logo_geo
რატომ არ ემუქრება ქსელურ მარკეტებს პროდუქციის დეფიციტი
- +

20 მარტი. 2020. 20:32

 

 

მაღაზიის დაცარიელებული დახლების კადრების სოციალურ ქსელებში გავრცელებამ საზოგადოება უარესად დააბნია.

 

აღნიშნულის საპასუხოდ სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ გაისმა მოწოდებები სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელების მიმართ, რომ მოსახლეობამ პროდუქციის დეფიციტი არ იგრძნოს და ფასიც იყოს შესაბამისი. ორიოდე დღის წინ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალური შეხვედრაც გამართა ქსელური მაღაზიების ხელმძღვანელებთან და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის ორივე მხარე დადასტურებით აცხადებს, რომ ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. უფრო დეტალურად, თუ რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბაზარზე, კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი გვესაუბრება.

 

რა მდგომარეობაა ზოგადად ჰოლდინგში და როგორ შეხვდით მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს?

 

სს„ნიკორას“ ყველა შვილობილ კომპანიაში მშვიდი ვითარებაა. ვაგრძელებთ მუშაობას. კარგად ვაცნობიერებთ, შექმნილ სიტუაციაში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოებისა და სავაჭრო ქსელის გამართულ მუშაობას, მომარაგების უწყვეტ ჯაჭვს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას და ყველა საჭირო პროდუქტი ადგილზე დახვდეს.

 

წარმოების მიმართულებით, ნედლეულის მარაგები საკმარისია? ხომ არ გაიზარდა რომელიმე კონკრეტული პროდუქტის წარმოება მოთხოვნის ზრდის გამო?

 

ნედლეულის მარაგი, როგორც ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, ასევე რძის ნაწარმის, თევზეულისა თუ პურფუნთუშეულის მიმართულებით, საკმარისი გვაქვს. არანაირი დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება, გაიზარდა თუ არა ჩვენს მიერ წარმოებული რომელიმე კონკრეტული პროდუქტის წარმოება განსაკუთრებულად, გიპასუხებთ, რომ არა. ზოგადად, თანაბრად არის გაზრდილი მოთხოვნა პროდუქციაზე.

 

მოსალოდნელია თუ არა „ნიკორა სუპერმარკეტებში“ შემოტანილი, იმპორტირებული პროდუქტების დეფიციტი?

 

„ნიკორა სუპერმარკეტებში“ პროდუქტების მარაგების მხრივ დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. მომხმარებელს ვარწმუნებთ, რომ პანიკის საფუძველი არ აქვთ და დიდი შესყიდვების საჭიროებაც არ არსებობს. როგორც ჩვენს მიერ, ასევე ადგილობრივი დისტრიბუტორების მიერ იმპორტირებულ პროდუქტებზე, რომლებზეც ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა, რამდენიმეთვიანი მარაგი გაგვაჩნია. აღნიშნული ეხება როგორც ჩვენს ცენტრალურ, ასევე მომწოდებლების საწყობებს.

 

ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნის შემთხვევაშიც არ იქნება შეფერხება. მთავრობის ხელშეწყობით პროდუქცია მაინც შემოვა. სახმელეთო ტრანსპორტის გარდა მაქსიმალურად ვიყენებთ სარკინიგზო ხაზსაც.

 

მოსალოდნელია თუ არა ფასების ზრდა?

 

„ნიკორას“ მიერ წარმოებულ, ასევე ჩვენს მიერ იმპორტირებულ პროდუქტებზე ვინარჩუნებთ ფასებს და არ ვაძვირებთ. რაც შეეხება ადგილობრივი დისტრიბუტორების მიერ იმპორტირებულ სხვა პროდუქციას, ძალიან მნიშვნელოვანია მათი პოზიცია. თუკი ადგილობრივი მომწოდებლები ფასებს არ გააძვირებენ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოვახდენთ თაროებზე ფასების გაძვირებას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უახლოეს პერიოდში, ისინიც არ გეგმავენ მსგავს ნაბიჯს.

 

რამდენად მზად ხართ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის?

 

ჩვენი პირველადი დანიშნულებაა პროდუქციის წარმოება/მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის, რათა მომხმარებელს არ შეექმნას დისკომფორტი. ამიტომ ნებისმიერ ვითარებაში, ვიწრო ბიზნეს ინტერესების გვერდით გადადებით, მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენი ფუნქციის შესრულებას.

 

შექმნილ სიტუაციაში, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვას, საავაადმყოფოებს, აფთიაქებს, კვების წარმოების დარგს, სასურსათო მარკეტებს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი როლი შექმნილ სიტუაციაში, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და მაქსიმალურად ცდილობენ გვერდში დაუდგნენ საზოგადოებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი