზრდაში.

 

 

- იდენტური ტუპები არიან თუ განსხვავებული გარეგნობა აქვთ?

 

- ოთხივეს ხომ სულ ერთად უნდა ყოფნა, თითქოს უხილავი ძაფით არიან შეკრულებიო, მაგრამ ამ ოთხშიც დაწყვილებულები არიან - ქალ-ვაჟი და ქალ-ვაჟი , როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით. ერთ წყვილს - ანდრიასა და ბარბარეს - მუქი თმა და თვალები აქვთ, მეორეს - დემეტრესა და მაიკოს - ქერა თმა და ღია ფერის თვალები. ხასიათითაც ერთმანეთს ქერები უკეთ უგებენ, შავგვრემნებს - კი, ერთნაირი, ქერებისგან განსხვავებული, თამაშის წესები აქვთ. შავგვრემნები უფრო სხარტები არიან, ქერები - მშვიდები, არ შეგაწუხებენ. ადრე, ძილის დროს ოთხივეს ერთად რომ დავაწვენდი, სულ ერთია, ვინ ვის გვერდით იწვა, მოგვიანებით ვნახავდი, რომ ანდრია და ბარბარე ერთადაა ჩახუტებული, დემეტრე და მაიკო ერთად. ამიტომ, ეს წყვილები დავშალე და სკოლაში სხვადასხვა კლასში შევიყვანე 2 - ერთი კლასში დავსვით, 2 - მეორეში.

 

- რატომ მოიქეცით ასე?

 

- ასე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მოვიქეცი, მოგვიანებით კი შევიტყვე, რომ თურმე ისრაელში კანონია მიღებული, რომლის თანახმადაც ტყუპებს ერთ კლასში არ სვამენ. თითოეული ინდივიდუალურად უნდა ჩამოყალიბდეს, თავისი გემოვნება ჰქონდეს, მეგობრების საკუთარი წრე უნდა ჰყავდეს. მეც ხომ ტყუპისცალი მყავს, ჩემი და დღემდე ჩემზეა დამოკიდებული, მოვალეობადა აქვს, რაღაცას რომ გადაწყვეტს, აუცილებლად უნდა გადმომირეკოს, შემეკითხოს. ასე რომ არ მოხდეს ჩემი შვილების შემთხვევაში, ერთს რომ, პირობითად, კოპლებიან სამოსს ვუყიდი, მეორეს - ზოლებიანს ვყიდულობ აუცილებლად, მესამე და მეოთხესაც განსხვავებულებს. კლასშიც ასე დავსვი, თეთრი-შავი და თეთრი-შავი, ანუ დემეტრე და ბარბარე, ანდრია და მაია. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. ახლა ანდრიას და მაიკოს კლასში რომ შეიხედო, შეიძლება ვერც მიხვდე, რომ ტყუპისცალები არიან, არადა, ბარბარე რომ ყოფილიყო ანდრიას კლასში, დარწმუნებული ვარ, სულ ერთად ისხდებოდნენ. დავშალე ორეულები.

 

ტყუპის შემდეგ მეექვსე შვილი შეგვეძინა - ალექსანდრე, იგი ახლა ემზადება სკოლაში შესასვლელად, მე პატარა ვარ და უფროს და-ძმებს რამეში არ ჩამოვრჩეო და ყველაზე მეტს ყვირის, დარბის, ცელქობს... უფროსებმა იციან, რომ პატარაა და უთმობენ. ნიჭიერიცაა, დინჯიცაა და ცელქიც, დემე და ანდრიაა გაერთანებული ალექსანდრეში.

 

- ეჭვიანობენ ტყუპები?

 

- ეგ მომენტი გვაქვს, მე და მეუღლე ვცდილობთ, სათანადო ყურადღება დავუთმოთ, მაგრამ არ ჰყოფნით ჩვენი თავი. დასმულ კითხვაზე პასუხი რომც იცოდნენ, მეორეც იმავეს გეკითხება, მერე მესამეც და მეოთხეც . თითოეულს სათითაოდ უნდა უპასუხო.

 

 

- ინტერესები და უნარები ერთნაირი აქვთ?

 

- მაიკო ძალიან მოწესრიგებულია, არაფრის მითითება ან ახსნა არ უნდა, სწავლას, დავალებების მომზადებას დამოუკიდებლად ართმევს თავს. ბარბარე პატარა დედაა, უყვარს ოჯახში ფუსფუსი. თუ დაავალებ, აბა, ალექსანდრეს გამოუცვალე, მოაწესრიგეო, გაკონტროლება აღარ უნდა, ამ კუთხით, გვერდში მიდგას. რაც შეეხება დემეს, მას ენებისკენ აქვს მიდრეკილება. სულ კითხულობს, კითხვებს გისვამს, სხვადასხვა ენაზე ეს როგორაა, ეს როგორო. ანდრიას გამოსათვლელი და ასაწყობი სათამაშოები აინტერესებს. ის ყველაზე ფიქრობს, ეზოში რომ რომელიმე წაიქცეს, მიხედავს. საჭმელადაც დანარჩენებს რომ დასვამს მაგიდასთან, მერე შექცევა თვითონ. თუ რაიმეს ვუყიდით, მაშინვე გვთხოვს, რომ დემეს, ბარბარესა და მაიკოსაც შვუძინოთ.

 

დეკემბერში ხომ იყო ბარბარობა და ანდრიაობა, ორივე დღესასწაული სიმბოლურად აღვნიშნეთ ოჯახში და ანდრიას და ბარბარეს საჩუქრებიც ვუყიდე. ამაზე დემეტრე გადაირია, მე რატომ არაფერს მჩუქნით, ჩქარა მითხარით, დემეტრობა როდის არისო. სანამ არ ვაჩვენეთ კალენდარზე 25 მარტი, ვერ დავამშვიდეთ. მაიკოს მარიამობას აღვუნიშნავთ ხოლმე.

 

ახალ წელს თოვლის პაპაც ჰყავდათ. ფერები აქვთ თავ-თავიანთი არჩეული და საჩუქარს ამ ფერებში ვუფუთავთ ხოლმე. ასე ადვილად ხვდებიან, რომელი საჩუქარი რომლისაა. ეტყობა, თოვლის ბაბუამაც იცის ეს ამბავი და ამ პრინციპით ასაჩუქრებს ხოლმე.

 

ეკა სალაღაია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი