logo_geo
გლობალურმა კარანტინმა დედამიწის მოძრაობა ოდნავ შეცვალა
- +

1 აპრილი. 2020. 21:42

 

 

 

კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. ვირუსის შესაჩერებლად მიღებულმა ზომებმა შეიძლება, გავლენა პლანეტის მოძრაობაზეც იქონიოს — ცოტათი შეანელოს. დედამიწის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერთა ცნობით, შემცირდა სეისმური ხმაური — პლანეტის ქერქიდან მომდინარე ყრუ ვიბრაციები. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს სატრანსპორტო ქსელებისა და ადამიანთა სხვა საქმიანობების შეჩერება. მკვლევართა განცხადებით, ამ ფაქტის წყალობით, დეტექტორებს ახლა უკვე უმცირესი მიწისძვრების დაფიქსირებაც შეუძლიათ; გარდა ამისა, უკეთესად არის შესაძლებელი ვულკანური აქტივობისა და სხვა სეისმურ მოვლენათა მონიტორინგი.

 

 

სეისმური ხმაურის შემცირება ბრიუსელის სამეფო ობსერვატორიამ შენიშნა; იქ მოღვაწე სეისმოლოგის, ტომას ლეკოკის განცხადებით, ხმაურის ასეთი შემცირება მხოლოდ შობის დღეებში ხდება და ისიც ცოტა ხნით.

 

 

ბუნებრივი მოვლენების, მაგალითად, მიწისძვრების მსგავსად, დედამიწის ქერქის მოძრაობას მანქანებისა და სხვა სამრეწველო დანადგარების მოძრაობაც იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური წყაროს ეფექტი შეიძლება უმნიშვნელო იყოს, ისინი ერთობლივად წარმოქმნიან ფონურ ხმაურს, რომელიც სეისმოლოგებს ამავე სიხშირეში მომხდარი სხვა სიგნალების დაფიქსირებაში ხელს უშლის.

 

ლეკოკის განცხადებით, ობსერვატორიის სეისმომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ ბრიუსელში მიღებულმა ზომებმა ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული სეისმური ხმაური ერთი-მესამედით შეამცირა. ამ ზომებს 14 მარტს დახურული სკოლები, რესტორნები, საჯარო ღონისძიებები და ყველა არაგადაუდებელი მოგზაურობის აკრძალვა.

 

 

ხმაურის შემცირებამ გააძლიერა ობსერვატორიის აღჭურვილობის მგრძნობელობა, გააძლიერა მისი უნარი, დააფიქსიროს ტალღები სიხშირის იმავე მაღალ დიაპაზონში, რომელშიც ეს ხმაურია მოქცეული. ობსერვატორიის ზედპირის სეისმომეტრი ახლა იმდენად მგრძნობიარეა, როგორც მისი „კოლეგა“, 100 მეტრის სიღრმეში ჩამარხული სეისმომეტრი, რომელიც მცირე ბიძეგბსა და მაღაროების აფეთქებებს აფიქსირებს.

 

 

ვაშინგტონის გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტის სეისმოლოგის, ენდი ფრასეტოს განცხადებით, თუკი გლობალური კარანტინი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა, ქალაქებში განთავსებულ დეტექტორებს მთელ მსოფლიოში, უჩვეულოდ კარგი შესაძლებლობა ექნებათ, რომ დააფიქსირონ მიწისძვრების წარმოქმნის ადგილი და აფთერშოკები.

 

 

ხმაურის შემცირება ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს იმ სეისმოლოგებისთვის, რომლებიც ბუნებრივ ფონურ ვიბრაციებს, მაგალითად, ოკეანის ტალღების შედეგად წარმოქმნილს, იყენებენ დედამიწის ქერქის შესასწავლად. იმის გამო, რომ ვულკანური აქტივობა და წყლის შემადგენლობის ცვლილება გავლენას ახდენს ბუნებრივი ტალღების მოძრაობის სიჩქარეზე, მეცნიერებს ამ მოვლენების შესწავლა იმაზე დაკვირვების გზით შეუძლიათ, თუ როდის მიაღწევს ტალღა მოცემულ დეტექტორთან. ლეკოკის თქმით, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ხმაურის შემცირებამ ამავე სიხშირეებში შეიძლება გაზარდოს ამ დეტექტორების მგრძნობელობა ბუნებრივი ტალღებისადმი. საუკეთესო შანსია ზუსტი გაზომვებისთვის“, ამბობს იგი.

 

 

გლობალური კარანტინის გამო გამოწვეული ხმაურის შემცირება, ბელგიელების გარდა, მსოფლიოს სხვა სეისმოლოგებმაც შენიშნეს. თუმცა, ამ უჩვეულო ეფექტით სარგებელს ყველა სადგური როდი ნახავს. საქმე ის არის, რომ მრავალი სადგური მიზანმიმართულად არის განთავსებული მოშორებულ ზონებში ან ღრმა ჭაბურღილებში, რათა თავიდან აიცილონ ადამიანთა ხმაური.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი