logo_geo
მოძალადე ადამიანებს უფრო პატარა ტვინი აქვთ
- +

22 მარტი. 2020. 21:36

 

 

ბრიტანელი, ამერიკელი და ახალზელანდიელი მკვლევარების ჯგუფმა დადგინა, რომ ანტისოციალური ქცევით გამორჩეულ ზრდასრულ ადამიანებს თავის ტვინის ცალკეული უბნები უფრო მცირე ზომის აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ამგვარი ქცევა არ ახასიათებს.

 

 

ითვლება, რომ ყოველი ოთხიდან ერთი ადამიანი ბავშვობასა და მოზარდობის ასაკში თუნდაც ერთ ანტისოციალურ საქციელს სჩადის, იქნება ეს ქურდობა, ბულინგი თუ ძალადობა. დროსთან ერთად უმრავლესობა გამოსწორების გზას ადგება, თუმცა, მოსახლეობის 10 პროცენტი საზოგადოებისთვის მიუღებელ ქცევას ზრდასრულ ასაკშიც აგრძელებს.

 

 

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით ექვსასზე მეტი ადამიანის თავის ტვინის შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც ანტისოციალურ ქცევას მთელი ცხოვრების განმავლობაში ავლენს, ტვინის 360 უბნიდან 282-ის ზედაპირის ფართობი უფრო მცირე ზომის აქვს, ვიდრე დანარჩენებს. ამასთანავე, ეს ცვლილება ტვინის იმ უბნებს ეხება, რომლებიც აღმასრულებელ ფუნქციებზე, მოტივაციასა და აფექტურ ქცევაზეა პასუხისმგებელი.

 

 

"ტვინის განსხვავებული სტრუქტურის გამო ამ ადამიანებს სოციალური ადაპტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება უჭირთ. ვფიქრობ, ისინი მეტ გაგებასა და მხარდაჭერას იმსახურებენ", - აცხადებს გამოცემაში The Lancet Psychiatry გამოქვეყნებული ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მკვლევარი კრისტინა კარლისი

 

 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მთელი ცხოვრების განმავლობაში ანტისოციალური ქცევით გამორჩეული ადამიანები ტვინის სტრუქტურული განსხვავებებით იბადებიან, თუ მათი ტვინის უბნების ზომა ასაკთან ერთად იცვლება. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ეს ცხოვრების წესით, კვების რეჟიმით, მავნე ჩვევებით ან სხვა ფაქტორებით იყოს განპირობებული. მათი თქმით, ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება სასარგებლო იქნება ანტისოციალური ქცევის მქონე პირებისთვის სწორი დიაგნოზის დასმის, მათი მკურნალობისა და სოციალური ადაპტაციისთვის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი