logo_geo
6 მითი კორონა ვირუსზე
- +

29 მარტი. 2020. 18:03

 

 

ბოლო დროს არაერთი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება კორონა ვირუსსა და მისგან თავის დაცვის გზებზე. The Guardian-მა ამ მოსაზრებათაგან ყველაზე აქტუალურები ამოარჩია, რათა ენახა, რამდენად დგას მათ უკან ფაქტებით გამყარებული სიმართლე.

 

  1. მოსაზრება: "ეს ვირუსი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპზე საშიში არაა"

ახალი კორონა ვირუსისგან, იმავე COVID-19-ისგან ბევრ დაინფიცირებულს სეზონური გრიპის სიმპტომებზე უარესის გადატანა ნამდვილად არ უწევს. თუმცა დაავადების ზოგადი ხასიათი, მათ შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სეზონურ გრიპზე სერიოზულ ვირუსზე მიუთითებს.

 

დაავადების გავრცელების პირველ ეტაპზე სიკვდილიანობის დაფიქსირებული მაჩვენებელი, შესაძლოა, უფრო გაზვიადებული იყოს, რადგან არის შანსი, რომ მსუბუქ ფორმებში გამოვლენილი დაავადების ბევრი შემთხვევა უბრალოდ არ აღინუსხება. თუმცა ამ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ COVID-19-ის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა. ბრიუს ეილვორდმა, რომელიც ჩინეთში საერთაშორისო და საგანგებო მისიით იმყოფებოდა, რათა მეტი შეეტყო ვირუსზე და ქვეყნის საპასუხო ქმედებებზე, განაცხადა, რომ არაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, თითქოს ჩვენ მხოლოდ აისბერგის წვერს ვხედავთ. თუ ეს დამატებითი კვლევის შედეგებითაც დადასტურდება, უკვე შეგვეძლება იმის თქმა, რომ სიკვდილიანობის ამჟამინდელი მაჩვენებელი — დაახლოებით 1% — ზუსტია. ეს კი იმის დასტური იქნება, რომ COVID-19 დაახლოებით ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე სეზონური გრიპი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში 290 ათასიდან 650 ათასამდე ადამიანს კლავს

  1. მოსაზრება: "დაავადება სასიკვდილო მხოლოდ ხანდაზმულებისთვისაა, ამგვარად ახალგაზრდებს საზრუნავი არ აქვთ"

მეტწილად, ხალხს, რომელიც არც ასაკოვანია და არც ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს, COVID-19-ით კრიტიკულად დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრება. თუმცა მაინც დიდი შანსია, რომ დაავადება სეზონურ გრიპზე უფრო სერიოზულ რესპირატორულ სიმპტომებში გადაიზარდოს. ამასთანავე, არსებობენ სხვა ტიპის რისკ-ჯგუფებიც — მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში მომუშავეები, რომლებიც უფრო დაუცველნი არიან, რადგან დაინფიცირებულებთან პირდაპირი შეხება აქვთ ხოლმე.

 

ჯანსაღი ახალგაზრდების ქმედებები, მათ შორის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ქონისას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა და კარანტინისას დასაცავი ინსტრუქციების მიყოლა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებასა და დაავადების გავრცელების მთლიანი ტრაექტორიის ფორმირებაში.

 

  1. მოსაზრება: "სამედიცინო ნიღაბი არაფერს აკეთებს"

 

რასაკვირველია, სამედიცინო ნიღაბი ვირუსისგან თავის არიდების უპირობო გარანტი არ არის — ვირუსებს თვალში შეღწევაც შეუძლიათ და გადადიან ისეთი უმცირესი ვირუსული ნაწილაკებით, ეგრეთ წოდებული აეროზოლებით, რომლებსაც ნიღბებში შეჭრაც ძალუძთ. მიუხედავად ამისა, ნიღბები ეფექტიანი თავდაცვის საშუალებაა შედარებით მოზრდილი წვეთებით გავრცელებული ბაქტერიებისგან, რაც კორონავირუსის გადადების უმთავრესი წყაროა. ასევე, რამდენიმე კვლევით დასტურდება, რომ, უხეში შეფასებით, სამედიცინო ნიღაბი ხუთჯერ ზრდის თავდაცვის ხარისხს. თუკი ინფიცირებულთან გიწევთ პირდაპირი კონტაქტი, ნიღაბი ამცირებს დაავადების გადაცემის რისკს. ხოლო თუ უბრალოდ ქალაქში დადიხართ და სხვებთან ახლო კონტაქტი არ გაქვთ, ნიღბის ტარებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

 

  1. მოსაზრება: "ვირუსის გადასადებლად დაინფიცირებულ ადამიანთან 10 წუთის გატარებაა საჭირო"

გრიპის შემთხვევაში ზოგიერთი საავადმყოფოს მიერ დადგენილი გზამკვლევი გვეუბნება, რომ დაინფიცირებულ ადამიანთან, რომელიც ახველებს ან აცემინებს, ორ მეტრზე უფრო მიახლოება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში მიზანშეწონილი არაა. თუმცა დაინფიცირება შესაძლოა უფრო მოკლეხნიანი კონტაქტითაც მოხდეს ან სულაც მყარი ზედაპირებიდან მოხვდეს ბაქტერიები თქვენს ორგანიზმში, მაგრამ ამ გზით ვირუსის გავრცელება უფრო იშვიათია.

 

  1. მოსაზრება: "ვაქცინა შესაძლოა რამდენიმე თვეში იყოს მზად"

 

მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გამოვლენისთანავე დაიწყეს ვაქცინაზე მუშაობა, რაშიც მათ დიდად დაეხმარა ის ფაქტი, რომ ჩინელმა კოლეგებმა სწრაფად მოახერხეს ვირუსის გენეტიკური კოდის გაშიფვრა. მას შემდეგ ეფექტიანი ვაქცინის შექმნის პროცესი სწრაფი ტემპით გრძელდება და რამდენიმე ჯგუფი უკვე ატარებს ცდებს ცხოველებზე. მიუხედავად ამისა, იმ დამატებით ცდებს, რომლებიც ვაქცინის ბაზარზე გამოტანამდე უნდა განხორციელდეს, ერთობ დიდი დრო სჭირდება. მაგრამ ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გამოირიცხოს გვერდითი ეფექტები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელმისაწვდომი ვაქცინის შესაქმნელად ერთი წელიც კი მოკლე დრო იქნება.

 

  1. მოსაზრება: "პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ვეღარაფერს მოვიმოქმედებთ"

პანდემია განმარტებულია როგორც მდგომარეობა, როდესაც ახალი დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება — თუმცა ის ზუსტი წერტილი, რომლის შემდეგაც ამ მდგომარეობის გამოცხადება მართებულია, ფაქტობრივად, არ არსებობს. რეალურად, ის ზომები, რაც ახლაა მიღებული, პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში არ შეიცვლება. დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ნაბიჯები ვირუსის უბრალოდ ერთიანად მოსპობას არ გულისხმობს. დაავადების გავრცელების შეფერხება და ეპიდემიის პიკის შემცირება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ჯანდაცვის სისტემებს უკეთ შეეძლებათ, პაციენტების მოულოდნელად გაზრდილ ნაკადებს გაუმკლავდნენ.

 

თარგმანი: გიორგი მუზაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი