logo_geo
რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა ახალ კორონა ვირუსზე, UNICEF-ის რჩევები
- +

30 მარტი. 2020. 14:10

 

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული მღელვარება აისახება ბავშვებზეც. უფროსებისგან განსხვავებით, ხშირ შემთხვევაში, მათ უჭირთ ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სწორად აღქმა. იმისათვის, რომ ბავშვებმა ახალი კორონავირუსის გამო ნაკლები იდარდონ და თან ვირუსის პრევენციის ჩვევები გამოიმუშაონ, გაეროს ბავშვთა ფონდმა რამდენიმე რჩევით მშობლებს მიმართა.

 

 

 

დაუსვით ღია კითხვები და მოუსმინეთ

 

იყავით გულწრფელი: აუხსენით სიმართლე ბავშვისთვის გასაგები ფორმით

 

აჩვენეთ ბავშვებს, როგორ დაიცვან თავი და მეგობრები

 

დაამშვიდეთ

 

შეამოწმეთ, ხომ არ არიან თქვენი ბავშვები სტიგმის მსხვერპლი ან გამავრცელებელი

 

მოძებნეთ დამხმარეები

 

გაუფრთხილდით თქვენს თავს

 

დაასრულეთ საუბრები ყურადღების გამოვლენით

 

 

 

დაუსვით ღია კითხვები და მოუსმინეთ

 

პირველ რიგში შეეცადეთ გაიგოთ, რა იციან თქვენმა შვილებმა ახალ კორონავირუსზე. საუბრის წამოსაწყებად სასარგებლო იქნება ხატვა, ამბების მოყოლა და აქტივობები. დაარწმუნეთ, რომ ბუნებრივია ასეთ დროს ადამიანს შიშის გრძნობა ჰქონდეს. ყურადღების გამოჩენით დაარწმუნეთ ისინი, რომ ამ თემაზე ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვენთან და მასწავლებელთან საუბარი.

 

 

 

იყავით გულწრფელი: აუხსენით სიმართლე ბავშვისთვის გასაგები ფორმით

 

ბავშვებს ახალ კორონავირუსზე მათი ასაკისთვის შესაფერისი ენით ესაუბრეთ. თუ მათ შეკითხვებზე პასუხები არ გაქვთ, არ სცადოთ პასუხის გამოცნობა. ერთად მოიძიეთ ინფორმაცია, მათ შორის ისეთ სანდო წყაროებზე, როგორებიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. აუხსენით ბავშვებს, რომ ინფორმაციის მიღების ყველაზე კარგი გზაა, ვენდოთ ექსპერტებს.

 

 

 

აჩვენეთ ბავშვებს, როგორ დაიცვან თავი და მეგობრები

 

ასწავლეთ ბავშვებს ხელების რეგულარული დაბანა. ასევე აჩვენეთ, ხველების ან დაცემინებისას როგორ დაიფარონ პირი მოხრილი მკლავით. აუხსენით პატარებს, რომ არ მივიდნენ ახლოს პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. სთხოვეთ, გაგაგებინონ, თუ ტემპერატურის მატებას გრძნობენ, ახველებენ, ან სუნთქვა უჭირთ.

 

 

 

დაამშვიდეთ

 

დაეხმარეთ ბავშვებს სტრესთან გამკლავებაში. უთხარით, რომ დიდი ალბათობით ისინი არ დაავადდებიან. აუხსენით, რომ დაავადება უმრავლესობას შედარებით იოლად გადააქვს და ბევრი უფროსი ადამიანი შრომობს იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი უსაფრთხოდ იყოს. დაარწმუნეთ, რომ, თუ საჭიროა, სახლშიც უნდა დარჩეს, რომ წესების თანმიმდევრულად დაცვა ყველას უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ არიან თქვენი ბავშვები სტიგმის მსხვერპლი ან გამავრცელებელი

 

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოში ვრცელდება რასისტული დისკრიმინაციის ფაქტებიც. აუხსენით თქვენს შვილებს, რომ კორონავირუსი არ არჩევს, როგორ გამოიყურება, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს და რა ენაზე ლაპარაკობს ადამიანი.

 

 

 

მოძებნეთ დამხმარეები

 

მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. მოუყევით მათ ამბები ჯანდაცვის მუშაკებზე, მათზე, ვინც თავდაუზოგავად შრომობენ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად.

 

 

 

გაუფრთხილდით თქვენს თავს

 

თქვენც მშვიდად იყავით. გამოყავით დრო ისეთი რაღაცეების საკეთებლად, რაც დაწყნარებასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. როცა თქვენ მშვიდად ხართ და მდგომარეობას აკონტროლებთ, ბავშვებიც მშვიდად იქნებიან.

 

 

 

დაასრულეთ საუბრები ყურადღების გამოვლენით

 

 

 

საუბრების დასასრულისთვის, ყოველთვის ეცადეთ შეაფასოთ შეძელით თუ არა ბავშვების დამშვიდება. დააკვირდით ჩვეულებრივი ხმით გელაპარაკებიან თუ არა და როგორ სუნთქავენ.

 

 

 

აუხსენით თქვენს შვილებს, რომ ყოველთვის შეუძლიათ გესაუბრონ რთულ თემებზე. შეახსენეთ, რომ მათზე ზრუნავთ და ნებისმიერ დროს მოუსმენთ, როცა შეშფოთებულები არიან.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი