logo_geo
გადაშენდებიან თუ არა თეთრი დათვები, რომლებიც საკვებს უკვე ადამიანების მიერ დატოვებულ ნაგვის გროვებში ეძებენ
- +

2 მარტი. 2020. 19:00

 

 

ბაფინის კუნძულზე (კანადა) ორგანიზაცია „Sea Legacy“-ის ეკოლოგმა თეთრი დათვის სულისშემძვრელი ფოტო გადაიღო. უზარმაზარი მტაცებელი იმდენად მშიერი იყო, რომ გადაადგილება უჭირდა, ხოლო საკვებს ადგილობრივი მეთევზეების მიერ დატოვებულ სანაგვე ურნაში ეძებდა.

 

მეცნიერებისთვის, რომლებიც ცხოველებზე  გლობალური დათბობის ზემოქმედებას შეისწავლიან, ეს სურათი მტკიცებულებაა, თუ რამდენად კატასტროფული შედეგების მომასწავებელია კლიმატური ცვლილებები.

 

ფოტოგრაფი, რომელმაც ეს ფოტო ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა, ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით დაეხმარებოდა საცოდავ ცხოველს:

 

„უდავოა, პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა, მისი დახმარება იყო, მაგრამ მე თან არ დამაქვს არც ტრანკვილიზატორი და არც 180 კგ სელაპის ხორცი. და რომც შემძლებოდა დათვის გამოკვება, ამით მის ტანჯვას გავახანგრძლივებდი. გარდა ამისა, კანადაში აკრძალულია თეთრი დათვების გამოკვება“.

 

თეთრი დათვი - ხმელეთის რიგით მეორე ყველაზე დიდი მტაცებელი. ის აშშ-ის, კანადის, რუსეთის, დანიისა და ნორვეგიის პოლარულ რეგიონებში ბინადრობს.

 

მსოფლიოში თეთრი დათვების რაოდენობა 20 000-დან 25 000-მდეა.

 

ამ მტაცებელმა დიდი ხანია საკუთარ თავზე გამოსცადა კლიმატური ცვლილებების ნეგატიური შედეგები, რადგან ის მხოლოდ არქტიკულ რეგიონებში ბინადრობს და სელაპის ხორცით იკვებება. როგორც ცნობილია, ზაფხულში თეთრ დათვს თვეების განმავლობაში შეუძლია საკვების გარეშე გაატაროს და დაელოდოს, თუ როდის დაიფარება თოვლით ყინულები, რათა ნადირობა დაიწყოს.

 

ველური ბუნების მსოფლიო ფონდი, ჯერ კიდევ 2002 წელს აცხადებდა, რომ კლიმატის ცვლილებები თეთრი დათვების გადაშენებას ხელს შეუწყობს. ფონდის წარმომადგენლების თქმით, ამ მტაცებლებმა ყინულიდან მიწაზე ადრეულად დაიწყეს გადასვლა და მიწაზე რჩებიან ჩვეულზე გაცილებით დიდ ხანს, ამიტომ წლის ბოლოს თეთრი დათვების უმეტესობა დამშეული და გამოფიტულია.

 

გასული 18 წლის განმავლობაში თეთრი დათვების სანადირო არეალი საგრძნობლად შემცირდა. არქტიკულ ყინულზე დაკვირვებისას, ყოველ წელს, მისი სისქე რეკორდულად იკლებს.

 

ყინულის დნობამ საფრთხე შეუქმნა თეთრი დათვების პოპულაციას. ცხოველები იძულებულნი არიან, სელაპზე ნადირობას გაცილებით მეტი დრო დაუთმონ.

 

„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რამდენად ხშირად კვდებიან თეთრი დათვები, როგორ მდგომარეობაში არიან ისინი და როგორ მცირდება მათი რაოდენობა“,- ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკოლოგი ენტონი პაგონო.

 

 

თეთრი დათვი საკვებს ყინულის ზედაპირზე მოიპოვებს. თეთრი ბეწვი მას შენიღბვის საშუალებას აძლევს - თოვლის ფონზე ნადირობა მისთვის გაცილებით მარტივია, ხოლო მიწაზე სელაპი მტაცებელს  მარტივად ამჩნევს. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ნადირობა წარუმატებელია.

 

ზოგიერთი ეკოლოგი მიიჩნევს, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში თეთრი დათვების რაოდენობა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი