logo_geo
„როგორ მოქმედებს ჩვენი კარიერა ჩვენს შვილებზე“
- +

15 მარტი. 2020. 20:37

 

 

რომელ მშობელს არ უგრძვნია თავი დამნაშავედ იმ ფეხბურთის თამაშებისა და საფორტეპიანო სოლოკონცერტების გამოტოვების გამო, რომლებშიც მისი შვილი მონაწილეობდა? როდესაც სამუშაო გრაფიკი მოულოდნელად იცვლება ან კლიენტთან გაუთვალისწინებელი ვიზიტი მოგვეთხოვება, ბუნებრივია, რომ ჩვენი პატარის დაზარალებაზე ვღელავთ.

 

 

თუმცა, როგორ მოქმედებს ჩვენი სამუშაო ჩვენი ბავშვების ცხოვრებაზე? დაახლოებით ორი ათწლეულის წინ, ერთ – ერთ კვლევაში მე და დრექსელის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა – ჯეფ გრინჰაუსმა, ბიზნესში დასაქმებული დაახლოებით 900 25 – დან 63 წლამდე ადამიანი გამოვიკითხეთ, სამუშაოსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის კავშირი გამოვავლინეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ეს ორი ასპექტი, შესაძლოა, ადამიანების მოკავშირეებად ან მტრებად ჩამოყალიბდნენ. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დამსახურებულად გამახვილებული ყურადღების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ხელახლა გავიზაროთ როგორ მოქმედებს მშობლების კარიერა ბავშვებზე – უხილავ მეწილეებზე. ჩვენი კვლევა გვეხმარება გავიგოთ, ჩვენი თავდაპირველი კვლევის შედეგები: რატომ მოქმედებს ბავშვებზე უარყოფითად მშობლის მიერ ყურადღების ხშირად გადატანა ციფრულ ტექნიკაზე და რატომ აისახება სამსახურებრივი სტრესი უარყოფითითად ოჯახურ ცხოვრებაზე.

 

 

კვლევების უმრავლესობა, რომელიც ბავშვებზე მშობლების დასაქმების გავლენას შეისწავლიდა, იკვლევდა იმას, დასაქმებული იყო თუ არა დედა (თუმცა, მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყო, ამ განზომილებით მამების კვლევა), მშობლები სრულ განაკვეთზე მუშობდნენ, თუ მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე, მშობელი რამდენ დროს ატარებდა სამსახურში, როგორ ურთიერთქმდებდა სამსახურში გატარებული დრო ბავშვის განვითარების თავისებურებებთან. ჩვენ ვცადეთ, ჩვენი კვლევა მხოლოდ დროსთან დაკავშირებულ საკითხებს გასცდენოდა და დამატებით შეგვესწავლა სამუშაოსთან დაკავშირებული შინაგანი გამოცდილებები: მშობლების ღირებულებები კარიერის და ოჯახის მნიშვნელოვნებასთან დაკავშირებით, ოჯახურ სივრცეში სამსახურებრივ საკითხებზე ფიქრის გაგრძელება, კარიერაში ემოციური ჩართულობა, სამსახურებრივი გარემოებების კონტროლის განცდა და ქმედების თავისუფლება.

 

 

აღმოჩნდა, რომ მშობლების კარიერის ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ასპექტი ურთიერთქმედებს ბავშვების ქცევის სირთულეებთან, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ძირითადი საზომია. კვლევაში ბავშვის ქცევის შეფასების მზა ჩამონათვალი გამოვიყენეთ: სტანდარტი, რომელიც განვითარების ფსიქოლოგიის სტანდარტია და აქამდე, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის კვლევებში არ გამოუყენებიათ.

 

 

სამწუხაროდ, ამ დრომდე, მშობლების სამსახურებრივი გამოცდილებების (და არა დასაქმების ადგილზე ან მუშაობაში გატარებული დროის) გავლენა ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვლევის ამ სფეროში, პრიორიტეტული არ ყოფილა. მკვლევრებმა ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ, რადგან ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გავლენაა, რომელიც სამუშაოს შეუძლია ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაზე. ქვემოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მოცემული.

 

 

როგორც დედების, ასევე მამების ჯგუფში აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვის ფსიქიკური კეთილდღეობა მეტადაა გამოხატული იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს სწამთ, რომ, დამოუკიდებლად იმისა, რამდენ დროს ატარებენ სამსახურში, პირველ რიგში, ოჯახია მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვები თავს უკეთ გრძნობდნენ იმ შემთხვევაში, თუ მშობლებისთვის სამუშაო ახალი გამოწვევების, შემოქმედებითობის და სიხარულის წყარო იყო, დამოუკიდებლად იმისა, რამდენ დროს ატარებდნენ მუშაობაში და, ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ბავშვები უკეთ გრძნობდნენ თავს, თუ მშობლები მათთან ყოფნას ახერხებდნენ.

 

 

ბავშვები, რომელთა მამებიც სრულად იყვნენ მოცული კარიერაზე ზრუნვით, ხშირად ავლენდნენ ქცევის პრობლემებს. მამის მოცვა კარიერასთან დაკავშირებული აზრებით დასვენების დროს, მისი ფსიქიკური მიუწვდომლობა, მისი არსებობის განცდის ნაკლებობა თუ მისი მოცვა ციფრული დანადგარებით ასევე უარყოფითად აისახებოდა ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში თუ მამა დასაქმებით კმაყოფილებას განიცდიდა, მის შვილს ნაკლები ქცევის პრობლემა ჰქონდა იმისგან დამოუკიდებლად, რამდენი საათის მანძილზე მუშაობდა ის.

 

 

მეორე მხრივ, იმ დედების შვილები, ვისაც მუშაობის დროს ავტორიტეტულობის განცდა აქვს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლიათ, უკეთ გრძნობენ თავს. ანუ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვებზე დადებითაც აისახება, თუ დედას სამუშაოზე მიმდინარე მოვლენების კონტროლის განცდა აქვს. დამატებით, დედები, რომლებიც საკუთარ თავზე ზრუნავდნენ – დროს უთმობდნენ მოდუნებას, თავის მოვლას და ა. შ. და არა იმდენად სახლის საქმეებს, ბავშვებზე დადებითად აისახებოდა მათი ცხოვრების სტილი. გამოდის, რომ არა იმაშია საქმე, დედები რამდენ დროს ატარებენ მუშაობაში, არამედ იმაში, როგორ იყენებენ თავისუფალ დროს. თუ დედები არ იყვნენ შვილებთან განსაზღვრული დროის მანძილზე, მაგრამ შეეძლოთ საკუთარ თავზე ზრუნვა, მაშინ შვილებისთვის ამას უარყოფითი შედეგი არ მოჰყვებოდა. თუმცა, თუ დედები თავისუფალ დროს მოცულნი იყვნენ სახლის საქმეებით, მათი შვილები ქცევის სირთულეებს ავლენდნენ.

 

 

მამისა და დედის ტრადიციული როლი, რა თქმა უნდა, იცვლებოდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ ექსპერიმენტის ჩატარება დავასრულეთ. თუმცა, მშობლობის პასუხისმგებლობების ტვირთს, ძირითადად, ისევ დედები ატარებენ. ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ სახლის საქმეებზე ზრუნვის ნაცვლად, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დროის გამოყოფა აძლიერებდა დედის უნარს, ბავშვზე ეზრუნა, ხოლო მამებს უკეთესი გამოცდილებების გაზიარება შეეძლოთ შვილებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავისუფალ დროს მოცულნი არ იყვნენ სამსახურთან დაკავშირებული საქმიანობით.

 

 

კარგი ამბავი ისაა, რომ სამსახურებრივი თუ კარიერული ცხოვრების ზემოთ დასახელებული განზომილებები, ნაწილობრივ მაინც, მშობლების კონტროლის ქვეშაა. შესაბამისად, მათვე შეუძლიათ ეს განზომილებები ცვალონ. ჩვენ გაოცებული ვიყავით შემდეგი აღმოჩენით – მშობლის მიერ სამსახურში გატარებული დრო და ბავშვზე ზრუნვაში გატარებული დრო – ეს ორი ცვლადი, რომელთა შეცვლა, თანამედროვე ეკონომიკური და ინდუსტიული გარემოს გათვალისწინებით, რთულია, გავლენას არ ახდენს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასე რომ, თუ ჩვენ გვაღელვებს ის, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჩვენი კარიერა, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვორიენტირდეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც კარიერას ვანიჭებთ და ვცადოთ შემოქმედებითი გზების მოძიება, რათა ჩვენი შვილებისთვის მეტად მისაწვდომი ვიყოთ, თუმცა, არა გატარებული საათების რაოდენობის გაზრდის, არამედ გატარებული დროის ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე. ხარისხი მნიშვნელოვანია.

                

 

სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

 

 

წყარო: აზროვნების აკადემია

 

 

big_banner
არქივი