logo_geo
რატომ არიან ღამურები პანდემიისას პირველი ეჭვმიტანილები?
- +

29 მარტი. 2020. 18:34

 

 

უხანის კორონავირუსის წყარო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, შესაძლოა, ის ღამურებისგან გავრცელებულიყო. ექიმი პიტერ დასზაკი, რომელიც უკვე 15 წელია ჩინეთში ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელებულ ვირუსებს შეისწავლის, შემდეგ კომენტარს აკეთებს:

 

"ვირუსის წარმომავლობა ჯერ არ ვიცით, მაგრამ მტკიცე საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მის წყაროს ღამურები წარმოადგენენ". დასზაკის თქმით, დაავადების გავრცელებაში ეჭვმიტანილი ღამურის ერთ-ერთი, ჩინეთში გავრცელებული სახეობაა (Rhinolophus sinicus).

 

თუ დასზაკი არ ცდება, ახალი კორონავირუსი ერთ-ერთი იქნება იმ ეპიდემიათა რიცხვში, რომელთა წყაროც ღამურები გამხდარან. ვუხანის ვირუსის გავრცელებამდე მსოფლიომ არაერთი ვირუსული ინფექცია იხილა, რომელიც ადამიანებზე ღამურებიდან გავრცელდა.

 

ღამურები მრავალი სხვადასხვა ვირუსის გადამტანები არიან. მათ უკავშირდებათ მარბურგის, ნიპაჰის და ჰენდრას ვირუსები, რომლებმაც, მალაიზიაში და ბანგალდეშში არაერთი ადამიანი იმსხვერპლეს. მიიჩნევა, რომ ღამურებს ებოლას ვირუსიც გადააქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციები ადამიანებისთვის ძალიან საშიშია, როგორც ჩანს ისინი ღამურებს ვერაფერს აკლებენ.

 

ვირუსებისადმი ასეთი ტოლერანტულობა ღამურის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, რომელსაც ცხოველთა სამყაროში ანალოგი არ ჰყავს. თუმცა, ვირუსებისადმი მდგრადობა ღამურის ერთადერთი უნიკალური მახასიათებელი არ არის.

 

ღამურა ერთადერთი მფრინავი ძუძუმწოვარია დედამიწაზე და თან ძალიან გავრცელებული — ისინი ძუძუმწოვრების სახეობათა 1/4-ს შეადგენენ.

 

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ღამურის ვირუსული ინფექციებისადმი მდგრადობის შესწავლას. ახალი კვლევის მიხედვით, ფრენის უნარის განვითარებასთან ერთად, ღამურის იმუნურმა სისტემამ უნიკალური ადაპტაცია გამოიმუშავა.

 

2018 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში ჩინელმა მეცნიერებმა ღამურის დნმ შეისწავლეს, უფრო კონკრეტულად კი ერთი საინტერესო გენეტიკური მექანიზმი — "დნმ სენსინგი".

 

ცხოველებში დნმ ძირითადად უჯრედში ინახება, თუმცა ხანდახან, უჯრედის გაყოფისას ან პათოგენის მიერ გამოწვეული ძლიერი ანთებითი პროცესის დროს, ნარჩენი დნმ შეიძლება უჯრედშორის სივრცეში აღმოჩნდეს, ანუ იქ, სადაც ის არ უნდა იყოს. ამ დროს აქტიურდება უჯრედის იმუნური რეაქცია — ორგანიზმი დნმ-ის ნარჩენებს უცხო სხეულად, პათოგენად აღიქვამს და მის თავიდან მოცილებას ცდილობს. სწორედ ამ იმუნურ პასუხს ეწოდება "დნმ სენსინგი".

 

ეს მექანიზმი უამრავ ძუძუმწოვარს აქვს, მათ შორის ღამურასაც. განსხვავება ის არის, რომ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებსაც "უადგილო" დნმ-ზე ძალიან მწვავე და მყისიერი იმუნური პასუხი უაქტიურდებათ, ღამურების იმუნიტეტი ბევრად "ზომიერად" იქცევა. როგორც ჩანს, უჯრედშორის სივრცეში მიმოფანტული დნმ ღამურებს ნაკლებად აწუხებთ.

 

არასწორ ადგილას აღმოჩენილი დნმ-ისადმი ღამურების ინდიფერენტულობას მეცნიერები ევოლუციურად ხსნიან:

 

ფრინველებთან შედარებით, ღამურები ფრენაში ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავენ. მსგავსი დატვირთვა მათ სხეულში მუდმივ ანთებით პროცესებს იწვევს, რაც დნმ-ს აზიანებს. ამიტომ, დაზიანებული დნმ-ის ნარჩენები უჯრედშორის სივრცეში ხშირად იჟონება.

 

 

 

სხვა ძუძუმწოვრებში, უადგილო დნმ-ზე იმუნური პასუხი ბევრად მძლავრია, გადაჭარბებული იმუნური პასუხს კი ცხოველი ხშირად სიკვდილამდე მიჰყავს, ღამურებში ეს მექანიზმი სხვაგვარად მუშაობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღამურის ორგანიზმი ამ შემთხვევაში უფრო ზომიერად იქცევა, რაც ვირუსებისადმი მყისიერი, "გადაჭარბებული" პასუხის გამოვლენას ზღუდავს.

 

ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში, ჩინელი მკვლევრები ეჭვობდნენ, რომ ჩინეთში მალე კორონავირუსის ეპიდემია დაიწყებოდა, რომლის წყაროც ღამურები იქნებოდნენ.

 

"ზოგადად მიჩნეულია, რომ ღამურებიდან წამოსული კორონა ვირუსები ახალ ინფექციურ აფეთქებას გამოიწვევენ. ამის ყველაზე დიდი შანსი კი ჩინეთშია" — ნათქვამია კვლევაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსული ინფექციების გავრცელებას ხშირად მღრღნელები და ჩიტებიც ახერხებენ ხოლმე, მთავარ ეჭვმიტანელებად მეტწილად მაინც ღამურები ითვლებიან. იმიტომ, რომ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ღამურები უპრეცედენტოდ დიდ კოლონიებად ცხოვრობენ, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს. თანაც ფრენით ისინი ძალიან დიდ მანძილებს ფარავენ.

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მღრღნელისგან და ფრინველისგან განსხვავებით, ღამურები ძალიან დიდ ხანს ცხოვრობენ, მაგალითად, ზოგი სახეობა 40 წლამდეც ცოცხლობს.

 

მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ხალხი ღამურებს ჭამს ან მის ხორცს ყიდის. ჩინეთში, ეს განსაკუთრებით ხშირი პრაქტიკაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ღამურების პოპულაციის მონიტორინგი, რათა შემდეგი ეპიდემიისთვის მზად ვიყოთ.

 

დასზაკის თქმით, მომავლის ეპიდემიების შესაჩერებლად და შესამსუბუქებლად აუცილებელია, რომ ღამურების საკვებად გამოყენება შეწყდეს

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი